Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღდგენას ითხოვენ


ინგა გრიგოლიას ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროსთან
ინგა გრიგოლიას ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროსთან
მოძრაობა "ქრისტიან-დემოკრატები" მეხუთე სამშობიარო სახლის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ინგა გრიგოლიამ, გათავისუფლებულ მედიცინის მუშაკებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მე-5 სამშობიაროს 80-მდე თანამშრომელი ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა გასული წლის ივნისში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა. ინგა გრიგოლიას თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 20 პროცენტით შემცირება. რა გახდა მეხუთე სამშობიაროს თანამშრომელთა დათხოვნის მიზეზი?

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ინგა გრიგოლია, ნომერ მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს იკრებს გარშემო. მოქმედების ადგილი ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაა. თუმცა, აქვე ერთი მცირე შენიშვნა: თემქაზე მდებარე მეხუთე კლინიკური საავადმყოფო გასული წლის ზაფხულამდე მეხუთე სამშობიარო სახლად იწოდებოდა. ანუ უფრო მართებული იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ინგა გრიგოლია ყოფილი მეხუთე სამშობიაროს ყოფილ, ანუ გათავისუფლებულ, თანამშრომლებს იკრებს გარშემო:

”ხელისუფლებამ დაიწყო ხალხის სამსახურებიდან გამოყრის ახალი ტალღა”, - აცხადებს ის ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე: ”თქვენ ჩემთან ერთად ხედავთ ღვაწლმოსილ ექიმებს, ექთნებს, მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს მეხუთე სამშობიარო სახლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოყარეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დაგეგმილია 20 პროცენტიანი შემცირებები. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ უამრავი ადამიანი დარჩება უსამსახუროდ. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ სხვა კლინიკებშიც იგეგმება ბევრი ადამიანის შემცირება”, - ამბობს ინგა გრიგოლია.

როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმები იხსენებენ, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში მეხუთე სამშობიაროში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ისინი დაიბარეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მარინა დარჩიამ თემქის მეხუთე სამშობიარო სახლში ბებიაქალად 32 წელი იმუშავა. ის პასუხს ითხოვს კითხვაზე, თუ რატომ დაითხოვეს სამსახურიდან:

”ჩვენ ვითხოვთ გაეცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ გაათავისუფლეს ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სამშობიარო სახლს და თავისი შრომით, ოფლით და უძილო ღამეებით შეძლეს ამ სამშობიარო სახლის შენარჩუნება.”

განსაკუთრებულ პრეტენზიას გათავისუფლებული მედიცინის მუშაკები მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მიმართ გამოთქვამენ. მეანგინეკოლოგი დავით ჟორჟოლიანი, რომელსაც 25 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს, ამბობს, რომ საავადმყოფოს მმართველობა ხელისუფლებამ 26 წლის გამოუცდელ არაპროფესიონალს ჩააბარა:

”ეს არის დანაშაული ხალხისა და ოჯახების წინაშე და დანაშაული ვისგან? - არაკომპეტენტური არასპეციალისტისაგან. 26 წლის ახალგაზრდა, სპეციალობით სტომატოლოგი, რომელიც გამოგდებულია გარდაბნისა და წალკის საავადმყოფოების მთავარი ექიმის თანამდებობიდან”, - ამბობს დავით ჟორჟოლიანი.

მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის - 26 წლის გურამ კერესელიძის - ბიოგრაფიის სრულიად განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს რადიო თავისუფლებას საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ნიკა ჭიჭინაძე:

”გურამ კერესელიძის აქ დანიშვნა მოხდა მისი პროდუქტიულობიდან გამომდინარე, ხოლო მის წლოვანებასთან დაკავშირებული პრეტენზიები, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ადამიანმა დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში გააკეთა იმდენი რამ, რაც, დამიჯერეთ, საკმარისი იყო მის აღნიშნულ პოსტზე დასანიშნად. ის იყო გარდაბნისა და წალკის საავადმყოფოების დირექტორი, პარალელურად ებარა ოცამდე გაპარტახებული ამბულატორია და ეს ყველაფერი მან ფეხზე დააყენა. მას ორგანიზებული აქვს დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისადმი მიძღვნილი ოცდაათამდე აქცია, რის გამოც მას გადაეცა პრეზიდენტის სიგელი და მიღებული აქვს ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობები. სწორედ ამის გამო მოხდა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა.”

საავადმყოფო 2010 წლის ივნისამდე ბლოკ-ჯორჯიას ეკუთვნოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა მათი მხრიდან საავადმყოფოს რეაბილიტაცია, სახელმწიფომ ობიექტის პატრონაჟი კვლავ საკუთარ თავზე აიღო და ჩვენ მოვედითო, ამბობს ნიკა ჭიჭინაძე. სწორედ მას შემდეგ გადაკეთდა სამშობიარო სახლი მრავალპროფილიან საავადმყოფოდ. ნიკა ჭიჭინაძის თქმით, ამ ეტაპისათვის საავადმყოფოს მედპერსონალი მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური ექიმებით არის დაკომპლექტებული. პარალელურად, ის რადიო თავისუფლებასთან ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს:

”პირველი რიგში, მიზეზი იყო თავისთავად ამ ექიმების დონე; მეორე ის, რომ თითო პაციენტზე დაახლოებით სამი მეანგინეკოლოგი მოდიოდა, რაც არანაირად არ არის მიზანშეწონილი და წამგებიანია როგორც კლინიკისათვის, ასევე პაციენტისათვის; და მესამე მიზეზი ის, რომ იყო ფინანსური საკითხები, რომლებზეც ჩვენ ჩამოვყალიბდით, შევჯერდით და, აქედან გამომდინარე, იყო რაღაც ნაწილი ექიმებისა, რომლებიც აქედან აუცილებლად უნდა წასულიყვნენ”, - ამბობს ნიკა ჭიჭინაძე.

აღსანიშნავია, რომ დათხოვნილი მედიკოსების სახელით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეტანილია განცხადება სანდრო ურუშაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე მათ თხოვნას არავინ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG