Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენდეტა თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა?


უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო პროკურატურაში გამოიძახეს
უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო პროკურატურაში გამოიძახეს
მათ ოდესღაც უკრაინის მთავრობის მაღალი პოსტები ეჭირათ, დღეს კი ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებულია, ზოგს კი სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. ამ „შავ სიაში“ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამი ყოფილი მინისტრი და სხვადასხვა ყოფილი თანამდებობის პირია. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა საჯარო მოხელემ პასუხი უნდა აგოს საკუთარ საქმიანობაზე. თუმცა უკრაინის ოპოზიციისა და უფლებადამცველთა ნაწილი თვლის, რომ ესაა „შერჩევითი სამართალი“, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დასჯასა და დაშინებას ისახავს მიზნად.

იური ლუცენკო, უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, შაბათ დილას ძაღლთან ერთად სასეირნოდ გავიდა, ორიოდ საათში კი პოლიციის მანქანაში იჯდა, გარშემორტყმული სპეცრაზმელებით, რომლებმაც „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ საპატიმროში მიიყვანეს. მას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო.

ლუცენკომდე, სახელმწიფო ფონდების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, უკრაინის პოლიციამ პატიმრობაში აიყვანა ასევე ყოფილი მთავრობის გარემოს დაცვის მინისტრი გეორგი ფილიპჩუკი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ბოჰდან დანილიშინი.

ფაქტობრივად, შიდა პატიმრობაში იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც გასულ კვირას პროკურატურამ ქალაქიდან გასვლა აუკრძალა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 24 დეკემბერს, მთავრობის ყოფილ წევრებზე დაწყებული გამოძიება შეაფასა როგორც ობიექტური და განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოს დაცვის უფლება გარანტირებული აქვს:

„ იულია ვოლოდიმიროვნას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი. მე არ შემიძლია შევაჩერო ეს პროცესი ან ვთქვა, ეს საქმე გამოიძეთ და ეს არა-მეთქი. მე ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ. სახელმწიფოს მეთაურს ასეთი ძალაუფლება არ გააჩნია.“

იმის საილუსტრაციოდ, რომ ცენტრალური და რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლების მიმართ გამოძიება ობიექტურად წარმოებს, უკრაინის პროკურორმა ვიქტორ პშონკამ განაცხადა, რომ გასულ წელს პასუხისგებაში მიეცა ამჟამინდელი და ყოფილი მთავრობის 18 წევრი. გამოძიება მიმდინარეობს 17 მილიონი გრივნისა (2.1 მილიარდი დოლარის) და 380 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე.

„ მე მივმართავ დღევანდელ მთავრობას: თუ თქვენ აპირებთ ისევე გულგრილად მოეკიდოთ სახელმწიფო ხარჯებს, როგორც თქვენი წინამორბედები, მაშინ თქვენც დაგკითხავენ იმავე ოფისებში იგივე გამომძიებლები და ყოფილი მთავრობის წევრების გვერდით იმავე საპატიმროებში მოგიწევთ ჯდომა. კანონის წინაშე ყველა თანაბარია - ახალი ხელისუფლებაც და ძველიც. სახელმწიფოს ფულს ხელს ნუ ახლებთ!“

თუმცა ხელისუფლების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყოფილი მინისტრების დაპატიმრება „პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ ამისათვის ხელსაყრელი დრო გამოინახა.“

იულია ტიმოშენკო გასულ კვირაში სამჯერ დაკითხეს პროკურატურაში. ერთხელ იგი გამომძიებლის ოფისში პირდაპირ საავადმყოფოდან მივიდა, სადაც მის ქმარს გულის ოპერაცია გაუკეთდა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ევგენი კორნეიჩუკი კიევში იმ დღეს დააკავეს, როდესაც მას შვილი შეეძინა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს წინააღმდეგ კი დაპატიმრების გადაწყვეტილება მისი დაბადების დღის წინ, 12 დეკემბერს, გამოიტანეს.

ყოველდღიური უკრაინული გამოცემა „კვირის სარკის“ თანახამდ, ასეთი რამ შემთხვევითი არაა და უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მტკივნეული დარტყმა მიაყენოს თავის ოპონენტებს.

იულია ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ ეს არის მცდელობა, მოუსპონ მას მთავრობაში დაბრუნების შანსი. 24 დეკემბერს კიევში, პროკურატურის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, მედიისა და თავისი მხარდამჭერებისადმი მიმართვაში ტიმოშენკომ „მაფიის რევანში“ უწოდა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას:

„მათ მიზნად დაისახეს ყოველდღიურად დააშინონ ჩვენი გუნდი და ჩვენი ოჯახები და პირადად მე. ისინი ხვდებიან, რომ მათ ძალიან მცირე დრო აქვთ. ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მათ სურთ ციხეში გამოამწყვდიონ მთელი ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე.“

პოლიტიკის ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ტიმოშენკო, რომელსაც კიევიდან გაუსვლელობა მიუსაჯეს, არ აპირებს თვითიზოლაციას, რადგან ეს ზრდის მის პოპულარობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. შესაბამისად, როგორც ოლეკსანდრ ჩერნენკო, უკრაინის ხმების დათვლის კომისიის თავმჯდომარე, ვარაუდობს, შესაძლოა, მას მიუსაჯონ პირობითი სასჯელი, რაც არ მისცემს შესაძლებლობას ტიმოშენკოს დაბრუნდეს მთავრობაში:

„მაგალითად, თუკი მას შეუფარდებენ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მხოლოდ ამ სასჯელის გასვლის შემდეგ აღუდგება მას მოქალაქის სრული უფლება. სასჯელის ამ ვადის გასვლამდე, თუკი სასამართლო არ შეცვლის საკუთარ ვერდიქტს, პიროვნებას შეზღუდული აქვს უფლებები, იმისდა მიუხედავად, იგი საპატიმროშია თუ არა.“

უკრაინის ჰელსინკის ჯგუფმა და ხარკოვის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდეს ხელისუფლებას უარი თქვას შერჩევითი სამართლის პრაქტიკაზე. მათი დასკვნით, ბოლოდრონდელი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასამართლო სისტემა კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა ხელისუფლებაზე.

ოპონენტების თქმით, ანტიკორუფციული კამპანიით უკრაინის ხელისუფლება შეეცდება ყურადღება გადაიტანოს ისეთი არაპოპულარული ინიციატივებიდან, როგორიცაა ბუნებრივი აირის საფასურისა თუ საპენსიო ასაკის მოსალოდნელი გაზრდა. კორუფციის ინდექსის თანახმად, უკრაინა 134-ე ადგილზეა 178 სახელმწიფოს შორის, ნიგერიისა და ზიმბაბვეს გვერდით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG