Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობა თუ კვაზიმმართველობა?


მიხეილ სააკაშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მარნეულში
მიხეილ სააკაშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მარნეულში
საქართველოს პარლამენტმა ორი თვის წინ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელშიც თვთმმართველობას ცალკე თავი დაეთმო. თვითმმართველობისა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობაზეა ლაპარაკი მთავრობის მიერ ერთი წლის წინ დამტკიცებულ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციაში, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ამ მნიშვნელოვანი სიახლეების მიუხედავად, საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესი მაინც ნელა მიმდინარეობს, ეთნიკური უმცირესობები კი კვლავინდებურად ვერ სარგებლობენ სრულფასოვნად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით. რა ხარვეზები აქვს თვითმმართველობას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში?
რჩება პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტად ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში...

საქართველოში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის თითქმის ოც პროცენტს შეადგენენ. ამასთან, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში გვხვდება რაიონები, სადაც ეთნიკური უმცირესობის წილი 30-დან 80 პროცენტამდე მერყეობს, თუმცა ეთნიკური უმცირესობები ხელისუფლებაში შესაბამისი პროპორციით როდი არიან წარმოდგენილი. ეთნიკური უმცირესობების ეს და სხვა პრობლემები შეუმჩნეველი არ დარჩენია სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს:

”რჩება პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტად ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე ის, რომ ისინი არ არიან ფართოდ წარმოდგენილნი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. გარდა ამისა, კვლავ რჩება გარკვეულ პრობლემად ქართული ენის სწავლება“.

სახელმწიფო ენის უცოდინრობა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არასრულფასოვანი მონაწილეობა - ეს ორი პრობლემა, პირდაპირ თუ ირიბად, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ედუარდ აღასარიანი, სამცხე-ჯავახეთში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი, ამბობს:

„ახალქალაქში და ნინოწმინდაში პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის არცოდნა. კარგი იქნება, თუ იმის საშუალებას კანონი მოგვცემს, რომ კანონები ითარგმნოს. ეს სერიოზული პრობლემაა“.

პრობლემის სირთულეზე მეტყველებს ხელისუფლების ძალისხმევაც: სახელმწიფო ენის შესასწავლად რეგიონებში გაიხსნა უფასო წრეები, შეღავათები დაუწესდათ თბილისიდან რეგიონებში მივლინებულ კვალიფიციურ პედაგოგებს, თუმცა, როგორც მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნო სტეფანიანი ამბობს, ხელისუფლების ეს ძალისხმევა ზედაპირულია და ეთნიკური უმცირესობებიც, როგორც წესი, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან.
სოციალური საკითხების გადაჭრა ასე თუ ისე გამარტივდა, თუმცა ბოლომდე გამბედავები მაინც არ არიან. პოლიტიკურ საკითხს დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ - ეკითხებიან ან ცენტრს, ან მმართველ პარტიას...

„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლებასაც არ აწყობს მოსახლეობის სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. არჩევნების წინ ასე უფრო იოლია პროცესების მართვა ამ რეგიონებში. რაც უფრო გაუნათლებელია მასა, მით უფრო ადვილი სამართავია“, - უთხრა არნო სტეფანიანმა რადიო თავისუფლებას. ამ და სხვა არაერთი მიზეზის გათვალისწინებით, არნო სტეფანიანი ასკვნის, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და რაიონებში თვითმმართველობა ეფექტიანად ვერ მუშაობს:

„სოციალური საკითხების გადაჭრა ასე თუ ისე გამარტივდა, თუმცა ბოლომდე გამბედავები მაინც არ არიან. პოლიტიკურ საკითხს დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ - ეკითხებიან ან ცენტრს, ან მმართველ პარტიას“.

ადგილობრივი ხელისუფლება შედარებით თავისუფალი და დამოუკიდებელია სოციალური და სხვა სახის არაპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას. გადაულახავ პრობლემად აღარც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში საკულტო შენობების აგება ითვლება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ასეთ შემთხვევას იხსენებს:

„დმანისის რაიონის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში ბიუჯეტის სახსრებით აშენდა საბავშვო ბაღი, მაგრამ იმის გამო, რომ სოფლად მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ბავშვების ბაღში მიბარების ტრადიცია არ აქვთ, შენობა უფუნქციოდ დარჩა. მოსახლეობამ გამგეობას მიმართა და ამ შენობაში მეჩეთი გახსნა. მიხარია, რომ ამ შემთხვევაში გამგეობამ მათ ხელი არ შეუშალა“.

ელენე თევდორაძის თქმით, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფო ენის უცოდინრობას და აქედან გამომდინარე პრობლემებს, ყველა ადგილობრივ თემს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთნაირი პრობლემები აქვს. რადიო თავისუფლებას საშუალება ჰქონდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის მოესმინა.

ხანდაზმული კაცი: „პენსია მცირეა, 84 ლარი. ხელფასიც მცირეა. სამუშაოც ხან არის, ხან - არა!“

ახალგაზრდა კაცი: „ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. მეჩეთი, სკოლა - ყველაფერი გვაქვს“.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აღსანიშნავია 2009 წელს დამტკიცებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია, რომლის მიზნების ჩამონათვალში ვკითხულობთ:

„აუცილებელი პირობების შექმნა საქართველოს პოლიტიკური,
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა
სფეროში იმ პირთა ეფექტიანი მონაწილეობისათვის, რომლებიც
ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან; აუცილებელი პირობების შექმნა მათი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების - რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის - დაცვისათვის“.
მუნიციპალიტეტი არ არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება. ეს არის ადგილობრივი როგორც აღმასრულებელი, ასევე წარმომადგენლობითი ორგანო. ეს არის ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლება...

კონცეფციის მიზნების განხორციელებას, როგორც პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე ამბობს, გააადვილებს ახალი კონსტიტუციის თვითმმართველობის თავი, რომლის მიხედვითაც ადგილობრვ მუნიციპალიტეტს უფლება აქვს უჩივლოს სასამართლოში მთავრობას ან პარლამენტს და გაასაჩივროს ესა თუ ის ნორმატიული აქტი.

„კიდევ ერთხელ გამყარდა და ხაზი გაესვა იმას, რომ მუნიციპალიტეტი არ არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება. ეს არის ადგილობრივი როგორც აღმასრულებელი, ასევე წარმომადგენლობითი ორგანო. ეს არის ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლება“, - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

თუმცა ყოველივე ეს მომავლის საქმეა. 2010 წლის ოქტომბერში მიღებული ახალი კონსტიტუცია ძალაში თითქმის სამი წლის შემდეგ - 2013 წლის პირველი დეკემბრიდან - შევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG