Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო ტრანსპორტის ფასს ბაზარი არეგულირებს


ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ, დღევანდელი პრესკონფერენცია საქალაქთაშორისო მარშრუტების შესაძლო გაძვირებას მიეძღვნა. როგორც ლავრენტი ალანიამ აღნიშნა, რუსთავი-თბილისის მარშრუტებზე მგზავრობის ფასის 50%-ით გაძვირების მიზეზი არა საწვავზე ფასის მომატება, არამედ საქალაქთაშორისო მარშრუტების ტრანსპორტში ქაოსური სიტუაციაა. ლავრენტი ალანიამ, ერთიან სატრანსპორტო ადმინიტრაციას სატრანსპორტო კომპანიების სანებართვო სისტემის შემოღების ინიციატივით მიმართა.

ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას, პროგნოზოთ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ფასის მატება თებერვლიდან კიდევ მოსალოდნელია, ამჟერად რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მსგავსად, ფასს სხვა რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშროტო ტაქსების მძღოლებიც გაზრდიან.

მგზავრობის საფასურის ზრდას ლავრენტი ალანია, საქალაქთაშორისო სატრანსპორტო სფეროში არსებულ ქაოსს უკავშირებს. მისი განცხადებით, საქართველოში მარშრუტების და ავტოსადგურების გახსნა მეგობრობა-ძმაკაცობით ხდება. ამას კიდევ ემატება ე.წ. მტაცებელი მარშრუტებიც; შესაბამისად, ხაზების მძღოლებს საკმარისი მგზავრთა ნაკადი აღარ გააჩნიათ, რაც სამგზავრო ფასის გაძვირებას იწვევს.

ლავრენტი ალანია, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე
”გამოვიდეს სატრანსპორტო ადმინიტრაცია, დაადგინოს სტატისტიკა და დაითვალოს ქრონომეტრაჟი; მე თუ აღმოვაჩინე, რომ 90-მდე ”ხიშნიკია”, ეგენი ჩემზე უკეთ დაითვლიან; მიიღონ სასწრაფოდ კანონი, რომელიც დაარეგულირებს სამარშრუტო სქემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსპორტი კიდევ გაძვირდება, კერძო სტრუქტურაა და მგზავრის გადაყვანა ასე უღირს”.

ლავრენტი ალანიამ მაგალითად რუსთავი-თბილისის ხაზზე არსებული სიტუაცია მოიყვანა, მისი ინფორმაციით, დღის განმავლობაში 90-მდე მტაცებლური რეისი ხორციელდება. სულ რუსთავი-თბილისის ხაზზე 350-მდე რეისი სრულდება. არსებული ვითარების გამოსასწორებლად ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ტრანსპორტის რეგულირების შესახებ კანონის შექმნა მოითხოვა; მან ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ასევე მოსთხოვა, რომ გადამზიდავი კომპანიებისათვის ნებართვების გაცემა ტენდერის საფუძველზე მოხდეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის კომპეტენციას ცდება აღნიშნული მოთხოვნის შესრულება. როგორც ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელმა, ქეთი ქოჩორაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, ამ მიმართულებით ადმინისტრაცია მხოლოდ ახლა იწყებს მუშაობის დაგეგმვას, კანონი მათ მხოლოს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების რეგულაციას ავალდებულებს:

”ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ფასების რეგულაციაში ვერ ერევა, მის კომპეტენციაში ეს არ შედის, ბაზარი თვითონ არეგულირებს ფასს და თავად სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გადასაწყვეტია მგზავრობის საფასურის განსაზღვრა”, - აცხადებს ქეთი ქოჩორაშვილი

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, შოთა მურღულიას, განმარტებით, 2003 წლის შემდეგ სატარიფო რეგულირების სისტემა შეიცვალა. სატრანსპორტო ტარიფის კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენცია გახდა - ისიც მხოლოდ შემდეგი სახის ტრანსპორტზე - ავტობუსებსა და მიწისქვეშა და მიწისზედა ელექტროტრანსპორტზე, სამარშუტო ტაქსები და სხვა დანარჩენი სატრანსპორტო საშულებები ფასის რეგულაციისგან გათავისუფლდა.

შოთა მურღულიას განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომა შემდეგი გარემოებით იყო განპირობებული: რადგან ეს სფერო ერთი კომპანიის ხელში არ არის და კონკურენცია დიდია, ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს. თუმცა შოთა მურღულია ამბობს, რომ აქ ბევრი რამის გათვალისწინება არ მოხდა, ბაზარი ოლიგოპოლიური გახდა, და ფასის მატებასთან დაკავშირებით კომპანიებს შორის ე.წ. კარტელური შეთანხმებები იდება, სახელმწიფო კი ასეთ გარიგებებში არ ერევა:

”საქართველოში ეგეთი შეთანხმებები არ ისჯება. ევროპაში, მაგალითად, არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ძალიან დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს, თუ ბაზარზე არსებული მსხვილი კომპანიები ფასს შეთანხმებულად გაზრდიან და მათ შორის კარტელური გარიგებები მოხდება”.

შოთა მურღულიას განმარტებით, სატრანსპორტო სფეროში ერთიანი რეგულაციის სისტემის შექმნის გარეშე, ფასის მატება გარდაუვალი იქნება. მას კონკრეტული სამარშრუტო სქემების დამუშავებისა და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით შემუშავებული სისტემის პირიბებში რეალური ფასის დადგენა უფრო ლოგიკურად მიაჩნია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG