Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. კანონპროექტის მიხედვით, შეუძლებელი იქნება გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას, გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს კი საგადასახადო ომბუდსმენი დაიცავს. რატომ გახდა საჭირო ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტის ინიცირება და რა მოლოდინი უკავშირდება მას?

ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტის ინიცირებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაში არსებობს ბევრი ხარვეზი, რასაც გამოსწორება სჭირდება:

„ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო. ჯერაც ბევრია შემთხვევა, როცა სასჯელი იმაზე დიდია, ვიდრე ამას დარღვევა იმსახურებს“.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ამგვარი მიდგომის გამო, მეწარმეთა ნაწილი პერიოდულად უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთი თვის წინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე წვრილმა მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული ჯარიმებისა და საურავების გამო მათ საქმიანობას აზრი ეკარგება. მეწარმეების პრობლემების შესახებ ლაპარაკობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის, თქმით, შემოსავლების სამსახური, როგორც წესი, ყველა საშუალებით ცდილობს ბიუჯეტის შევსებას და არ ითვალისწინებს ბიზნესის ინტერესებს.

„რომელიმე ბიზნესს ან რომელიმე წარმოებას წარმოექმნება თუ არა მიმდინარე დავალიანება, ერთ კვირაში სასამართლოს გადასცემენ და ერთ კვირაში დააყადაღებენ, ტექნოლოგიურ თუ საწარმოო პროცესს ბლოკავენ, აუქციონზე გააქვთ და ასე შემდეგ“, - უთხრა ზურაბ ტყემალაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქმისადმი საგადასახადო სამსახურების ამგვარი მიდგომა უკანასკნელ დღეებს ითვლის. მის მიერ ინიცირებული ეკონომიკის ახალი კურსი ითვალისწინებს ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებასა და საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის შემცირებას. და კიდევ:
ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ნებისმიერი დამატებითი რეგულაციისაგან. ასევე აუცილებელია ქვეყანაში გამოირიცხოს მონოპოლიების არსებობა...

„დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას, ასევე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე მეტად დაცულად გრძნობდეს თავს; დარიცხვის ისეთი მექანიზმების შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს“.

ამასთან, ეკონომიკის ახალი კურსის მიხედვით, კვლავ გაგრძელდება ბიზნესის დაწყებისა და წარმოების გამარტივების პროცესი, რომელიც, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების უცვლელ პრიორიტეტად რჩება:

„ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ნებისმიერი დამატებითი რეგულაციისაგან. ასევე აუცილებელია ქვეყანაში გამოირიცხოს მონოპოლიების არსებობა და, შესაბამისად, მაღალი ფასები. და ნებისმიერი გადაწყვეტილება გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით მიღებული იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით“.

მონოპოლიებთან ბრძოლა მნიშვნელოვან სიახლედ მიაჩნიათ ხელისუფლების ოპონენტებსაც. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გურამ ჩახვაძე ამბობს, რომ ბიზნესის წარმოება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არარსებობის გამო:

გურამ ჩახვაძე
„ამასთან, ამის გამო პრობლემები გვექმნება ევროკავშირთან ურთიერთობაში: ქვეყანაში არ არის ჯანსაღი კონკურენტული გარემო იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუტი და კანონმდებლობა“.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ კანონებთან ერთად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ქცევის თვისებრივი შეცვლა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის თქმით, არაფერი შეიცვლება, თუკი ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ამოცანების შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას:

„თუ ჩვენ ამ ხარჯებზე არ ვიტყვით უარს და გავაგრძელებთ ჩვენი ეკონომიკური რესურსებისადმი მფლანგველურ დამოკიდებულებას, ეს ვერ იქნება (რამე თვალსაზრისით) ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ სიახლე გვჭირდება იმაში, რომ შევეშვათ ბიუჯეტის სახელით ბიზნესების რბევას და განადგურებას“, - უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG