Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლებისა და დასაქმების ფორუმი აფხაზეთიდან დევნილთათვის


სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია”
სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია”
თბილისში, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში", აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების ორდღიანი ფორუმი გაიხსნა.

18 და 19 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილ ყველა ადამიანს, ვისაც დასაქმების სურვილით რეგისტრაცია გავლილი აქვს, საშუალება ექნება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციის, უმაღლესი სასწავლებლის, საბანკო სფეროს თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან მიიღოს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული განათლების, სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგების, სტიპენდიების, პროფესიული პროგრამების, ვაკანსიების შესახებ.

ფორუმის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა.


- რამე გამოცდილება თუ გაქვთ?
- გამოცდილება?.. ეკონომიური დავამთავრე, ბუღალტრის თანაშემწედ ვმუშაობდი.
- ახლა უფრო მოკლევადიანი ვაკანსიები გვაქვს, პრომოაგენტებს ვეძებთ, ჩვენი კომპანია რომ წარადგინონ...
- აა, ანუ ქუჩაში რომ დადიან?
- დიახ, მაგრამ ეს ოთხდღიანია და თუ ამ ვადის შემდეგ თავს გამოიჩენთ, დასაქმება რეალური ხდება...

ეს დიალოგი სასტუმრო ”რადისონში” გამართულ ფორუმზე ჩავწერეთ. აფხაზეთიდან დევნილები იქ სამსახურის საძებნელად მივიდნენ. კონკრეტული ვაკანსიების გარდა, მათ სტაჟირებას, განათლებას, ინფორმაციის მიღებას სთავაზობენ - მაგალითად, როგორ უნდა შეადგინონ CV ან მოძებნონ სამსახური.

ფორუმის ორგანიზატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე აპლაკოვს იმედი აქვს, რომ დევნილების ნაწილი მაინც დარჩება კმაყოფილი. ეს ის ხალხია, ვინც დასაქმების სურვილი ფორუმამდე ერთი თვით ადრე გამოთქვა:

”ერთი თვით ადრე ჩვენ სამუშაოს მაძიებელი დევნილების რეგისტრაცია დავიწყეთ. დღეისათვის დარეგისტრირებულია 4000-მდე პიროვნება, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და ამ ფორუმის საშუალებით მათ დამსაქმებლებს შევახვედრებთ. 60-მდე ორგანიზაციაა ფორუმზე წარმოდგენილი, ბიზნესსექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველას შეუძლია თავისი თავი წარუდგინოს მათ, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია”.

ყველა წარმოდგენილ კომპანიას თავისი შეთავაზება აქვს. საბანკო სექტორიდან ფორუმზე ”თი-ბი-სი” ბანკიცაა წარმოდგენილი. მათ ამჯერად აქციებისა და გარე გაყიდვებისათვის სჭირდებათ ახალი პერსონალი.

ნინო ხონელიძე და თამუნა თოდრიაც სამსახურს ეძებენ:

”ორივე ვეძებთ რამე სამსახურს.. აი მე, მაგალითად, ეკონომიური მაქვს დამთავრებული. რამდენიმე ანკეტა უკვე შევავსეთ და ვნახოთ, რა იქნება...”

დალი მანაგაძე, სოხუმიდან, პროფესიით უიურისტია. ის უკვე ორი წელია უმუშევარია. ფორუმის შესახებ რადიოში მოისმინა და მოვიდა. ფიქრობს, რომ ცდა მაინც ღირს:

”ორი წელია აღარ ვმუშაობ. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ასე სამსახურს ვიშოვი, მაგრამ მაინც ვტოვებ ჩემს მონაცემებს”.

თითქმის ყველა მაგიდასთან, სადაც წარმოდგენილი ორგანიზაციების ბანერები კიდია, ხალხმრავლობაა. ზოგს უფასო კომპიუტერის კურსებს სთავაზობენ, ზოგს უცხო ენის ან რაიმე ხელობის სწავლას, ზოგს კი პირდაპირ სამსახურს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს ეძებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო კვარაცხელია გვეუბნება, რომ მათ კონკრეტული შეთავაზებაც აქვთ:

”ჩვენ საერთაშორისო სარჩელებზე ვმუშაობთ, ვამზადებთ სარჩელებს დევნილთა ქონებრივ უფლებებზე სტრასბურგის სასამართლოსათვის. კონკურსის საფუძველზე შევარჩევთ დევნილ ახალგაზრდებს და ვინც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, სტაჟირების შემდეგ სამსახურშიც ავიყვანთ".

თსუ დევნილებს ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას სთავაზობს. ქეთი ცინცაძე განმარტავს:

”თანამედროვე ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი კურსები გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად, როგორიცაა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლი. ორთვიანი კურსია. გვაქვს ასევე ტურიზმის სფეროში შვიდი სხვადასხვა სახის კურსი”.

ზოგი კმაყოფილი მიდის. ზოგი ინფორმაციას აგროვებს და ამბობს,რომ ხვალაც შემოივლის. ზოგი უიმედოდაა, ზოგი ჩივის, რომ მისი ასაკის ადამიანები ამ ქვეყანაში აღარავის სჭირდება. ყველას უნდა ისეთი სამსახური, სადაც მათი უფლებები არ დაირღვევა:

”იცით, როგორი სამსახური გვინდა? სადაც სიარული ეღირება და თავმოყვარეობა არ შეგველახება, სადაც არ გვეტყვიან, რომ 45 წლის ადამიანები ამ ქვეყანს აღარ სჭირდება. ”ტანო ტატანო” უნდა ვიყოთ თურმე ყველანი და ყველა 30 წლისა და თუ მხოლოდ მოდელები სჭირდებათ ამ ქვეყანაში, მაშინ არ ვიცი..."
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG