Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიცოცხლის უფლება


ადამიანის უფლებათა დღე საქართველოში 10 დეკემბერს აღინიშნა, თუმცა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი კვირის მანძილზე ტარდებოდა. ადამიანის უფლებებზე დისკუსიას თან ახლდა ფილმების ჩვენებაც. ეს ხომ უკვე კარგად აპრობირებული ფორმაა - დოკუმენტური ან მხატვრული ფილმი - თუკი ფილმი კარგია - გამოაცოცხლებს ხოლმე დარბაზს და დისკუსიის საბაბს იძლევა.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, იმავე “ელსას” ქართული განყოფილების წევრთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომავალმა იურისტებმა სადისკუსიოდ შეხვედრაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა კვირეულს დაემთხვა, საკმაოდ ორიგინალური ფილმი აირჩიეს - უფრო სწორად, გადალახეს სწორხაზოვნება და მიმართეს თავისებურ კონტრაპუნქტს: შეხვედრა, რომელიც სიცოცხლის უფლებას მიეძღვნა, დაიწყო ფილმით, რომლის გმირიც თვითმკვლელობაზე ოცნებობს და ეძებს ადამიანს, რომელიც მას მოკლავს და დაასაფლავებს, - დიდი ირანელი რეჟისორის, აბას ქიაროსთამის ფილმით ”ბლის გემო”, პირველი ირანული ფილმით, რომელიც ”ოქროს პალმით” აღინიშნა კანის კინოფესტივალზე 1997 წელს.
ირანელი რეჟისორი აბას ქიაროსთამი

შეხვედრის მოდერატორი დიმიტრი გუგუნავა უფრო მეტად კითხვებს სვამდა, თუმცა იმდენად ზუსტ და საინტერესო კითხვებს, რომ ერთხანს ვიფიქრე, იურისტები ზოგჯერ უკეთ ხედავენ კინოს და უკეთ გრძნობენ კინოსახეებს, ვიდრე კინოკრიტიკოსები-მეთქი... მაგალითად, როგორაა ასახული საბჭოთა კინოში სიცოცხლის უფლება? რა ღირებულება აქვს სიტყვა ”სიცოცხლეს” ქართულ კინოში? რას ნიშნავს ”სიცოცხლე” ევროპელი კინემატოგრაფისტებისთვის?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია... ძნელია იმის თქმა, რომ საბჭოთა კინოში ადამიანის სიცოცხლე იშვიათად იყო ფასეული, რომ უფრო მეტად იდეები უყვარდათ, პოზიციები და პრობლემები, ვიდრე სიცოცხლე, მთელი მისი წინააღმდეგობებით... და ქართულ კინოშიც რომ ყოველთვის პრობლემა იყო ”სიცოცხლე” და ”გარემო”? ძნელია ასეთი განზოგადება, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია? ჰოდა, ასეთ პასუხს აუცილებლად მოჰყვება დამატებითი კითხვები... იმისათვის, რომ საფუძვლიანად ვუპასუხოთ, განსხვავებული პროფესიის ადამიანების დახმარება დაგვჭირდება - მათ შორის, იურისტებისა.

”როგორ არის მოწესრიგებული სამართლის კუთხით ურთიერთობები ქვეყანაში? მაგალითად, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულები იყო ჩამოთვლილი... კოდექსი ასე იწყებოდა: ”სახელმწიფოს მიმართ მიმართული დანაშაული...“ და მთავრდებოდა ასე: ”ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული...” - გაგვახსენა დიმიტრიმ.

დიახ, ადამიანი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს ტოტალიტარულ ქვეყნებში. მით უფრო დასაფასებელია ირანელი რეჟისორის, აბას ქიაროსთამის, ეს სურათი, რომელშიც, მიუხედავად რეჟიმის არაადამიანურობისა, თავად ადამიანებს შენარჩუნებული აქვთ ურთიერთობის, კონტაქტის, თანაგრძნობის სურვილი და, რაც მთავარია, სიცოცხლის სურვილი. ამ მხრივ, იურისტების თქმით, საქართველოში ადამიანის სიცოცხლის უფლება, ასე ვთქვათ, ”უკვე კონსტიტუციურად არის პრიორიტეტული”.

დიმიტრი გუგუნავას თქმით, დეკლარაციული რომ არ იყოს მხოლოდ ადამიანის უფლებებსა და სიცოცხლის უფლებებზე ზრუნვა, მომავალმა იურისტებმა უფრო ხშირად უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია და სამართლის უზენაესობაზე იმსჯელონ. არსებითად სწორედ ამიტომ შეიქმნა სტუდენტ იურისტთა ეს ასოციაცია, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი და აერთიანებს 30 000 წევრს ქსლის მასშტაბით. ასოციაციის მიზანია სამართლებრივი მიმართულებით განავითაროს ახალგაზრდული ურთიერთობები და საერთაშორისო ხასიათი შესძინოს მას, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გაცვლა. სწორედ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გაცვლას ჰგავდა ეს დისკუსია, რომელიც ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში გაიმართა.
სამართლისთვის ცოცხლად არ ითვლება ნაყოფი, რომელიც მუცელშია. ის, რასაც ჰქვია აბორტი, ითვლება ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად, არა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად...

ეს ორგანიზაცია, ”ელსა”, მიზნად ისახავს აგრეთვე წევრ-ქვეყნებს შორის კულტურულ მრავალფეროვნებას, სხვადასხვა სახელმწიფოს კულტურის გაზიარებასა და შესწავლას. სხვადასხვა კულტურას კი სამართლის მიმართ დამოკიდებულებაც განსხვავებული აქვს. ამიტომ დღეს, გლობალიზაციის ფონზე, როცა საერთაშორისო სამართლის (ასე დავარქვათ - ”ერთიანი სამართლის”) მნიშვნელობა სულ უფრო აშკარაა, პრობლემა ხდება განსხვავებულის, სპეციფიკურისა და გლობალურის დაკავშირება. მაგალითად, სხვადასხვა კულტურას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს სიცოცხლის უფლების მიმართ, სიკვდილის უფლების მიმართ. ევთანაზია ზოგან დაშვებულია, ზოგან აკრძალული (ამ თემაზე საკმაოდ ბევრი იმსჯელეს მომავალმა იურისტებმა). თავად ”სამართლის ენაც” დასახვეწია, იურისტების აზრით. მაგალითად, დიმიტრი გუგუნავამ გაიხსენა, როგორაა ფორმულირებული სამართალში ”აბორტი”:

”სამართლისთვის ცოცხლად არ ითვლება ნაყოფი, რომელიც მუცელშია. ის, რასაც ჰქვია აბორტი, ითვლება ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად, არა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად”.

გამოდის, რომ ნაყოფი ითვლება დედის ორგანოდ და არა დამოუკიდებელ სიცოცხლედ - არის თუ არა ეს სიცოცხლის უფლების შეზღუდვა, სიცოცხლის არეალის შეზღუდვა და სიცოცხლისთვის რაღაც საზღვრების დაწესება? - იკითხეს იურისტებმა, რომელთაც (ფიზიკოსებისა არ იყოს) ფორმულებთან აქვთ საქმე, შემოსაზღვრულ ცნებებთან, განსხვავებით ”ლირიკოსებისგან” - პოეტებისგან, რეჟისორებისგან, მხატვრებისგან.

ჰოდა, ეს შეხვედრა, რომელიც ”ელსამ” მოაწყო ჯორჯ სოროსის ფონდში, შეიძლება აღვიქვათ როგორც ახალგაზრდების სურვილი გააფართოონ სამართლის არეალი - უპირატესობა მიანიჭონ სიცოცხლეს, რომელიც ფორმულებზე უფრო ფასეულია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG