Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ ბათქა-ბუთქი დაუწყიათ...


ამოდენა თბილისში ლეპტოპის აკუმულატორი ვერ ვიშოვე. არადა, ჩემი ერთ საათს ძლივს ქაჩავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გზად მექსიკისკენ არა კარგი ფილმების ყურება, არამედ იდიოტური ჟურნალების კითხვა მომიწევს.

თადარიგი დავიჭირე და ქართული ჟურნალ-გაზეთების ყიდვას შევუდექი; ჟურნალ „სითის“ (ანუ „ქალაქის“) ახალი ნომრის გარეკანს რომ შევხედე, ჩემი მეგობარი ლევან ბუთხუზი გამახსენდა, ბუნების ერთ-ერთი მთავარი დამცველი საქართველოში. არა იმიტომ, რომ ლევანი ყველგან და ყოველთვის ბუნებრივს იცავს (ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ კიდეც „წითელ ზონაში“, რომელიც 14 იანვარს გავა ტელეეთერში). არა, დღეს ნამდვილად მეზარება ჩემს ბლოგზე ნადირობის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება და ვეგეტარიანელების ქება-დიდება.

არც ვეგეტარიანელი ვარ და არც „მწვანეების“ მოძრაობის დიდი გულშემატკივარი.

ლევან ბუთხუზი იმიტომ მიყვარს, რომ კარგი გემოვნება აქვს - სიცოცხლის გემო იცის! სწორედ ის ქართველია, რომელზეც მერაბ მამარდაშვილი წერდა, შერყეული და დარღვეული არ აქვს ფუნდამენტური ურთიერთობა სიცოცხლესთანო. ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი ქართველი! ამ საცოდავ ფოტოს რომ შევხედე, სათაურით „შვიდი არა განრისხებული მამაკაცი“, ამ ფსევდომაჩოიზმს, „თოფიან ჯიგრებს“ ნანადირევით ხელში, პირველ რიგში ლევანი წარმოვიდგინე. ჩვენ ვბრაზობთ. ლევანი კი გაიგუდებოდა სიცილით - დასცინებდა იმ ყმაწვილს, ვისაც თოფის ხელში დაჭერა კაცობა ჰგონია და იმ დიაცსაც, ვისაც ასეთი კაცი ჰგონია ნამდვილი მამაკაცი.
ჟურნალ "სითის" გარეკანი

სხვათა შორის, სწორედ ამ ჟურნალის რედაქტორის, ეკა ხოფერიას გადაცემაში გაილაშქრეს „ნამდვილმა მამაკაცებმა“ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ სულ რაღაც ორი კვირის წინ. იქაც ვერ მალავდნენ განრისხებას იმათზე, ვისაც „გეი“, ანუ „მხიარული“ ჰქვია. ე.ი. იმის წინააღმდეგ, ვისაც ადამიანთა სისასტიკემ და უმეცრებამ თოფი კი არ დააჭერინა ხელში... კი არ გააბოროტა, არამედ გადააწყვეტინა, პირიქით - მხიარულად, ცეკვა-თამაშით, სიცილ-ხარხარით აეტანა ადამიანთა მოდგმის მიერ მინიჭებული ტკივილი.

ფეისბუკზე, რომელიღაც „ბუნებრივის“ მოყვარული ინტელიგენტი ქალბატონის ერთ კომენტარს სწორედ ლევან ბუთხუზი გამოეხმაურა - ბუნება ცუდად იცით, ცხოველთა სამყაროში ვერ ერკვევით და აბა, რა სისულელეებს წერთ ბუნებრივსა და არაბუნებრივზეო (ლევანმა გაახსენა, რომ ჰომოსექსუალობა ჩვეულებრივი ამბავია ცხოველთა სამყაროში).

ჰოდა, ამის კითხვა მინდოდა ლევანისთვის: რატომ აქვთ ამ კაცებს ასეთი განრისხებული სახეები? რატომ გვეშინია ქართველებს, ვიყოთ მხიარულები და რატომ „ვიყეფებით“? რატომ დავკარგეთ იუმორის გრძნობა? ანდა, გვქონდა კი ოდესმე? რატომ აქვს ადამიანთა უმრავლესობას ასეთი დაღლილი, მოღუშული, უსიცოცხლო მზერა? მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალია ეს? იქნებ ტრადიციის, კულტურის? იქნებ იმის, რომ ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია გარემოს სიყვარული? ჩვენ მხოლოდ საკუთარი ჯილაგი გვიყვარს! უფრო მეტიც, გვეზიზღება გარემო და აღშფოთებას ვერ ვმალავთ ჯარიმებზე, რომელიც გარემოს დანაგვიანებაზე დააწესეს.

„სითი“: „კომპლიმენტი, რომელიც ქალისგან მიგიღიათ და ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ.“

ნიკუშა შენგელაია: „ვერ გიყურებ თვალებში.“

ამ დიალოგის გაშიფვრას, ვფიქრობ, ბუთხუზი კი არა, მსოფლიოს ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაციის ერთი დიდი ყრილობა ვერ შეძლებდა. ეს ყრილობა ვერ შეძლებდა იმის ახსნას, როგორ მოვახერხეთ ქართველებმა 1992 წლის ზამთარში, ახალი წლის შეხვედრა „სიმულტანურად“ - ერთმანეთის დახოცვით და ერთმანეთის დღეგრძელობით?

შარშან, ახალ წელს, მამა უკვე ძალიან ცუდად მყავდა. მეშინოდა, სროლის ხმაზე პანიკა არ დაწყებოდა. ამიტომ ძილის წამლის გაორმაგებული დოზა მივეცი. მახსოვს ის გრძნობა - მეც მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაზე. განსაკუთრებით კი ახალი წელი საქართველოში!

2011 წელს მექსიკაში შევხვდები. იქ, სადაც „სიკვდილის დღესასწაულს“ ზეიმობენ და სადაც, ეიზენშტეინის თქმით, სიცოცხლე ისე უყვართ, რომ სიკვდილიც კი უხარიათ... იმედი მაქვს, მომენატრება აქაურობა - „სიმულტანური“ ქვეყანა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ზევით აღმართული თოფი კაიკაცობის გამოვლინებად ითვლება, მაინც არსებობენ ლევან ბუთხუზისნაირი მხიარული და ჭკვიანი ადამიანები, ამ წერილს რომ წაიკითხავენ და მეტყვიან: „ნეტავი შენ, გვახარია! გაიხედ-გამოიხედე, ნახე, როგორი თბილი ზამთარია წელს საქართველოში!“

ახალ წელს გილოცავთ!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG