Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე ჟენევის მე-14 რაუნდისთვის ემზადება


ცხინვალი
ცხინვალი
ჟენევის დისკუსიის მე–14 რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ბორის ჩოჩიევს, შეხვდნენ.

ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებს პიერ მორელს, ბოლათ ნურგალიევს და ანტი ტურუნენს ჩოჩიევმა ის საკითხები გააცნო, რომელთა დაყენებას ოსური მხარე ჟენევის დისკუსიაზე გეგმავს.

როგორც ოსური მედია იუწყება, შეხვედრის დასაწყისში ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ ოსური მხარე, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, დისკუსიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. მისი თქმით, ოსური მხარისთვის მთავარ საკითხად ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის მიღება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხის განხილვა რჩება. თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ახალგორში დევნილების დაბრუნების მომხრეა.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ადამიანები, რომლებსაც არ მივიჩნევთ დევნილებად, ისინი საქართველოს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლნი არიან და აიძულეს საკუთარი სახლების დატოვება. მე მხედველობაში ლენინგორის რაიონის მცხოვრებლები მყავს“, – განაცხადა ჩოჩიევმა.

ჩოჩიევმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი გააკრიტიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ დე ფაქტო რესპუბლიკაში იმყოფებოდა და საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება აუცილებელია.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიის განხილვის მთავარ თემად ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების დოკუმენტი რჩება.

“რასაკვირველია, მთავარი პუნქტები ნათელია. ლაპარაკია ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. როგორც ვიცით, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჟენევაში მიმდინარე ჩვენს სამუშაოს. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გავწიეთ, გვეხმარება ძალის გამოუყენებლობისთვის მზაობის შესახებ სხვადასხვა ოფიციალური და იურიდიული განცხადების დადგენაში. რასაკვირველია, გარკვეული უთანხმოება კვლავაც რჩება, მაგრამ ეს მოწმობს, რომ ჟენევის დისკუსიები გარკვეულ პროცესებს აძლევს ბიძგს“, - განაცხადა მორელმა.


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ვიზიტი დევნილთა საცხოვრებლების, მიკრორაიონ ”მოსკოვსკის”, ავნევის ეკლესიისა და ზონკარის წყალსაცავის მონახულებით დაასრულეს. ხუთშაბათს ისინი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ. ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდი კი 16 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG