Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: პატიმრების ჯანდაცვა სტანდარტს არ შეეფერება


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველმა კიდევ ერთი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ამჯერად ანგარიში ეხება ჯანმრთელობის უფლების რეალიზებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში. ანგარიში 2009 წელსა და 2010 წლის პირველ ნახევარს მოიცავს. ომბუდსმენის ანგარიში საკმაოდ მწვავე შინაარსისაა, მოყვანილია კონკრეტული მაგალითები პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ, როცა ისინი ვერ ახერხებენ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებას.

ერთადერთი მე შემიძლია, პოზიტიურად შევაფასო სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესება დაწესებულებებში...
ომბუდსმენის ანგარიში, რომელიც პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის უფლებების რეალიზებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, ციხეების სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას ასახავს, ანუ იმას, თუ რამდენად მიუწვდებათ პატიმრებს ხელი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა რეგიონის მიხედვით მდგომარეობა განსხვავებულია: ზოგან საკმარისია ექიმების რაოდენობა, ზოგან კი არა და პაციენტები, ფაქტობრივად, საჭირო საექიმო დახმარების გარეშე არიან. ვხვდებით ისეთი პროფილის ექიმებს, რომელთა ლიცენზიაში მითითებული სპეციალობა ამოღებულია საექიმო სპეციალობათა სიიდან.

მთავარი კი ისაა, რომ ციხეებში არსებული ჯანდაცვის სისტემა არ შეეფერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტანდარტს. სახელმწიფო ტენდერების გამო მედიკამენტები დაგვიანებით მიეწოდება სამედიცინო დაწესებულებას, რეგიონებში კი გაცილებით გვიან აღწევს. ასევე შეზღუდულია მედიკამენტების სია, რაც ადეკვატურ მკურნალობას აფერხებს.

ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის განცხადებით, ჯანდაცვის თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა სტომატოლოგიური მკურნალობის ნაწილში, თუმცა პრობლემად რჩება სტერილიზაციის საკითხი:

”ერთადერთი მე შემიძლია, პოზიტიურად შევაფასო სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესება დაწესებულებებში და ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ქალთა და არასრულწლოვანთა მე-5 დაწესებულებაში, სადაც ვითარება რადიკალურად უკეთესია, ვიდრე სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში”.

დღემდე სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარ მოუგვარებელ პრობლემად რჩება ტუბერკულოზის და სხვა ვირუსული და გადამდები დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის საკითხი. პირველ ადგილზე ისევ ტუბერკულოზი რჩება. მაღალია ასევე პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი. 2010 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში ციხეში 57 პატიმარი გარდაიცვალა, რაც, ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის შეფასებით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რამდენიმე პატიმარს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები და გარდაცვალებამდე მკურნალობდნენ ისეთ დაავადებაზე, რომლებიც მათ საერთოდ არ აღმოაჩნდათ...
არასამთავრობო ორგანიზაცია Penal Reform International-ის ( ანუ ციხის საერთაშორისო რეფორმა) რეგიონალური დირექტორის, ცირა ჭანტურიას, თქმით, პრობლემად რჩება ის, რომ პენიტენციარულ სისტემაში სამედიცინო მომსახურებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს და არა ჯანდაცვის სამინისტრო. ცვლილება, ცირა ჭანტურიას ინფორმაციით, 2013 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში, მანამდე კი პატიმართა სამედიცინო მომსახურებაზე ე.წ ციხის მედპერსონალი ზრუნავს, რაც, ცირა ჭანტურიას განცხადებით, ექიმთა მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით დაბრკოლებებს ქმნის:

”მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მომუშავე ექიმები არიან სამედიცინო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, ისინი მაინც ვერ არიან ბოლომდე დამოუკიდებელი. ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ ციხეების დირექტორები და თუ ის ჩათვლის, რომ არ არის აუცილებელი პატიმრის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ჩვენება შეიძლება არსებობდეს, პატიმარს არ გადაიყვანენ და ეს პრობლემად რჩება დღემდე”.

ცირა ჭანტურიასვე განცხადებით, ხშირად უსაფრთხოებისა თუ სხვა მოტივების გამო, პაციენტთა დროული გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში არ ხდება. სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში კი, ანგარიშში მოხვედრილი კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, აცხადებს, რომ პატიმრებს არაკვალიფიციურ მკურნალობას უტარებენ.
ხშირად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმრების მკურნალობა დაგვიანებულად ან არასათანადოდ ხდება. გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალის უყურადღებობა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული გადაყვანა, შესაბამისი პროფილის ექიმების არარსებობა და ის, რომ, შესაძლოა, კარდიოლოგი ასრულებდეს თერაპევტის, ქირურგის ფუნქციას.

”რამდენიმე პატიმარს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები, გარდაცვალებამდე მკურნალობდნენ ისეთ დაავადებაზე, რომელიც მათ საერთოდ არ აღმოაჩნდათ, როდესაც გაკვეთეს; ანუ როდესაც ვეხებით პატიმრების დიაგნოსტირების საკითხს, აქაც არის სერიოზული პრობლემები.”

ომბუდსმენის თქმით, რეფორმა არ ხორციელდება სწორად. როდესაც რეფორმა მიმდინარეობს, ჯანდაცვის სამინისტრო მაღალ დონეზე უნდა იყოს ჩართული, რაც არ ხდება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა სუხიშვილი, ამბობს, რომ ჯანდაცვის კუთხით პენიტენციარულ სისტემაში მდგომარეობა, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესებულია და რეგიონების მიხედვით სამედიცინო აპარატურა და მომსახურებაც თანაბარი და, რაც მთავარია, კარგია:

”ვერ დაგეთანხმებით. მომსახურება ყველგან ერთნაირია - ზოგ შემთხვევაში საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე უკეთესი, ანუ თანაბარია ყველგან და კარგი”.

თეა სუხიშვილმა გვთხოვა, კითხვები წერილობით გაგვეგზავნა, რომ მასზე პასუხები გაეცა. სამწუხაროდ, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე სამინისტროდან პასუხების მიღება ვერ მოესწრო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG