Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ის წლიური ანგარიში


Human Rights Watch-ის წლიურ ანგარიშში საქართველოს რამდენიმე გვერდი ეთმობა. მნიშვნელოვანი თავი ეძღვნება დევნილების გამოსახლების პროცესს, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს, შეკრებების თავისუფლების უფლების განხორციელებას, მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დარღვეულ ადამიანის უფლებებსა და სერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალდარღვევათა გამოძიების საკითხებს, ასევე ციხეებში არსებულ მდგომარეობას.
ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილი ქალი

ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტები უგულებელყო, ნათქვამია Human Rights Watch-ის წლიურ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს 5 გვერდი ეთმობა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ივნისში დაწყებულ დევნილების გამოსახლების პროცესს. აქ ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებას დევნილებთან მოლაპარაკება არ უწარმოებია და მათთვის ადეკვატური ალტერნატივა არ შეუთავაზებია. ზოგიერთმა დევნილმა ვერ მიიღო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ზოგიერთმა მიიღო, მაგრამ ცენტრიდან ძალზე დაშორებულ რეგიონში, სადაც, დევნილების განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არსებობს, მათთვის შეთავაზებულ საცხოვრებელ სახლებს სახურავი დაზიანებული ჰქონდათ, არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დარღვევებით...

Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ამბობს, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი მთელი რიგი სამართალდარღვევებით განხორციელდა:

”დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დარღვევებით. ისინი გაფრთხილებას იღებენ ძალიან მცირე დროით ადრე, მათი გადასახლება ხდება ადგილებში, სადაც, მათი განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არის და არ არის სოციალური ინფრასტრუქტურა, ანუ ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ დარღვევებს”.

ამ საკითხის გარდა, ანგარიშში საუბარია აზრის გამოხატვის შეზღუდვისა და სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენების გადაჭარბების შესახებ, მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც, საუბარია იმაზეც, რომ დღემდე ხელისუფლების მხრიდან არ გამოძიებულა გასულ წლებში მომხდარი ფაქტები. ეს შეეხება 2009 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული იმ სამი ახალგაზრდის საქმეს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას და გასული წლის 19 ნოემბერს ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელის გადარქმევის მიზნით გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების საქმეს.
ჩვენი ორგანიზაცია ხელისუფლებას სთხოვს, დადგინდეს იმ პირის ვინაობა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გარკვეული ტიპის იარაღი ყოფილიყო გამოყენებული გარკვეულ სიტუაციაში...

Human Rights Watch-ის ანგარიშში ადგილი ეთმობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენების შესახებ საქმის გამოძიებას. როგორც Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია აღნიშნავს, ქართულ მხარეს არ გამოუძიებია მათი ვინაობა, ვინც ბრძანება გასცა ამ ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ:

”არადამიზნებადი იარაღი იქნა გამოყენებული სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში, ანუ, მოგეხსენებათ, ე.წ გრადები დაუმიზნებლად აზიანებენ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულების ობიექტებს და ასეთი იარაღი იქნა გამოყენებული ცხინვალის ცენტრში. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ისინი ამბობენ, იმისათვის, რომ მოხდეს გამოძიება, გამომძიებლებმა უნდა შეძლონ ჩასვლა ცხინვალში და ზარალის ადგილზე ნახვაო. ჩვენი ორგანიზაცია ხელისუფლებას სთხოვს, დადგინდეს იმ პირის ვინაობა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გარკვეული ტიპის იარაღი ყოფილიყო გამოყენებული გარკვეულ სიტუაციაში”.

ანგარიშში ასევე საუბარია მედიის თავისუფლების შესახებ და ნათქვამია, რომ არის გარკვეული ბეჭდური გამოცემები, მაგრამ ნაციონალური არხები, როგორიცაა „რუსთავი 2“ და „იმედი“, კვლავ რჩება ხელისუფლების გავლენის ქვეშ. ამასთან, გაურკვეველია ამ მედიასაშუალებათა მფლობელების ვინაობა. ანგარიშში მოყვანილია ასევე რამდენიმე რეგიონალურ ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი, შემთხვევები, როდესაც მათ სამუშაო აღჭურვილობა ჩამოართვეს და გარკვეული დროის შემდეგ კი დაუბრუნეს, მაგრამ მასალა ჟურნალისტებს წაშლილი დახვდათ.

ანგარიშში ასევე მოხვდა ციხეებში არსებული მდგომარეობა. ნათქვამია, რომ მთავარ პრობლემად რჩება გადავსებული ციხეები, რის მიზეზად დასახელებულია ის, რომ საკმაოდ იშვიათია მოსამართლეების მხრიდან გამამართლებელი განაჩენები. პოზიტიურ ცვლილებადაა შეფასებული ის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულისათვის მინიმალური ზღვარი 12-იდან 14 წლამდე გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტების“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ზოგადად საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა უკანასკნელი წლის განმავლობაში საკმაოდ გაუარესდა და ამ აზრის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტების" წარმომადგენელი ლია მიხაშავრია

” სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ჩვენ 2010 წლის დეკემბერში გავაკეთეთ შეფასება კონკრეტულად დევნილებთან მიმართებაში, ანუ მათი საპროტესტო ტალღისა, ანუ როგორ ხდებოდა მისი ესკალაცია, და დავასკვენით, რომ სოციალურად ამ მხრივ ძალიან საშიში ვითარება გვაქვს და ეს არის ფეთქებადსაშიში ვითარება... და სულ ახლახან ამერიკაში ძალიან კვალიფიციურმა ექსპერტებმა გააკეთეს კვლევა და გამოაქვეყნეს სია პოლიტიკური ძალადობის ყველაზე მაღალი ინდექსის ქვეყნებისა, სადაც ჩევნ მოვხვდით ხუთეულში, უფრო მეტიც, მეოთხე ადგილზე ვართ და, მე მგონი, ეს ოკიანისგადაღმიდან დანახული იგივე პროგნოზია, რა პროგნოზიც ჩვენ გავაკეთეთ”, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

აქვე უნდა ითქვას, რომ, Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დემოკრატიის ხარისხი უარესდება და დასავლეთის მთავრობები ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ლოიალურები არიან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG