Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ელექტროენერგია და პროდუქტები გაძვირდა


ცხინვალი
ცხინვალი
მიმდინარე წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს გაზრდილი ტარიფით გადაიხდიან. ამჟამად იქ 1 კოლოვატსაათი ელექტროენერგია 1 რუბლი და 14 კაპიკი ღირს. გასულ წელს ცხინვალელები მხოლოდ 80 კაპიკს (5,5 თეთრს) იხდიდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან იღებს. ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა კოკოითის ხელისუფლებამ აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ენერგეტიკულად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მანამდე ცხინვალს დენი თბილისიდან მიეწოდებოდა.

რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეღავათიან ფასად დაიწყო, მაგრამ ახლა ეტაპობრივი გაძვირება მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ივლისიდან 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია ცხინვალში 1 რუბლი და 49 კაპიკი ეღირება. კრემლი კოკოითის ხელისუფლებას პირობას აძლევდა, რომ ვიდრე დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, ენერგომატარებლებზე ფასები არ მოიმატებდა. ცხინვალელები ადგილობრივ ტელევიზიასთან უკვე ღიად აპროტესტებენ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას.

ადგილობრივი ელექტროგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებს მოსახლეობიდან დენის საფასურის ამოღება უჭირდათ. მათ ხშირად კარს არ უღებენ მრიცხველებიდან ჩვენებების ამოსაწერად. ამჟამად ცხინვალში შექმნილი მდგომარეობა დიდი ხნის წინანდელ, კომუნისტების მმართველობის დროინდელ იმ ვითარებას ჰგავს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი დენს იპარავდა, ინკასატორისთვის კარი სულ ჩაკეტილი იყო და მრიცხველი კინოფირის ნაგლეჯით იყო გაჩერებული. ცხინვალში დავალიანება დაგროვდა, რუსეთმა კი გადასახადი გაზარდა. ახლა დავალიანების მქონე აბონენტებს ახალი ტარიფით გადახდას სთხოვენ, რაც უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის. ადგილობრივი ენერგოკომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი მხოლოდ ინკასატორების მიერ აღებულ ჩვენებებს ენდობიან.

ცხინვალში პროდუქტები ყოველდღიურად ძვირდება. ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა კოლეგამ უამბო, რომ 1 კილოგრამი ხორცის ფასი დაახლოებით 14 ლარს შეადგენს, რაც, გორის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით, ორჯერ ძვირია. ფასების მატება სხვა პროდუქტებზეც შეინიშნება. ცხინვალში ასეთ მაღალ ფასს კი მხოლოდ რუსულ სამხედრო ბაზებზე დასაქმებული მოსამსახურეები სწვდებიან, რომლებსაც კარგი ანაზღაურება აქვთ. დე ფაქტო რესპუბლიკაში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ბოლო ინფორმაციით, იქ მალე ბუნებრივი აირის გადასახადიც გაიზრდება.
XS
SM
MD
LG