Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2011 წლის გლობალური რისკები


Eurasia Group-ი ნიუ-იორკში დაფუძნებული პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც ეგრეთ წოდებულ, პოლიტიკურ რისკებსაც იკვლევს და შემდეგ პროგნოზებს აქვეყნებს. 2011 წლის პოლიტიკურ რისკებზე ამ ჯგუფის ვარაუდები სხვათა შორის შეიცავს პოსტულატს „დიდი ნულიანის“ შესახებ. მსოფლიო 2011 წელს აშკარად გამოხატული სუპერსახელმწიფოს გარეშე დარჩა, წერენ პროგნოზის ავტორები.

უწინ არსებობდა „დიდი შვიდეული“ - ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გაერთიანება, რომელიც იკრიბებოდა და წყვეტდა ხოლმე დედამიწის დიდ ნაწილის ამბებს. ამ შვიდეულს, მოგვიანებით, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთთან მეგობრობის სურვილი გარდაუვალი გახდა, დაემატა „პლუს ერთი“, ანუ იქცა „რვიანად“ მოსკოვის ჩათვლით. თუმცა მსოფლიო წესრიგი არ იცვლებოდა. ამას მოჰყვა დიდი ოცეულიც, რომელიც, სავარაუდოდ აღარ გაიზრდება; მაგრამ, რასაც Eurasia Group-ის ექპერტები გვთავაზობენ, „დიდი ნულიანის“ სახით, სიახლეა. ამაზე ლაპარაკობს ფირმის პრეზიდენტი, იან ბრემერი:

„დიდი ნულიანის“ პირობებში, ახლა გეოპოლიტიკას გლობალიზაციის გატარება უწევს საერთაშორისო მოქმედი ლიდერების გარეშე. ეს ახალი მსოფლიო წესრიგია და ამიტომაა, რომ ოქრო ასე გაძვირდა, ამიტომაა, რომ კორპორაციებს ამდენი ფული აქვთ შენახული, მათ ვერ გაურკვევიათ, საით მივყავართ ამ ახალ მსოფლიო წესრიგს“.

ითქვა, რომ Eurasia Group-ი რისკებს განსაზღვრავს, ანუ ვარაუდებს და პროგნოზებს გამოთქვამს. თავის ამ ბოლო დოკუმენტში, ფირმა ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი, „დიდი ნულიანის“ პირობებში არსებობა, 2011 წელს აძლიერებს ამ რისკებს. მათ შორის ჯგუფი ასახელებს ევროპის ეკონომიკურ კრიზისს, ასევე ჩინეთის წინააღმდეგობას, ანგარიში გაუწიოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს, მის ზეწოლას. Eurasia Group-ი ჩრდილოეთ კორეაზე წერს, რომ მისი პროვოკაციებიც რისკებს მიეკუთვნება. იქვე ლაპარაკია აშშ-ისთვის რისკის ფაქტორზე და იმაზეც, რომ კიბერუსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის ურთიერთობა იქნება რისკის ფაქტორის შემცველი. კაპიტალის კონტროლიც ამავე რიგს განეკუთვნება, ფიქრობს ჯგუფი; ისევე, როგორც -კაპიტალის დიდი რაოდენობით შედინება განვითარებად ბაზრებზე, სადაც ეკონომიკური პოლიტიკა უარყოფითია. არის, საკუთრივ, პოლიტიკური რისკები, არჩევნებისა და პოლიტიკური ძალადობის სახით, რასაც, შეიძლება მოჰყვეს ინვესტიციების შემცირება. არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, თვით რუსეთი, არ წარმოადგენს ორგანიზაციის აზრით, გლობალურ გეოპოლიტიკურ რისკს. არის თუ არა ეს კარგი ახალი ამბავი, Eurasia Group-ის პრეზიდენტი, იან ბრემერი გვიამბობს:

„ხშირად მეკითხებიან: ფიქრობთ თუ არა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინი კვლავ გახდება პრეზიდენტი? თუ მედვედევი დარჩება? ჩემი აზრით, ეს არ არის სადარდებელი, რადგან რუსეთში, სულ მცირე, არც ისე შორეულ მომავალში, ხელისუფლების სათავეში იქნება ძალიან სტაბილური, კოორდინირებული ხელმძღვანელობა. ეს პრინციპი შესანიშნავად მუშაობს პუტინსა და მედვედევს შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორია რეალური ურთიერთობა საჯაროდ. და ეს ასე დარჩება“.

ბრემერის თქმით, ამდენად, არც რუსეთი, არც ინდოეთი, არც ბრაზილია თუ ჩინეთი წარმოადგენენ რისკს. ის ჩინეთზე ამბობს, კერძოდ, რომ ამ ქვეყანასთან რისკი შეიძლება დაკავშირებული იყოს მის სწრაფი ზრდა. ეს ქვეყანა ძალიან დიდი და სტაბილურია, ის უბრალოდ, ბრემერის თანახმად, სტრუქტურულ რისკს წარმოადგენს დანარჩენი მსოფლიოსთვის. რუსეთს რომ დავუბრუნდეთ, საინტერესოა, ნავთობის ფასისა და რუსეთის ურთიერთმიმართება. საწვავის ფასის მერყეობა, ცხადია ზემოქმედებს რუსეთზე... მაგრამ Eurasia Group-ის პრეზიდენტი, რუსეთის მიმართ რწმენით არის განწყობილი:

„რუსეთის პოლიტიკური სტაბილურობა მისმა უსაფრთხოებამ მოიტანა; უსაფრთხოება ეხება ეკონომიკასაც, ცხადია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკა და გეოპოლიტიკა. აშშ-ის და ევროპის შესაძლებლობების შედარებითმა შემცირებამ, მოიტანა ის, რომ ევრაზიის სივრცეში რუსეთის გავლენა გაფართოვდა, საქართველოზე ილაპარაკებთ, ყირგიზეთზე, უკრაინაზე თუ ბელორუსიაზე, სულ ერთია. ანუ, ჩემი აზრით, რუსებს სადარდებელი ამ მხრივ არაფერი აქვთ. მათ ახლა არც ნატოს გაფართოება უნდა ანაღვლებდეთ, არც ანტისარაკეტო თავდაცვის პრობლემა. აშშ აპირებს სამხედრო ხარჯები ნაკლები ჰქონდეს. ევროპელებს ყველაზე ნაკლებად სჭირდება რუსეთზე შეტევა, რადგან საკუთარი პრობლემები აქვთ; ასე რომ, რუსეთს აქვს საფუძველი, გეოპოლიტიკურად მეტად უსაფრთხოდ იცხოვროს და ამას არაფერი აქვს საერთო რუსეთის ეკონომიკურ სიძლიერესთან“.

იან ბრემერი სხვა რისკებს შორის ასახელებს პაკისტანს, რომელიც მისი აზრით, შეიძლება ძნელად სამართავი გახდეს, შეიძლება ერთობ გამწვავდეს ამ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება. ბევრი მოელოდა, რომ ირანი იქნებოდა 2011 წლის რისკებს შორის, მაგრამ ბრემერი განმარტავს, რომ ეს ქვეყანა წელს, ეგრეთ წოდებული ყურადღების გადასატანად მიმართული მანევრების რიგშია. ირანი, Eurasia Group-ის პროგნოზების თანახმად, ახლა დიპლომატიურ დონეზე შეეცდება თავისი ბირთვული პრობლემების თაობაზე ილაპარაკოს დასავლეთთან. ეს კი, კარგა ხანს გასტანს, თუმცა, ალბათ, არ მოიტანს გარღვევას. ამას ის მოჰყვება, ბრემერის თქმით, რომ ვაშინგტონი კვლავ სანქციების გზით შეეცდება ირანთან ურთიერთობას, მით უმეტეს, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ემხრობა ამ მეთოდს, ბოლოს სანქციების მომხრეთ ინდოეთიც შეუერთდა. ასე რომ, ამბობს ბრემერი, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, სანამ ირანთან კონფლიქტზე დავიწყებდეთ ფიქრს. კიბერშეტევები ირანზე იმას გვეუბნება, რომ არის სხვა საშუალებელიც, რომლებიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას არ გულისხმობს. ბრემერის აზრით, ირანის რეჟიმი დიდხანს იქნება არასტაბილური, მაგრამ მალე არ დაემხობა, რადგან ენერგომატარებლების ფასები მაღალი რჩება.

ყურადღების გადასატანად მიმართული მანევრების რიგშია, Eurasia Group-ის დაკვირვებით, თურქეთიც, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ: მეტად ისლამისტური ხდება, ევროკავშირსა და აშშ-ის განუდგებაო. 2011 წლის პროგნოზების ამ ჯგუფის თანახმად, ეს სულ უფრო მეტად ისლამისტური თურქეთი რჩება დემოკრატიულ ტრაექტორიაზე, მთავრობა ცდილობს მართვის განვითარებაზე და წარმატებული თურქეთი კი, საბოლოო ჯამში, შეიძლება წინ აღუდგეს ირანს, პირველ რიგში, ერაყში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG