Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ამჯერად ბრიტანელი ჟურნალისტი გააძევა


რუსეთის სასაზღვრო უწყებამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა ბრიტანული ”გარდიანის” კორესპონდენტს ლუკ ჰარდინგს და იგი მოსკოვის აეროპორტიდან უკან - ლონდონში - გაამგზავრეს. რუსეთის ხელისუფლებას ასეთი საქციელის მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კრემლი გააღიზიანა ”ვიკილიკსის” ტელეგრამებზე დაყრდნობით მომზადებულმა პუბლიკაციებმა, რომელშიც ჟურნალისტი პუტინის დროინდელ რუსეთს მაფიოზურ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

ლუკ ჰარდინგი ამბობს, რომ ლონდონში ორთვიანი მუშაობის შემდეგ იგი მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც შერემეტევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა მას პასპორტი ჩამოართვეს და უთხრეს, რომ ეკრძალება რუსეთში შესვლა:

ლუკ ჰარდინგი
„ვიღაც ჩემი პასპორტით გაუჩინარდა გვერდით ოთახში, შემდეგ საკმაოდ სწრაფად გამოჩნდა და მითხრა: „თქვენთვის რუსეთის ფედერაცია უკვე დაკეტილია.“

ამის შემდეგ „გარდიანის“ ჟურნალისტი გადაიყვანეს დაკავებულთა საკანში, ესკორტით მიიყვანეს ტრაპთან და ლონდონისკენ მიმავალი პირველივე რეისით უკან გაამგზავრეს, ხოლო პასპორტი მხოლოდ თვითმფრინავში დაუბრუნეს.

ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სურს გაიგოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი. თუმცა რუსეთის ხელისუფლება განმარტებას არ ჩქარობს.

მათ შემატყობინეს, რომ აღარ განაახლეს ჩემი აკრედიტაცია, ურომლისოდაც რუსეთში დარჩენა შეუძლებელია ...
ლუკ ჰარდინგს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა იმ დროიდან, როდესაც 4 წლის წინ ჟურნალისტი პირველად ჩაფრინდა რუსეთში. იმხანად მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა კაგებეს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლის გამო. ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა გასულ წელს, როდესაც ჰარდინგი მივლინებით იმყოფებოდა ამბოხებულ კავკასიის რეგიონში და ინტერვიუ ჩამოართვა იმ თვითმკვლელი ტერორისტის მამას, რომელმაც გასულ წელს მოსკოვის მეტროში აფეთქება მოაწყო. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ლუკ ჰარდინგმა, ამ ინტერვიუს გამო იგი შარშან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს:

„მათ შემატყობინეს, რომ აღარ განაახლეს ჩემი აკრედიტაცია, ურომლისოდაც რუსეთში დარჩენა შეუძლებელია, რადგან აკრედიტაციის გარეშე ვიზას ვერ მიიღებთ. წლის ბოლოს იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა. ასეთ გადაწყვეტილებამდე ისინი ორი მიზეზის გამო მივიდნენ.

რუსმა მოხელეებმა მითხრეს, რომ მე ძალიან „მძიმე დანაშაული“ ჩავიდინე, როდესაც „გარდიანის“ სხვა ჟურნალისტის სახელზე გამოწერილი საშვებით „გრინპისის“ წარმომადგენლებთან ერთად გავემგზავრე რუსეთის არქტიკაში.

მე ვუთხარი მათ, მესმის, მაგრამ სკანდალი არ აგვცდება, დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ საქმის ასეთი განვითარება-მეთქი? მე ვიჩივლებ ბრიტანეთის საელჩოსა და მთავრობაში-მეთქი. ისინი ძალიან ინდიფერენტულები იყვნენ, რამაც მაფიქრებინა, რომ ის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, გაცილებით უფრო მაღალი რანგისა უნდა ყოფილიყო“, უთხრა ჰარდინგმა რადიო თავისუფლებას.

რუსეთიდან რეგულარულად აძევებენ უცხოელ ჟურნალისტებს, რაც შურისგებას ჰგავს რუსი ჯაშუშების გამოაშკარავების გამო. გასულ წელს - მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინა რუს ჟურნალისტს, რომელიც ჯაშუშური საქმიანობით იყო დაკავებული, - კრემლმა რუსეთიდან გააძევა ჩეხეთის ტელევიზიის კორესპონდენტი იოზეფ პაზდერკა. მაგრამ უცხოელ ჟურნალისტებს რუსეთიდან მათი რეპორტაჟების გამოც აძევებენ. 2005 წელს რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა ამერიკულ ტელეარხ „ეი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი, რომელმაც ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერ შამილ ბასაევისაგან აიღო ინტერვიუ.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან რუსეთში თავად რუსი ჟურნალისტები. ხშირია მათი მოკვლისა და ცემის შემთხვევები, დამნაშავეთა მოძიება და დასჯა კი - იშვიათი. რუსეთი ჟურნალისტებისათვის დღემდე ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქვეყნად.

ლუკ ჰარდინგი, „გარდიანის“ ჟურნალისტი, ამჟამად ლონდონში იმყოფება, მისი ცოლ-შვილი კი მოსკოვშია. იგი ამბობს, რომ არ აპირებს თავისი გაძევების გასაჩივრებას. „ეს, უბრალოდ, შეუძლებელია და მცდელობასაც კი აზრი არა აქვს“, - ამბობს ჰარდინგი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG