Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი და ცხინვალი თბილისს ომისთვის მზადებაში ადანაშაულებენ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიკის ეთერში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიკის ეთერში
აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს ომისთვის მზადებაში ადანაშაულებენ და მაგალითად მოჰყავთ განცხადებები, რომლებიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილმა 25 იანვარს პირდაპირ ეთერში გააკეთა. საუბარია 25 იანვარს ახალი რუსულენოვანი ტელეარხის, პიკის ეგიდით განხორციელებულ პროექტზე - ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს”. სინამდვილეში რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა?
ხშირად ამბობენ, აი ჩვენ ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ... ომი არ დამთავრებულა. მე ვიქნებოდი პირველი, ვინც იტყოდა - რა კარგია, დამთავრდა... მაგრამ არაფერი არ დამთავრებულა...

ცხინვალის გაღიზიანება ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ 25 იანვრის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ გამოიყენა სიტყვა ”ოკუპირებული”. თავის მხრივ, რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჯერადაც და უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ რუსები არა ოკუპანტები, არამედ დამოუკიდებელი ქვეყნის - სამხრეთ ოსეთის - უსაფრთხოების დამცველები არიან. ამასთან, ცხინვალის საგარეო უწყება 26 იანვარს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ”ზომიერების გრძნობის არქონად”, უპასუხისმგებლობად და ომის მხარდაჭერად აფასებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 25 იანვარს ნათქვამ სიტყვებს, რომ ”ომი არ დამთავრებულა”. ეს ის სიტყვებია, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც თქვა, თუმცა - არა მუქარის, არამედ იმ კონტექსტში, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას:

”ხშირად ამბობენ, აი ჩვენ ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ... ომი არ დამთავრებულა. მე ვიქნებოდი პირველი, ვინც იტყოდა - რა კარგია, დამთავრდა... მაგრამ არაფერი არ დამთავრებულა, სამწუხაროდ. და თუ ვიქნებით კონსოლიდირებულები და ბოლომდე მივიყვანთ იმას, რაც არის, თუ არ შევდრკებით, თვალს არ დავახამხამებთ, ზურგს არ შევაქცევთ და არ გამოვიქცევით და განვვითარდებით, ჩვენ ამ ომს ნამდვილად მოვიგებთ...”
მომავალი წლის შეხვედრას სააკაშვილი სოხუმში აპირებს. ასეთი ტიპის განცხადებები წარმოადგენს ღია მოწოდებას ახალი საომარი აგრესიის მოსამზადებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ...

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ომის დამთავრება-არდამთავრებასთან დაკავშირებით ნათქვამი ეს სიტყვები მუქარად აღიქვეს სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებაშიც. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს, რომელთა შინაარსიც სრულიად ეწინააღმდეგება მის მიერ ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გახმაურებულ სამშვიდობო ინიციატივას. სოხუმში ფიქრობენ, რომ საქართველო ომისთვის ემზადება. ფრაგმენტი დე ფაქტო უწყების მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებული საგანგებო განცხადებიდან:

”(სააკაშვილის) განცხადება შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხალხის მისამართით, რომ უახლოეს წელიწადში იცხოვროს დევიზით ”მომავალ წელს სოხუმში შევხვდეთ”. ამასთან, სააკაშვილმა თავს უფლება მისცა ღიად ეთქვა, რომ მისი ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და საუკეთესო ორგანიზების პირობებში საქართველო მოიგებს ომს. მომავალი წლის შეხვედრას სააკაშვილი სოხუმში აპირებს. ასეთი ტიპის განცხადებები წარმოადგენს ღია მოწოდებას ახალი საომარი აგრესიის მოსამზადებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”.
ახლაც გავიმეორებ - ”მომავალ წელს სოხუმში” და ამას გავიმეორებ მანამ, სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ჩვენს სახლში...

ისევე, როგორც ჩვენ მიერ უკვე მოყვანილი პირველი მაგალითის შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს ამ შემთხვევაშიც მცდარ კონტექსტში განიხილავს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება. საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც თქვა - ”მომავალ წელს სოხუმშიო”, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტის განცხადება არა 2012 წლის სოხუმში შეხვედრის კონკრეტულ გეგმას, არამედ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრინციპულ პოზიციას შეეხება:

”ებრაელები ამას ამბობდნენ ყოველთვის - ”მომავალ წელს იერუსალიმში”... ყველა ქართველმა, მრავალეთნიკური საქართველოს ყველა მკვიდრმა, მათ შორის თავის სახლიდან გამოყრილმა ყველა ბერძენმა, სომეხმა, უკრაინელმა თუ ესტონელმა უნდა თქვას - ”მომავალ წელს სოხუმში...” და ნურავინ ნუ გამომეკიდება ამ სიტყვაზე. ახლაც გავიმეორებ - ”მომავალ წელს სოხუმში” და ამას გავიმეორებ მანამ, სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ჩვენს სახლში”.

რაც შეეხება აფხაზეთში დაბრუნების გეგმას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 იანვარს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს გეგმა მოთმინებაზე, ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოების გაძლიერებაზეა აგებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG