Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აღიარებს და რას არა ხელისუფლება ეროვნულ საფრთხედ


საქართველოს ხელისუფლება დღემდე 2005 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით მუშაობს, რომელშიც რუსეთი მხოლოდ პოტენციური საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევა. შესაბამისად, კონცეფციის ახალ - 41-გვერდიან - პროექტში ქვეყნის უმთავრეს საფრთხედ და გამოწვევად დასახელებულია რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და ახალი სამხედრო აგრესიის განმეორება.

„2008 წლის აგვისტოში წარმოებული სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ან მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარება, არამედ საქართველოს პროდასავლური მთავრობის შეცვლა, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში, რომელზეც თითქმის სამი წელიწადი მუშაობდნენ უშიშროების საბჭოსა და მთავრობის ექსპერტები.

შემდეგ თავებში საფრთხედ არის მიჩნეული ასევე „კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება“, საერთაშორისო ტერორიზმი, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევები.


აფხაზური ქვიშა და ღორღი - მთავარი ეკოლოგიური საფრთხე


საფრთხეებისა და გამოწვევების ამგვარი თანმიმდევრობით განსაზღვრას ემხრობა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრი თეონა აქუბარდია, თუმცა უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების კონცეფციის ავტორებმა რუსეთის საფრთხეზე ძირითადი აქცენტის გაკეთებით უარი თქვეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს კვლავაც ემუქრება.

„ძველ კონცეფციაში ეკოლოგიურ საფრთხეებში იყო ასევე ჩადებული მასშტაბური პროექტები - ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ნავთობსადენი და მეზობელ სომხეთში მდებარე ატომური ელექტროსადგური, შესაძლო დივერსია ან ტექნიკური გაუმართაობა, რასაც საქართველოსათვის ასევე შეეძლო გამოეწვია ეკოლოგიური საფრთხე. რატომღაც ეკოლოგიურ საფრთხეებში დღეს აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, თუ რა ხდება სოჭის ოლიმპიადისათვის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, თუ როგორ გააქვთ საშენი მასალა სოჭის ოლიმპიადისათვის, და ეს არის მთავარ საფრთხედ მიჩნეული“.

თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში უფრო კონკრეტულად უნდა განისაზღვროს აფხაზებსა და ოსებთან დიალოგი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება და ეროვნული ინტერესი. ექსპერტის თქმით, საკმარისი არ არის მინიშნება „ჩართულობაზე“ - საუბარი უნდა იყოს პირდაპირ დიალოგზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელს ყველაზე მეტი შენიშვნა ახალი კონცეფციის პროექტის იმ თავის მიმართ აქვს, რომელსაც დოკუმენტში ეწოდება „ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ამაღლება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება“. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის წინა ტექსტთან შედარებით, თეონა აქუბარდიამ აღმოაჩინა, რომ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებლად აღარ მიიჩნევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას.

„როგორც ჩანს, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ისე დაიხვეწა, რომ აღარ არის საფრთხე, გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტი რომელიმე არასასურველ სახელმწიფოს ჩაუვარდეს ხელში. მაგრამ ეს ინფორმაციაც ამოღებულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი პროექტიდან და რატომღაც აღარ არის საფრთხედ მიჩნეული.“


ემუქრება თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში


თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში სათანადო ადგილი უნდა დაიკავოს სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფამ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურმა ღირებულებამ, რაც საქართველოში არ არის სათანადოდ გარანტირებული და, შესაბამისად, კვლავაც აქტუალურ სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადენს.

„2005 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მეტად იყო ხაზგასმული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ინსტიტუტების თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არაერთ გამოკვლევაში ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სტატუსით არის მოხსენიებული, სიტყვის თავისუფლებაზე ახალ კონცეფციაში არაფერია ნათქვამი“.

ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ავტორებმა, როგორც ჩანს, მიღწეულად მიიჩნიეს ისეთი ეროვნული მიზანი, როგორიცაა „კონსტიტუციის პატივისცემა და მოქმედ კანონმდებლობასთან მოქალაქეთა თვითიდენტიფიკაცია“. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელისუფლო ექსპერტებმა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილად მიიჩნიეს კორუფციის საფრთხე, რომელზეც, ძველისაგან განსხვავებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალ პროექტში ასევე არაფერია ნათქვამი.

„ძალიან საინტერესოა: რატომ არის კორუფციასთან ბრძოლა აბსოლუტურად გამქრალი ამ დოკუმენტიდან?.. კორუფცია, როგორც ასეთი, ჩვენ არ დაგვიმარცხებია ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით“.

თეონა აქუბარდიას უჭირს იმის პროგნოზირება, თუ რას გაითვალისწინებენ და რას არა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ავტორები მისი და სხვა ექსპერტების კრიტიკული შენიშვნებიდან. თუმცა მას პოზიტიურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვის ინიციატივა თავად ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან წამოვიდა. ეროვნული უშიშროების საბჭოში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტზე მომზადებული შენიშვნების განხილვა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG