Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში საქართველოზე


მიხეილ სააკაშვილი და ანგელა მერკელი
მიხეილ სააკაშვილი და ანგელა მერკელი
მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების 47-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 350-მდე მაღალი დონის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის- პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. საქართველოს დელეგაციას მიუნხენში ხელმძღვანელობს ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კონფენერციის მონაწილეებს სიტყვით 6 თებერვალს მიმართავს. რა ძირითად უწყებებს მოიცავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა და რას მოუტანს ქვეყანას ამ უწყებების მაღალი ტრიბუნიდან გახმიანება?

მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციის ყურადღების ცენტრში რჩება ეგვიპტესა და სხვა არაბულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები. სხვა მთავარ თემათა შორის კი არის ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, კიბერომი, განიარაღება, კონფლიქტები და სხვა. კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 5 თებერვალს გამართულ ორმხრივ შეხვედრებში თავისი მნიშვნელობით გამორჩეული იყო დიალოგი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. საუბრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე გაამახვილა.:

შუამავლები ჩვენ არ გვჭირდება და არც თქვენ გჭირდებათ დამცველები მაკკეინის სახით ...
”უპირველეს ყოფლისა, ქალბატონი მერკელის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მხარდაჭერა ზოგადად საქართველოს განვითარების და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობისა - განსაკუთრებით იმ ჭრილში, როდესაც საუბარია რუსეთზე. მან აღნიშნა საქართველოს როლი რუსეთთან დიალოგში და ისიც, რომ ცდილობენ მეტ-ნაკლები ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე, რათა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რაც მათ აღებული აქვთ”, განუცხადა მიუნხენში ტელეკომპანია ”იმედს” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რუსეთის შეიარაღების რაოდენობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და გამოითქვა ვარაუდიც, რომ გერმანია განაგრძობს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, რათა მან უპასუხოს ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივებს. ამ ინიციატივებს მიუნხენში არაპირდაპირ, კულუარულად, მედიასთან კომენტარებში გამოეხმაურა რუსეთის დელეგაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ მარგილოვი, რომლის აზრითაც, დროა რუსეთმა და საქართველომ სადავო თემები შუამავლების გარეშე გადაჭრან:

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისა ...
”იმას, რასაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აქვს ადგილი, არანორმალურია. ჩვენ საუბარი უნდა დავიწყოთ და ვისაუბროთ პირდაპირ. თუ მთავრობათა დონეზე ვერ ხერხდება, შეიძლება შეხვედრები გაიმართოს პოლიტიკოსებს შორის, პარლამენტების დონეზე. შუამავლები ჩვენ არ გვჭირდება და არც თქვენ გჭირდებათ დამცველები მაკკეინის სახით.”

ამერიკის დელეგაციაში მყოფმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი, თავის მხრივ, მიუნხენში მედიას განუცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ყველგან და ყოველთვის გააპროტესტებს:

”მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისა. მსოფლიო არ ეთანხმება რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. მე მყარად ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას იმის შესახებ, რომ საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღება უნდა მოიპოვოს.”

მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტუალობით არ გამოირჩევა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენცია წარმოადგენს პოლიტიკური განცხადებების არენას, საინტერესოა, რა იქნება საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების ძირითადი ხაზი. ამ შეკითხვით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელს, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს მივმართეთ. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავის მოხსენებაში ისაუბრებს ევროპაში უსაფრთხოებისა და ამ უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის - პატივისცემის შესახებ. მოხსენების მთავარი კონტექსტი კი იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მეზობელი რუსეთის მიერ. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას კიდევ ერთხელ შეეცდება:

”მე არ ვიცი აქვს თუ არა შემუშავებული ჩვენს მთავრობას რაიმე ახალი იდეები, რომელიც ეხმიანება არა მარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, არამედ რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში შეიტანდა რაღაც წვლილს და, ამავე დროს, გვაჩვენებდა გზას იმისათვის, ნაკლებად მტკივნეულად როგორ მოგვარებულიყო ჩვენი პრობლემა. შესაძლოა ჰქონდეთ რაიმე ასეთი იდეები და გააჟღეროს პრეზიდენტმა.”

მიუნხენის კონფერენცია უკვე 40 წელია არის ტრადიციული საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც გლობალური მნიშვნელობის აქტუალური საკითხები განიხილება.
XS
SM
MD
LG