Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სოხუმთან პირდაპირ კავშირს ამყარებს?


სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები
სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები
28 იანვარს თბილისს ესტუმრა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები, რომელიც 27 იანვარს შეხვედრებს სოხუმში მართავდა. საუბარი ძირითადად ჰუმანიტარულ ჭრილში მიმდინარეობდა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებმა დახმარების არაერთ საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. თუმცა სოხუმი ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივას მხოლოდ თბილისის გვერდის ავლით ხედავს. რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირმა პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს სოხუმთან?
ბევრი ვისაუბრეთ სამედიცინო ცენტრის აღდგენის აუცილებლობაზე. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ქალაქის საავადმყოფო, რომელიც დაიწვა და რომლის ადგილას თანამედროვე სამედიცინო ცენტრი უნდა აშენდეს...

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მეთვალყურეებს ჯერ ისევ არ უშვებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები ევროკავშირს დახმარებას სთხოვენ ჰუმანიტარული პროფილის გარკვეული პროექტების განხორციელებაში. სოხუმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა დახმარების აუცილებლობას განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულებით ხედავს. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელ პეტერ სემნებისთან 27 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ, სერგეი შამბამ თქვა, რომ ნარკომანიასა და შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო პროექტების გარდა, საუბარი შეეხო ასევე სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის პერსპექტივებსაც:

”ბევრი ვისაუბრეთ სამედიცინო ცენტრის აღდგენის აუცილებლობაზე. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ქალაქის საავადმყოფო, რომელიც დაიწვა და რომლის ადგილას თანამედროვე სამედიცინო ცენტრი უნდა შეიქმნას; ასევე ვილაპარაკეთ ონკოლოგიურ საავადმყოფოზე... ”

სოხუმი ევროკავშირთან ურთიერთობების პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი ეს პროცესი თბილისის გვერდის ავლით წარიმართება და ამ პრინციპს აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას 27 იანვარს სერგეი შამბამაც გაუსვა ხაზი. ხოლო რამდენიმე დღით ადრე ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამაც ილაპარაკა.
მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ აფხაზეთში მცხოვრები ხალხის მენტალიტეტთან და აღქმასთან... რათა მათ უფრო უკეთ გავაცნოთ ევროპა და ევროპული ფასეულობები...

რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირმა თბილისის გვერდის ავლით პირდაპირი კავშირი დაამყაროს სოხუმთან?

ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ პეტერ სემნების 28 იანვარს მიმართა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ საკითხს თავად ის ასეთი ფორმით არ დასვამდა, თუმცა კავშირების დამყარებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

”ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ კავშირები კონფლიქტის ხაზების იქით აღდგენილი და განვითარებულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ აფხაზეთში მცხოვრები ხალხის მენტალიტეტთან და აღქმასთან... რათა მათ უფრო უკეთ გავაცნოთ ევროპა და ევროპული ფასეულობები. და ეს, თავის მხრივ, ავტომატურად, ასევე მეტად სასარგებლო იქნება იმ ძალზე რთული კონფლიქტური საკითხების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. ვფიქრობ, ეს დაეხმარება, ასე ვთქვათ, შერიგებას, რაც ჩვენ საბოლოოდ გვჭირდება ამ კონფლიქტში.”

და მაინც, რა გზებით აპირებს ევროკავშირი კონტაქტსა და თანამშრომლობას სოხუმთან? - ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი ამ ეტაპზე არაფერს აკონკრეტებს. თუმცა ფაქტია, რომ პეტერ სემნები სოხუმიდან ჩამოტანილი შთაბეჭდილებების გასაზიარებლად 28 იანვარს შეხვედრებს მართავდა თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქვე ვთქვათ, რომ ერთსაათიანი საუბრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.

მაგრამ, როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამყარებული ყველანაირი კავშირი შესაბამისობაში უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მიღებულ სახელმწიფო სტრატეგიასთან და ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმასთან, რაც ჩართულობისა და ნდობის აღდგენის პრინციპს ემყარება:
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე

”იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს იქნება მთავარი დასაყრდენი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შექმნის დროს გამოყენებული პრინციპები იქნება ის მთავარი მიდგომა, რომლითაც იხელმძღვანელებს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის - ევროკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმოქმედებდეთ კოორდინირებულად, როგორც იტყვიან, ერთმა ხელმა იცოდეს რას აკეთებს მეორე ხელი... რომ ყველა ჩვენი ქმედება იყოს მიმართული რეზულტატზე, რეზულტატი კი არის კონფლიქტის და ომის შედეგად გახლეჩილი თემების გაერთიანება”.

სახელმწიფო სტრატეგია, რაზეც გიორგი ბარამიძე ლაპარაკობდა, მიუღებელია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ის მხარდაჭერილია ევროკავშირის დონეზე და შეესაბამება ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას. გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მისამართით მტკიცედ იცავს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. 2009 წელს შემუშავებული ეს პრინციპი მიზნად ისახავს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის გზების გამონახვას, მათი აღიარების გარეშე. უნდა ვივარაუდოთ, რომ პეტერ სემნები ახლა სწორედ მხარეებისთვის მისაღები გზების გამონახვას ცდილობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ისევ აპირებს სოხუმში ჩასვლას არც ისე შორეულ მომავალში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG