Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაპატიმრობა ბელორუსულად


პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია ბელორუსიაში
პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია ბელორუსიაში
ბელორუსიის პრეზიდენტმა გულმოწყალება გამოიჩინა თავისი დაუნდობელი კრიტიკოსების მიმართ და ორ მათგანს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა შინაპატიმრობაცაა და შინაპატიმრობაც - ორივე მათგანი ბინას იყოფს ამ ქვეყნის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებთან.

შინაპატიმრობა, საერთოდ, ყველანაირ პატიმრობას სჯობს იმის გამო, რომ საკუთარ სახლში ხარ, შენს საწოლში გძინავს, საკუთარ ტახტზე წამოწვები და წაიკითხავ და ასე შემდეგ. ალექსანდრ ლუკაშენკოს, როცა თავისი ორი ოპონენტი - ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმერ ნიკლიაევი და ჟურნალისტი ირინა ხალიპი - ციხიდან გაუშვა და შინაპატიმრობა მიასჯევინა, სავარაუდოდ, ის ამოძრავებდა, რომ დასავლეთის გული მოეგო და სანქციების დაწესება თავიდან აეშორებინა. თუმცა ამ ნაბიჯმა ლუკაშენკოს ვერ უშველა, სანქციები დასავლეთმა ბელორუსიის მმართველებს მაინც დაუწესა. ორივე ეს პირი დააკავეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მასობრივი გამოსვლების დროს, როცა ისინი და მათი მხარდამჭერები არჩევნებს და მინსკის მმართველებს აკრიტიკებდნენ.

შეგახსენებთ: 19 დეკემბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც არასამართლიანად და დარღვევებით ჩატარდა, ლუკაშენკო პრეზიდენტის სავარძელში დარჩა. ძალაუფლება მან კიდევ ერთხელ გამოავლინა, როცა შინაპატიმრობა თავისებური ფორმით დაუწესა ნიკლიაევსა და ხალიპს: ორივეს ბინაში - და არა ბინის გარეთ - მორიგეობს ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურის, „კა-გე-ბეს“, თანამშრომელი. ნიკლიაევის ცოლმა ტელეფონით გვიამბო:

„ისინი გვერდზე ოთახში არიან. კარი მუდამ ღია აქვთ. ეს იყო ვლადიმირის შინ გამოშვების პირობა: როცა ციხიდან გაათავისუფლეს, ხელი მოაწერინეს განცხადებაზე, რომ არ არის ამის წინააღმდეგი“.

ნიკლიაევი საპატიმროდან გამოუშვეს 29 იანვარს, ხალიპთან ერთად. მასაც, ისევე როგორც სხვა ცნობილ ოპოზიციონერებს, მასობრივი არეულობისთვის ხელის შეწყობის გამო გამოუტანეს განაჩენი. ეს არ არის ბელორუსიის კანონით მსუბუქი დანაშაული, მაგრამ მათ შინაპატიმრობა დაუწესეს, თანდართული აკრძალვებით: არ აქვთ სახლის დატოვების უფლება, არ აქვთ ტელეფონით საუბრის უფლება, არ აქვთ სტუმრების მიღების უფლება, ეკრძალებათ რადიოს მოსმენა და კომპიუტერის ხმარება. და რაც განსაკუთრებულს ხდის ბელორუსულად შინაპატიმრობას ისაა, რომ მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება - ერთობ უჩვეულო წესი. ნიკლიაევა გვიამბობს:

„ექიმებს მათი მონახულება არ შეუძლიათ. გვითხრეს, რომ მხოლოდ მე მაქვს მისი მდგომარეობის შესახებ ექიმთან ლაპარაკის უფლება. მას შეუძლია გამოწეროს წამალი და ასე, დაუსწრებლად, წარმართოს მკურნალობა“.

64 წლის ნიკლიაევს ჰიპერტონია აწუხებს. მისი მდგომარეობა ცუდი იყო და 19 დეკემბრის არეულობის შემდეგ რამდენჯერმე სცემეს. საავადმყოფოდან ციხეში ის წაიყვანა პირმა, რომელსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა.

ბელორუსიის ხელისუფალთა მიმართ ღრმა უკმაყოფილების მიუხედავად, ოპოზიციონერის ცოლმა გადაწყვიტა, მათთან ერთ ჭერქვეშ მყოფ უშიშროების თანამშრომელს არ აუმხედრდეს. ნიკლიაევა ამბობს, რომ ხანდახან ის სტუმრებს ჩაის და საჭმელს სთავაზობს, რისთვისაც მისი ქმრის მომხრეებმა გაკიცხეს კიდეც. ნიკლიაევა განმარტავს ასეთი სტუმარმასპინძლობის მიზეზს:

„ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ჩემს ბინაში მოვინდომო, დაპირისპირებაა. დაპირისპირების გარემოში ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვიცხოვრე და ახლა კმარა. მინდა ჩემმა ქმარმაც შინ სიმშვიდეში, ნორმალურ ატმოსფეროში იცხოვროს, სტრესის გარეშე“.

განსხვავებული დამოკიდებულება მსგავსი პირობების მიმართ არც მეორე შინაპატიმრის, ირინა ხალიპის მამას, ვლადიმერ ხალიპს აქვს, არც ის არის კონფრონტაციის მომხრე უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც მათ ბინაში სახლობენ. მისი აზრით, ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. ჟურნალისტის მამა, განსხვავებით ნიკლიაევასგან, რომელიც თავის ქმარს ქვეყნის ამბებს უყვება, შვილს ყველაფერზე ელაპარაკება, გარდა პოლიტიკური თემებისა.

„მე ნება დამრთეს შევხვდე და ველაპარაკო მას. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველდღიურ ამბებზე, სხვა საკითხებს არ ვეხებით, რათა არ გავამწვავოთ ვითარება“, ამბობს ვლადიმერ ხალიპი, რომლის სიძეც, ირინა ხალიპის ქმარი, ანდრეი სანიკაუ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ჩართული 19 დეკემბრის არჩევნებში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში, კვლავ ციხეშია - ისიც არჩევნების შემდგომ პერიოდში ქმედების გამო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG