Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითიმ სროლა აკრძალა


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ საახალწლოდ ავტომატური იარაღიდან სროლა აკრძალა. მან ცოტა ხნის წინ მითითება ძალოვანი უწყებების მინისტრებს მისცა და დაავალა, რომ ახალი წლის ღამეს ალყა შემოარტყან ყველა იმ სახლს საიდანაც სროლის ხმა იქნება და დაიწყონ სპეცოპერაცია იარაღის ამოღების მიზნით. კოკოითის განკარგულებით, ვინც კანონს არ დაემორჩილება ახალ წელს ცხინვალის ციხეში გაატარებს.

კოკოითის ამ განცხადების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოსცა და სროლასთან ერთად ცხინვალში პიროტექნიკის გაყიდვაც აკრძალა. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსის, ნიკოლოზ კაბისოვის, განცხადებით, დაუმორჩილებელ მოქალაქეებს ტელევიზიით აჩვენებენ.

როგორც ცნობილია, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღი დარჩა. არაერთი ბრძანება გაიცა ამ იარაღის ამოსაღებად, მაგრამ კოკოითის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. იყო ორი შემთხვევა, როცა დე ფაქტო რესპუბლიკიდან იარაღის პარტია ჩრდილო კავკასიაში გადაჰქონდათ, მაგრამ ეს მცდელობა რუსმა მესაზღვრეებმა აღკვეთეს. როგორც ჩანს, ცხინვალში იარაღის ამოღებით კრემლიც დაინტერესებულია, რადგან აღურიცხავი იარაღი ვის ხელში აღმოჩნდება გაურკვეველია. თვითონ კოკოითისაც უნდა, რომ იარაღი ყველას ხელში არ ეჭიროს, რადგან მომავალში საით მიმართავენ ამ იარაღს უცნობია. მან დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში კადრებიც კი შეამცირა, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარდა. ცხინვალში ისევ ისვრიან, სროლა კი განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში გაძლიერდება ხოლმე. ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ამ მავნე ტრადიციის დარღვევას ზომების გამკაცრებითა და ტელევიზიის დახმარებით გეგმავს.
XS
SM
MD
LG