Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ეროვნული აკადემია სამოქალაქო მმართველობაში გადადის


თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები
თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები
გასულ კვირაში სამხედრო უწყებაში ყველაზე ექსტრავაგანტური დანიშვნა მოხდა. არმიის ერთადერთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიას არსებობის 17 წლის განმავლობაში სათავეში პირველად ჩაუდგა სამოქალაქო პირი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კონსერვატიულად განწყობილი სამხედროების ფენა თავდაცვის აკადემიას საბოლოოდ გამოიტირებს, თუმცა პროგრესული ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უარესი შეუძლებელია და იმედით ელოდებიან ანდრო ბარნოვის პროგრამის პრეზენტაციას და მის პირველ ნაბიჯებს.

ანდრო ბარნოვი, ერთ-ერთი მძიმეწონოსანი ქართველი ექსპერტი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, 30 ნოემბრიდან თავდაცვის ეროვნული აკადემიის მეთაური გახდა. არავინ იცის რამდენი მეთაური გამოიცვალა არსებობის 17 წლის განმავლობაში ერთადერთმა უმაღლესმა სამხედრო სასწავლებელმა, მაგრამ სამოქალაქო პირი აკადემიას მეთაურად არ ჰყოლია. შესაბამისად, ანდრო ბარნოვის დანიშვნა ამ პოსტზე გამოწვევაა მისთვისაც და გამოწვევაა თავად სამხედრო უწყებისთვისაც.
ანდრო ბარნოვი თავისუფალ აზროვნებას და მოქმედებას მიჩვეული ანალიტიკოსი და საექსპერტო წრეებში ანგარიშგასაწევი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეა, რომლის გამოცდილება და უნარი, შესაძლოა, ფუჭად გაიფლანგოს იერარქიულ სტრუქტურაში, სადაც ყველაფერი ემორჩილება უფროსის ბრძანებას და ჯანსაღი ინიციატივაც კი ზოგჯერ უარყოფით ემოციებს იწვევს. თუმცა ანდრო ბარნოვმა მიიღო ეს გამოწვევა და, როგორც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წარმატებაშიც დარწმუნებულია:

“ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს - მათ შორის, განათლების სფეროში - და ისე მოხდა, რომ ბოლო დღეებში შევთანხმდით იმაზე, რომ მოვკიდებთ ხელს ამ საქმეს და ვეცდები აკადემია ვაქციო ისეთ სასწავლებლად, - მთელი სამინისტროს, გაერთიანებული შტაბის და შეიარაღებული ძალების თითოეულ წარმომადგენელთან ერთად, - როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩვენს ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით ყველანი ერთად წარმატებულები ამ გზაზე.“

წარმატებისათვის ანდრო ბარნოვს აქვს ძალიან კარგი ბიოგრაფია, სამეცნიერო ცენზი და სამხედრო სფეროში სამოქალაქო სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება. აქვს ნდობა სამხედრო ხელისუფლების მხრიდან, რომელთანაც ანდრო ბარნოვი სამოქალაქო საბჭოს ფორმატში თანამშრომლობდა. შესაბამისად, სამხედრო უწყებისათვის მთავარი გამოწვევაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა მიიღოს აკადემიის ახალი მეთაური ისეთი, როგორიც არის. იოლია მართო პროფესიონალი ოფიცერი, რომელიც მიჩვეულია ბრძანების უსიტყვოდ შესრულებას, ხოლო დისციპლინა ეხმარება იმუშაოს ნებისმიერი მინისტრისა და თუ გენერალური შტაბის უფროსის პირობებში, მაგრამ იოლი არ არის სამოქალაქო საზოგადოებაში, თავისუფალ სივრცეში მოქმედებას მიჩვეული პირის მართვა, რომელიც არგუმენტის ძალას უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე ნაჯახისებურ ბრძანებას.
ეს გარემოება კი, შესაძლოა, თამაშის ახალი წესების დამკვიდრების წინაპირობად იქცეს სამხედრო უწყებაში. ანუ ნაცვლად ჩვეული ვერტიკალისა, - ბრძანება-დაგეგმარება-შესრულება, - მივიღოთ ახალი ვერტიკალი: არგუმენტი-დაგეგმარება-ბრძანება. არის თუ არა ასეთი გარიგება თავდაცვის ეროვნული აკადემიის ახალ რექტორსა და სამინისტროს შორის, ცნობილი არ არის. თუმცა, როგორ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, ეს გამოწვევები გათვალისწინებულია, რაკი დანიშვნა „ურთიერთშეთანხმებით“ მომხდარა:

„ის საკმაოდ დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით. ბოლო წელს განსაკუთრებული ორმხრივი ინტერესი იქნა გამოთქმული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმებისადმი. ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ პატივი გვაქვს, რომ ბატონი ანდრო ჩაუდგეს სათავეში თავდაცვის ეროვნულ აკადემიას და ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანი იქნება, რომ აკადემია იქცეს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, თანამედროვე ინსტიტუტად.“

ანდრო ბარნოვის სამხედრო სფეროში დანიშვნა დანაკლისია სამოქალაქო სექტორისა და მედიისთვის, რომლისთვისაც მას არასოდეს დაუშურებია საექსპერტო კომენტარები მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ თუ სამხედრო პოლიტიკურ საკითხებზე. თუმცა არის იმედი, რომ თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაუმჯობესებას, ხოლო თავად თავდაცვის ეროვნული აკადემია ქართული სამხედრო აზრის განვითარების კერად იქცევა.

იმედი იმედად, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი წარმოუდგენიათ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორს „პრესტიჟული და თანამედროვე ინსტიტუტი“. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლა პოპულარული ნამდვილად არის, მაგრამ არა პრესტიჟული იმ გაგებით, რომ იქ ვერ წააწყდებით სახელმწიფო მოხელეების, პოლიტიკური ელიტის წევრთა, შეძლებული მოქალაქეების და ე.წ. ზეპური საზოგადოების შვილებს. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ კარგი ოფიცრები უფრო ხშირად ტრადიციული სამხედრო ოჯახების ანდა უბრალო მოქალაქეთა შვილები ხდებიან. და ასეთი კარგი ოფიცრების კასტის შექმნას, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ყბადაღებული „თანამედროვე ინსტიტუტი“ სჭირდება, ევროპული რემონტითა და მდიდრული დიზაინით.
ამას სჭირდება სასწავლო პროცესის სწორი დაგეგმვა, სახელმძღვანელოებისა და წესდებების შექმნა, მოტივირებული პედაგოგები, თავდადებული მეთაურები, კარგი სასწავლო და სავარჯიშო ბაზა, მკაცრი დისციპლინა, სულიერ და ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული პატრიოტული აღზრდა, საქმის მოთმინებით მიყოლა და ნაკლები ექსპერიმენტები ციკლიდან - ახალი მინისტრი ნიშნავს ყველაფრის შეცვლას და თავდაყირა დაყენებას. მთელი არსებობის მანძილზე - და განსაკუთრებით ბოლო 7 წელიწადში - სამხედრო სასწავლებლის განვითარებას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ინსტიტუციონალური მეხსიერება, რისმა უგულებელყოფამაც გამოიწვია ის, რომ წამდაუწუმ იცვლებოდა ერთადერთი სამხედრო სასწავლებლის სახელწოდება, ხელმძღვანელობა, დისლოკაციის ადგილი და ოფიცერთა მომზადების სისტემა.

ვითარება ისეთი ქაოტურია, რომ უკვე თავად სამხედრო უწყებაც ვერ ერკვევა, რა თანამდებობაზე დანიშნა ანდრო ბარნოვი: სამხედრო უწყების საიტი მას თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად მოიხსენიებს, თავად თავდაცვის ეროვნული აკადემიის საიტი კი - მეთაურად. არადა, ეს სულაც არ არის უმნიშვნელო დეტალი. დეტალში, როგორც წესი, ეშმაკი იმალება. თუ რა ერქმევა და რა უფლებამოსილებებით აღიჭურვება ანდრო ბარნოვი, ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული გორში, ცხინვალის ქუჩაზე მდებარე თავდაცვის ეროვნული აკადემიის მომავალი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG