Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ტელეეთერში უპასუხა მოსახლეობის შეკითხვებს. პრეზიდენტს მასპინძლობდა ახალი რუსულენოვანი ტელეარხი ”პირველი საინფორმაციო კავკასიური”, ანუ ”პიკი”. ამასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებული პროგრამა საქართველოს სხვა ტელეარხებმაც აჩვენეს. შეკითხვების უდიდესი ნაწილი ეხებოდა სოციალურ მდგომარეობას. ბევრს აინტერესებდა, რამდენად არის შესაძლებელი, მოგვარდეს საქართველოში ფასების ზრდის პრობლემა. დაისვა შეკითხვა თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტებიდან დევნილების იძულებით გასახლებაზეც. საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც არის დევნილი, საქართველო ვერ ჩაითვლება „სრულფასოვან, ბედნიერ ქვეყანად“ და რომ მას (სააკაშვილს) „არც ერთ ადამიანთან, არც ერთ ჯგუფთან არა აქვს ისეთი სოლიდარობისა და სრული გაიგივების განცდა“, როგორც დევნილებთან. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ სოციალურ პრობლემას, სააკაშვილის შეფასებით, მთავრობას გარკვეული მიღწევები აქვს. შეკითხვები დაისვა საგარეო და საშინაო პოლიტიკაზეც. პროგრამის ერთ-ერთმა წამყვანმა პრეზიდენტს ჰკითხა, აპირებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრობას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. სააკაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. ”ვიღაცეებს აინტერესებთ და მათ შორის ძირითადად პოლიტიკოსებს - ვინ სად იქნება 2013 წელს... მაგრამ ჩემი მთავარი ინტერესი, ყოველდღიური და ყოველწამიერი, არის ის, არა სად ვიქნები მე, და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არამედ სად იქნება ჩემი ქვეყანა“- განაცხადა სააკაშვილმა პროგრამაში "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს".
XS
SM
MD
LG