Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაღმოჩენილი პლანეტა კანდიდატები


კოსმოსური ობსერვატორია "კეპლერი"
კოსმოსური ობსერვატორია "კეპლერი"
ნასამ გამოაქვეყნა ინფორმაცია პლანეტების პირველი პარტიის შესახებ, რომლებიც „კეპლერის“ მისიამ აღმოაჩინა. თანამგზავრულმა ობსერვატორია „კეპლერმა“ აქამდე წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ხუთი თვის განმავლობაში კოსმოსურმა ტელესკოპმა სხვა ვარსკვლავების 1250-მდე პლანეტა აღმოაჩინა. მათ შორისაა 54 ობიექტი, რომელთა ორბიტები გადის სასიცოცხლო ზონაში, ანუ იქ, სადაც მოიპოვება თხევადი წყალი და, შესაბამისად, შესაძლებელია არსებობდეს სიცოცხლე. ხუთი მათგანი დაახლოებით ჩვენი დედამიწის ზომისაა. აქამდე სიცოცხლისთვის გამოსადეგ ზონაში არსებული და დედამიწის მსგავსი ერთადერთი პლანეტა იყო ცნობილი.
„ის, რომ ამდენი პლანეტა კანდიდატი აღმოვაჩინეთ ცის ასეთ პატარა მონაკვეთზე, აჩვენებს, რომ ირმის ნახტომში არსებობს უთვალავი პლანეტა, რომლებიც მზისმაგვარ ვარსკვლავებს უვლიან გარს,“ ამბობს უილიამ ბორუკი, „კეპლერის“ მისიის მთავარი მეცნიერი.
ტელესკოპი, რომელიც 2009 წელს შეუდგა მუშაობას, 156 ათასი ვარსკვლავის ნათების ხარისხს აკვირდება ცის 1/400-ის მონაკვეთში. „კეპლერი“ ეძებს პლანეტებს, რომლებსაც გარკვეული მახასიათებლები აქვთ.
როცა პლანეტა თავის ვარსკვლავსა და დედამიწას შორის გაივლის, ის ოდნავ ასუსტებს ამ ვარსკვლავის ნათებას. ნათების ასეთი დასუსტების პერიოდულობა იმის ნიშანია, რომ საქმე გვაქვს პლანეტასთან, რომელიც მუდმივ ორბიტაზე უვლის თავის ვარსკვლავს (თავის მზეს). ასეთ პლანეტებს ტრანზიტული ეწოდება. ასტრონომები ნათების შესუსტების ხარისხით ადგენენ პლანეტის ზომას.
მონაცემები, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა, მოიცავს 2009 წლის 12 მაისიდან 17 სექტემბრამდე პერიოდის ტრანზიტებს, ანუ პლანეტების გავლას. აღმოჩნდა დედამიწის ზომის 68 პლანეტა, 288 ეგრეთწოდებული სუპერდედამიწა, რომლებიც ორჯერ და უფრო მეტად აღემატება დედამიწას. აღმოჩნდა ნეპტუნის ზომის 662 ციური სხეული, იუპიტერის ზომის 165 და იუპიტერზე უფრო დიდი 19 ობიექტი.
„კეპლერის“ მიერ აღმოჩენილი ობიექტების უმრავლესობის შემთხვევაში მეცნიერები ფრთხილობენ და მათ პლანეტა კანდიდატებს უწოდებენ. მათი საბოლოოდ პლანეტებად აღიარებისთვის დამატებითი კვლევაა საჭირო. მაგალითად, ასტრონომები ცდილობენ, გაზომონ ვარსკვლავების რყევითი მოძრაობები, რაც მათი პლანეტების მიზიდულობით იქნებოდა გამოწვეული. ამ მოძრაობით შეიძლება პლანეტის მასის დადგენაც.
„კეპლერის“ მიერ ნაპოვნი ყველა ობიექტის შემოწმებას მრავალი წელი დასჭირდება. მაგრამ ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ კანდიდატთა უმრავლესობა ჩააბარებს გამოცდას.
ვინაიდან მზის მსგავსი ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონაში პლანეტების გავლა დაახლოებით წელიწადში ერთხელ ხდება, და რადგანაც საბოლოოდ სამი ტრანზიტია საჭირო იმის დასადგენად, მართლა დედამიწისმაგვარ პლანეტებთან გვაქვს საქმე თუ არა, ამიტომ ეს პროცესი სამ წელს გასტანს.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG