Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები განახევრდა


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში
თბილისში ლოგიკურად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების დაახლოებით ნახევრის განხილვაზე. საუბარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაახლოებით 1500 სარჩელის დახურვას გვატყობინებს. ეს არის ნაწილი იმ დაახლოებით 3 000 სარჩელისა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ევროპულ სასამართლოში რუსი ადვოკატების დახმარებით შეიტანეს. რატომ მიიღეს სტრასბურგში ასეთი გადაწყვეტილება?

ჩვენი პოზიცია, როგორც კი სარჩელები ვნახეთ, იმთავითვე იყო ის, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა და რომ ეს სარჩელები არის ფაქტობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელი...
მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში უარი თქვა ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა 5 სარჩელის განხილვაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შესაბამისი შეკითხვებით მოსარჩელეთა ადვოკატებს ჯერ აპრილში, შემდეგ ივნისში მიმართა. სასამართლო დაინტერესდა - აპირებს თუ არა დაცვის მხარე მუშაობის გაგრძელებას; თუმცა პასუხი და დამატებითი მასალები ვერავისგან მიიღო. როგორც სტრასბურგის სასამართლოს 10 იანვრის განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ ეს უპასუხობა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ, 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაიხურა ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 1549 სარჩელი. აქვე ვთქვათ, რომ მოსარჩელეები საქართველოს სახელმწიფოს ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში სდებდნენ ბრალს, მაგალითად - სიცოცხლის უფლების ხელყოფასა თუ არაჰუმანურ ან შეურაცხმყოფელ მოპყრობაში.

ვინ იცავდა მოსარჩელეთა ინტერესებს და რატომ ვეღარ მოახერხეს მათ პროცესის გაგრძელება?

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინათინ ბურჯალიანი, ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, დახურული საქმეების მოსარჩელეებს სტრასბურგის პროცესში ძირითადად რუსი ადვოკატები ეხმარებოდნენ, თუმცა მათ სათანადო მტკიცებულებები არ გააჩნდათ. ხელისუფლების სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, ბურჯალიანისთვისაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ ასეთი ლოგიკური შედეგით დასრულდებოდა რუსეთის უსაფუძვლო და უკანონო პროპაგანდა, რაც ძირითადად საერთაშორისო ხმაურის ატეხას ისახავდა მიზნად:

თინათინ ბურჯალიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
”ჩვენი პოზიცია, როგორც კი სარჩელები ვნახეთ, იმთავითვე იყო ის, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა და რომ ეს სარჩელები არის ფაქტობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელი... ფაქტია, რომ ეს იყო სრულიად პროპაგანდისტული ნაბიჯი თავის დროზე და ფაქტია, რომ რუსეთი საქმეების წარმატების თვალსაზრისით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. მისთვის ამან, რაღაც თვალსაზრისით, უკვე შეასრულა მისია - ანუ თავის დროზე ბევრი საქმე შევიდა, რაღაც ხმაური ატყდა და ახლა კვლავ გაგრძელებით დიდად დაინტერესებული აღარ არის...”

ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შედეგის მიღწევა მოვახერხეთ... მაგრამ ამ საკითხის სრულად გაკონტროლება ჩვენთვის ძალიან რთულია...
სტრასბურგის სასამართლოს მიერ დახურული სარჩელების დიდი ნაწილი ვლადიკავკაზელი ადვოკატის ვლადისლავ ბაიკულოვის სათვალავზე მოდის. გასული წლის მარტში, როდესაც სასამართლომ პირველი 5 საქმე დახურა, ბაიკულოვმა, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამასთან, ”ეხო კავკაზასთან”, საუბრისას, წარუმატებლობის მიზეზებად უცხო ენის არცოდნა და არასაკმარისი ფინანსები დაასახელა. მარტის კრახის შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქოს საკუთარ თავზე აიღო პროცესის უზრუნველყოფა და გარკვეული კოორდინაცია, თუმცა როგორც 11 იანვარს იმავე ”ეხო კავკაზას” უთხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა, დავით სანაკოევმა, ადვოკატ ბაიკულოვს მათთან თანამშრომლობის მცდელობა არ ჰქონია. საერთოდ კი, სანაკოევის თქმით, ცხინვალის რეჟიმს პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულების საშუალება არა აქვს:

”ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შედეგის მიღწევა მოვახერხეთ... მაგრამ ამ საკითხის სრულად გაკონტროლება ჩვენთვის ძალიან რთულია, რადგანაც ამ პროცესში ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ როგორც მხარე. სხვა რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ... მაგალითად, საკონსულტაციო თუ სხვა სახის მომსახურება - ყველაფერი ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გავწიეთ...”

როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხინვალის რეგიონიდან შესული 3 300 სარჩელის დაახლოებით ნახევარი დახურა; ხოლო რაც შეეხება დარჩენილ საქმეებს, მართალია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას ერიდება, მაგრამ მაინც ამბობს, რომ ”განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ მოელის” და რომ, სავარაუდოდ, დარჩენილ სარჩელებსაც ”იგივე ბედი ეწევა”.

აქვე გავიხსენოთ, რომ რამდენიმე ასეულ სარჩელს ითვლის საქმეები, რომლებიც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეიტანეს. მაგალითად, დაახლოებით 400 სარჩელს აერთიანებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მომზადებული 50 საქმე, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიანიჭა რეგისტრაციის ნომრები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოელიან, რომ თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყველა ამ საქმეს წარმოებაში მიიღებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG