Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ გულეური - საბავშვო მწერალი


9 იანვარი, კვირა
დილით წვიმის ხმამ გამომაღვიძა. იანვარში წვიმა რაღაც უსიამოვნო განწყობას ქმნის. გამოფხიზლებული მივხვდი, რომ ეს განწყობა მთლად წვიმიანი ამინდის ბრალი არ იყო. ცუდი სიზმარივით გამახსენდა მეგობართან წუხანდელი სატელეფონო საუბარი.

შუაღამე იქნებოდა, რომ დამირეკა. მოუსვენრობა და ღელვა ხმაზეც ეტყობოდა: ვერ ვიძინებ, მარტოობისას მუდამ ბავშვობაზე ვფიქრობ, იმ წლებზე, როცა დედის და მამის სითბო მაკლდა, ახლა კი ის წლები დაკარგულად ჩანს და ვერაფრით ვინაზღაურებო.

ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ჰყავს, როგორც თვითონ იხსენებს, ბავშვობისას ყოველთვის ზედმეტად გრძნობდა თავს. ოჯახური უსიამოვნებები, მარტოობა, უყურადღებობა, მშობლების მზრუნველობის ნაკლებობა და დაუცველობის შეგრძნება დღემდე გამოჰყვა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და ამ ძალადობის შედეგები თანდათან უფრო მკვეთრად იჩენს თავს. ნერვული შეტევები, უძილობა, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ახლაც ვერავინ იცლის მისთვის. ექიმთან იძულებითი ერთობლივი ვიზიტის შემდეგ მკურნალობა დაიწყო, მაგრამ შედეგს ჯერ ვერ ხედავს. წუხელ კი ყველაფრისგან გათავისუფლება მოინდომა - დავლევ ამ საძილე საშუალებებს, ბევრს ერთად, და მოვისვენებო.

ბევრი საუბრის და თხოვნის შემდეგ შემპირდა, მხოლოდ ორმაგ დოზას მივიღებ, იქნებ როგორმე დავიძინო და დილით კარგად ვიყოო.

გამახსენდა ახლა ეს საუბარი და მაშინვე ტელეფონს დავწვდი.

ხმაზე მივხვდი, რომ გავაღვიძე. ნამძინარევმა დამამშვიდა, უკეთ ვარ, იქნებ დავიძინო კიდევო.

არ ვიცი, რომელი ექიმი ვურჩიო - უნდობლობა აქვს ექიმების მიმართაც. მგონია, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდება პირველ რიგში. რამდენად გამომყვება თუნდაც ფსიქოლოგთან, არ ვიცი, მაგრამ უნდა ვცადო.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სამწუხაროდ, ცოტანი არ არიან საქართველოში. ასეთი შემთხვევების უმრავლესობა კი დაფარული რჩება და შედეგები მოგვიანებით იჩენს თავს, როცა უკვე სრულწლოვანები, საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობენ და არცთუ იშვიათად, ისინიც ძალადობით.

დღიურის დაწყება სასიამოვნო თემით არ გამომივიდა...
თავისუფლების დღიურები - ვასილ გულეური
please wait

No media source currently available

0:00 0:09:03 0:00
გადმოწერა

10 იანვარი, ორშაბათი
არ ვიცი, ორშაბათის ბრალია თუ არა, მაგრამ სამსახურში მისვლისას კომპიუტერი ჩავრთე და მონიტორი კარგა ხანს პირღია სამარესავით მიყურებდა.

ნახევარ საათზე მეტი ვუცადე – დღიურის წერას ფურცელზეც მოვახერხებდი, მაგრამ საქმე?

მერე დავფიქრდი – ფურცელზე უფრო ხშირად ვწერ თუ კომპიუტერის დახმარებით? უნდა ვაღიარო: კომპიუტერმა გაუსწრო ფურცელს და კალამს. ფურცელზე უფრო ჩანახატების გაკეთება მიყვარს, დაღლილობას ძალიან შველის.

გამახსენდა, სკოლის პერიოდში ჩემი რვეულების ბოლო გვერდები როგორ იყო აჭრელებული ნახატებით და ჩანაწერებით. ცალი თვალი რომ მასწავლებლისკენ მეჭირა, ცალი თვალით რვეულის ბოლო გვერდებს ჩავჩერებოდი და ვხატავდი. მაინც დამდგომია თავს მასწავლებელი მოულოდნელად – გატაცება იცის ხატვამ, მით უფრო, თუ გაკვეთილი უინტერესოა.

ახლაც მიდევს ცარიელი ფურცელი კლავიატურის ქვეშ. საქმე თუ ცოტაა, ფანქარს ვიღებ. გატაცება იცის ხატვამ...

11 იანვარი, სამშაბათი
გორში პირველი თოვლი მოვიდა. ჯერ კიდევ ბინდი იყო, სახლიდან რომ გამოვედი. წვიმის წვეთებს შერეული ფანტელები შეშინებულებივით დაბორიალებდნენ ჰაერში. ქუჩის განათება უკვე გამორთული იყო (საინტერესოა, შუაღამის 2 საათზე თუ განათებულია ქუჩები, დილის 8 საათზე რატომაა ჩაბნელებული?)

ავტოსადგურში წავედი და წუთი-წუთზე მივუსწარი მიკროავტობუსს, სულ ბოლო სავარძელში ჩავიჭეჭყე და დავიძარით.

ქალაქს რომ გამოვცდი, თოვამ იმატა. თოვდა სწრაფად, ირიბად. ზუსტად ისე, როგორც გალაკტიონთან: „თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი. იფანტება თეთრი ფიქრები...“

გზაში კარგია ფიქრი. გზა ფიქრისთვისაა. ფანჯრიდან გაჰყურებ, როგორ გარბიან გზის პირას მდგარი ხეები, სახლები... სახლებში სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობენ, თავიანთი საფიქრალით... თოვლის მოსვლა მათთვის, ალბათ, პრობლემების მომატება უფროა, ვიდრე სიხარული. მხოლოდ ბავშვებს უხარიათ თოვლი გულწრფელი სიხარულით. თეთრი, წმინდა თოვლით დაფარული არე-მარეც ბავშვივით უმანკოა, სუფთა.

მაგრამ დიდხანს არ გასტანა ამ სითეთრით ტკბობამ – იგოეთს გამოვცდით და თანდათან თოვლიც გაქრა. ახლა სველი მიწა და ატალახებული მინდვრები მოჩანს...

სამსახურში ვარდის მურაბა მიმაქვს ქილით. რამდენიმე დღის წინ, საახალწლო განწყობით მოსული თანამშრომლები ტკბილეულზე საუბრობდნენ და მურაბების ჩამოთვლისას, ვარდის მურაბაც ახსენეს. რამდენიმემ გაიკვირვა – არ გაეგოთ, ვარდისგან მურაბა თუ მზადდებოდა. ისე, რა გასაკვირია – ბოლო წლებია, ვარდის დაკავშირება მურაბასთან ცოტა წარმოუდგენელია. ვუთხარი, სახლში გვაქვს და წამოვიღებ-მეთქი.

წუხელ სახლში ვთქვი, ვარდის მურაბა გამიმზადეთ-მეთქი. ქეთინომ მურაბა ქილაში გადმოიღო. დედაჩემმა, როგორც ყოველთვის, ვარდის მურაბის ქება დაიწყო: ჭამე, შვილო, გულს უხდებაო. გაზეთშიც ეწერაო, – მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა.

ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სჯერა იმის, რაც გაზეთებში წერია. ეჰ, დედა, მე ვიცი, რაც უხდება გულს...

არ ვიცი, გულს რაიმეს რგებს თუ არა, მაგრამ ვარდის მურაბა მოეწონათ თანამშრომლებს. თურმე, ვარდის გამოყენება სასარგებლოც შეიძლება იყოსო.

12 იანვარი, ოთხშაბათი
დილით ალეკომ დამირეკა, ჩემმა მეგობარმა: ვაკანსია იყო გამოცხადებული, გავგზავნე ანკეტა, დღეს ტესტირება მაქვს ინტერნეტით და, თუ დრო გექნება, იქნებ გამოხვიდე ჩემთანო.

მოვიცლი და შესვენების დროს გამოვალ-მეთქი.

სამუშაოს მოძიება, მით უფრო, ახალგაზრდებისთვის, უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული. თუმცა, რატომ ახალგაზრდებისთვის – ვაკანსიების უმეტესობას ასაკობრივი შეზღუდვა აქვს: 30, ჰა-ჰა, 35 წელი. სამუშაოს ნახავ და... მეორე პრობლემა დაბალი ანაზღაურება და გადატვირთული სამუშაო გრაფიკია.

ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც ალეკომ სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა, მერე კი სამუშაოც იშოვა თითქოს: ერთ-ერთ დიდ მაღაზიაში, სუპერმარკეტს რომ უწოდებენ, მაგრამ სუპერობისა მხოლოდ ამბიცია აქვთ.

სამუშაო განრიგი: დღეში 12 საათი, ანაზღაურება – საათში 83 თეთრი. სამუშაო – სრული დატვირთვით, ხუთწუთიანი შესვენებით, რომლის დროსაც ყავის დალევას თუ ასწრებდა, და ისიც თავისი ხარჯით. ერთი სიტყვით, არც შრომის უფლებები, არც დასვენებისა.

ერთი კვირა გაუძლო ამ, როგორც იტყვიან, ვირულ სამუშაოს, და ხელფასის მომატება ითხოვა. უარი მიიღო. ადგა და წამოვიდა. ასე ჯობდა. მაგრამ სამუშაო სჭირდება. ამიტომ, თუ რაიმე შესაფერისი ვაკანსია ნახა, გზავნის ანკეტას. ხელმეორე ტესტირება ერთი კვირის მერე დაუნიშნეს. იმედია, გამოუჩნდება სამუშაო.

სამსახურში დავბრუნდი, და დღეც უცებ გავიდა – შუადღის მერე მალე იწურება ხოლმე სამუშაო საათები.

საღამოს ირაკლისთან დავრჩი. ირაკლი ჩემი „არაბიოლოგიური“ ძმაა. ვხუმრობთ ხოლმე: სულაძე და გულეური, როგორც სული და გული, ასე ვართო. ეს ოჯახი ჩემთვის ძალიან ახლობელია.

13 იანვარი, ხუთშაბათი
დილით ირაკლიმ მკითხა, წიგნზე ხომ არაფერი გაგიგია, აღარ იბეჭდებაო?

თითქმის ერთი წლის წინ გავამზადე ახალი წიგნი „ზოოპარკი“ – საბავშვო ლექსების ციკლი ზოოპარკის ბინადრებზე. წიგნის საილუსტრაციო ფოტოები მე და ირაკლიმ გადავიღეთ – ნაწილი თბილისის ზოოპარკში, უმეტესობა კი - ერევანში, როდესაც მეგობართან ვიყავი ჩასული. სპეციალურად წავედი ერევნის ზოოპარკში, რადგან ბევრი ცხოველი, რომლის გადაღებაც მინდოდა, თბილისის ზოოპარკში არ იყო.

საინტერესო მასალა მოვაგროვე. წიგნის დიზაინი ირაკლიმ გააკეთა. შარშან ერთი გამომცემლობა დაინტერესდა და ხელშეკრულებაც გამიფორმა. ხელშეკრულების პირობებზე აღარაფერს ვამბობ: ავტორის ინტერესები მხოლოდ ის რჩება, რომ წიგნი მკითხველამდე მივიდეს. მაგრამ ესეც რომ არ ხდება და მთელი წელი იგვიანებს?

გადავწყვიტეთ, მომავალ კვირას ერთად მივიდეთ გამომცემლობაში და გავარკვიოთ, იბეჭდება თუ არა წიგნი.

14 იანვარი, პარასკევი
ძველი ახალი წელი რომ თენდება, სულ „ცისფერი მთები“ მახსენდება: რა საჭიროა ორი სათაური?

ისე, ეს „ძველი ახალი“ რა გამოდის? რომ ვთქვათ: „თეთრი შავი“ ან „მახინჯი ლამაზი“...

წუხელ 12 საათზე კი ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ჩემი საახალწლო ნატვრაა, ერთი ახალი წელი აღინიშნებოდეს, ოღონდ ყველას ეზეიმებოდეს, გვქონდეს ნამდვილად სადღესასწაულო განწყობა და არა მხოლოდ გარეგნულად, ზალპით და ფოიერვერკებით...

დილით, სანამ სახლიდან გამოვიდოდი, ლექსომ გაიღვიძა და ხელის აწევით გამომაცილა: „მა, მიდიხარ?“

თოვლის პაპას არც ლექსო და არც გიგა აღარ სწერენ წერილებს: საახალწლო საჩუქრებს ახლა მე მაბარებენ.

რა უშავს, ვიქნები თოვლის მამა. თუკი თოვლის პაპა არსებობს, თოვლის მამაც ხომ იქნება? ის კი არა, თოვლის შვილიშვილიც... ეს პატარა ლექსი საახალწლოდ დავწერე სწორედ:

გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.
დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!
საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.
შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!

ესეც ძველი ახალი წლის მოლოცვა!

15 იანვარი, შაბათი
ერთკვირიანი დღიურის ბოლო დღე.

გამახსენდა, სკოლის პერიოდში როგორ ვწერდი დღიურს. საგულდაგულოდ ვინახავდი საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში. ახლაც საგულდაგულოდაა შენახული... სხვენში.

იმ დღიურს არავის ვაკითხებდი. ახლა კი, ამ დღიურს ვიღაც წაიკითხავს, ალბათ.

გვჭირდება ადამიანებს ფიქრის გამზიარებელი! ვინც მოგვისმენს, არ განგვსჯის, ვისაც მივენდობით. დღიურის წერა კარგია, იქნებ გავაგრძელო კიდეც.

მაგრამ ფიქრის გამზიარებელი, მაინც, ადამიანი ჯობია.
XS
SM
MD
LG