Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემიგრანტ ქართველებზე რეპორტაჟები მომზადდება


ახალი პროექტის პრეზენტაცია
ახალი პროექტის პრეზენტაცია
”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი” და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერთობლივ პროექტს იწყებენ. მსოფლიოს 25 ქვეყნიდან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, მათი საქმიანობის შესახებ რეგულარულად მომზადდება რეპორტაჟები, რომლებიც ინტერნეტ ტელევიზია “I TV“-ის ეთერში გავა. ამით, როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი კონტაქტი სამშობლოსთან უფრო გამყარდება და ის ინფორმაციული ვაკუუმი, რაც, მათი თქმით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით არსებობს, შეივსება.

უცხოეთში მცხოვრები ქართველების საქმიანობის შესახებ ტელერეპორტაჟების მომზადების ინიციატივა, როგორც „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე ამბობს, თავად ემიგრანტ ქართველებს ეკუთვნით. სპეციალური ტელეპროექტი მთლიანად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საქმიანობას მიეძღვნება:

”იმის გამო, რომ ჩვენ მეტად მწირი ინფორმაცია გვაქვს ამ ადამიანების წარმატებისა თუ პრობლემების შესახებ, ყოველდიურად გავუშვებთ სიუჟეტებს ინტერნეტ ტელევიზია ”I TV”-ის ეთერში. ეს რეპორტაჟები მსოფლიოს 25 ქვეყანაში მომზადდება.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო თამარ ივერიც აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ხშირად მათი წარმატებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება:

”მაგალითად, ხდება ისე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გასტროლი გვაქვს, სერიოზული მიღწევა, საქართველოს სახელით, და არ არის საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მივაწვდინოთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. არადა, მთელ მსოფლიოში არიან მიმობნეული ქართველები, რომლებიც საქმეს აკეთებენ და ეს საქმე არ უნდა დაიმალოს”.

გერმანიაში მცხოვრები რეჟისორი ლაშა ონიანი კი გვეუბნება, რომ ბევრი რამ, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუკეთებიათ, ხელოვნების სფეროთი დაწყებული და მეცნიერული მიღწევებით დამთავრებული, უკვე ჩავლილი ამბავია და მათ შესახებ საქართველოს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის: ”შეიძლება საზღვარგარეთ იყო ცნობილი, მაგრამ თუ შენი ქვეყანა არ გაღიარებს, არ გიცნობს, საერთო სიამოვნების 30%-საც კი ვერ იღებ”.

რეპორტაჟებს უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები მოამზადებენ. ფინანსურ ხარჯებს კი ”I TV” და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაიყოფენ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, რეპორტაჟები უფრო ხშირად იმ ქვეყნებში მომზადდება, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG