Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის წლიური ანგარიშის კვირა


ამ კვირაში საქართველოში კიდევ უფრო აიწია ფასებმა პურპროდუქტებზე, მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრით გადახდა დაუწესეს, პარალელურად დაიწყო 20-ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემა. მსოფლიო მედიაში ერთი წლის წინ ვანკუვერში დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი კიდევ ერთხელ გაისმა. კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა კი საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა და დებატები გახლდათ.

გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა კვირის ბოლოს დაემთხვა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. სამსაათიანი დებატები პარასკევს, 11 თებერვალს, ღამის თორმეტ საათზე დასრულდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდხანს ილაპარაკა სოფლის მეურნეობის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე:

”სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასთან ბრძოლის ორი გზა გვაქვს: ერთი - პირდაპირ ოჯახებს მივცეთ დახმარება და მეორე - ჩავდოთ ფული ეკონომიკაში. და, რაც მთავარია, უნდა განვავითაროთ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. ჩვენ გამოვყოფთ 30 მილიონ ლარს, რომელიც ყველაზე მძიმე მომავალ კვარტალს გადაგვატანინებს და 130 მილიონ ლარს დამატებით გამოვყოფთ კიდევ იმისათვის, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგები დავინახოთ ამ დარგის განვითარებაში”.

გატარებულ თუ გასატარებელ რეფორმებზე, ტურიზმის განვითარებაზე:

”ტურიზმის განვითარება იმიტომ კი არ გვინდა, რომ უცხოელ დამსვენებელს მოვაწონოთ თავი, არამედ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენი ხალხის დასაქმებისა და მათი შემოსავლის ზრდისთვის".

კორუფციის დაძლევაზე:

”ჩვენი რეფორმის უმთავრესი ამოცანა იყო გადაგველახა კორუფცია და მიგვეღწია იმისათვის, რომ ფულის ამკრეფი სახელმწიფო ორგანიზაციები კორუფციის გარეშე იმუშავებდნენ. და ეს დაპირება - საქართველო კორუფციის გარეშე - შესრულებულია. და როდესაც თქვენ საუბრობთ ელიტარულ კორუფციაზე, ყველანი აქ ვართ და დაასახელეთ კონკრეტული პირები და ფაქტები, ასე ზოგადად ბრალდებებს მე ვერ მივიღებ”.

არც მანდატურების ინსტიტუტების სიკეთეები გამორჩენია, არც უმაღლესი განათლების რეფორმის ზოგიერთი დეტალი, ეთნიკური უმცირესობების უფლებებსაც შეეხო და ქვეყნის უსაფრთხოებასაც:

”ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება კვლავ რთული რეალობის წინაშე დგას, საქართველოს უპირისპირდება ძლიერი მტერი, მაგრამ გასულ წელს ჩვენ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებებს მივაღწიეთ და დღეს უკვე აღარ არსებობს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მხარესაა საერთაშორისო სამართალი”.

დებატებში მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის გამოსვლის ეს განწყობა გასდევდა:

”უკვე მეშვიდე წელიწადია თქვენ საქართველოს პარლამენტს მიმართავთ დაპირებით, რომ წელს ვიქნებით გაცილებით უკეთესად, რომ ვიქნებით უფრო მდიდრები და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ წელს ამ დაპირებების 10 პროცენტიც კი არ სრულდება..."

ამ კვირაში კანადის მედიამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე უისტლერის ტრასაზე ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, დაღუპვის მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა, - იტყობინებოდნენ კანადის სამაუწყებლო კომპანია ”სი ბი სი” -ს ჟურნალისტები, რომლებმაც ორშაბათს ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო სამსახურის წარმომადგენლების ელექტრონული წერილები გამოაქვეყნეს. მიმოწერა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე 11 თვით ადრე მიმდინარეობდა და აღნიშნული იყო, რომ უისტლერის ტრასა, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილმა უკანასკნელი სავარჯიშო დაშვება 2010 წლის 12 თებერვალს განახორციელა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დასკვნით, ზედმეტად სწრაფი იყო, რასაც შეიძლებოდა მოციგავეების დაშავება ან დაღუპვაც კი გამოეწვია. თუმცა, როგორც ცნობილია, სრულიად განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა გასული წლის 4 ოქტომბერს კანადის საგამოძიებო სამსახურმა, რომლის მიხედვით, 21 წლის ქართველი მოციგავის დაღუპვაში დიდი როლი მისმა ”შედარებითმა გამოუცდელობამ” ითამაშა.

ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ჯონ ფურლონგს, კანადის სამაუწყებლო კომპანია”სი ბი სი”-ს ერთ-ერთ შოუში - ”ძალაუფლება და პოლიტიკა” - ჟურნალისტის კითხვებზე პირდაპირ ეთერში მოუხდა პასუხის გაცემა. ”ზაფხულში, - მას შემდეგ, რაც მოციგავეებმა ტრასაზე წვრთნები დაიწყეს, - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მითითებით, 30-მდე შესწორება შევიტანეთ. ტრასის დახვეწის პროცესი ოლიმპიური თამაშების გახსნამდე მიმდინარეობდა. ჩვენ გვითხრეს, რომ ტრასა სრულ მზადყოფნაში იყო და დაცული იყო ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, რაც თამაშების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევდა”, - ამბობს ჯონ ფურლონგი კანადელ ჟურნალისტთან საუბრისას.

ამ ფაქტის პასუხად საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა კვირის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილით მიმართა.

გასულ კვირაში ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 7 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდა მოუწევს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, თუკი თბილისის მოსახლეობა წყლის ან დასუფთავების მომსახურების მიმდინარე თვის დავალიანებას არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებებს, კომპანია „თბილისის წყალში“ განმარტავენ, რომ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის შემოღების მიუხედავად, შესაძლებელი იქნება წყლის არსებული დავალიანების 36 თვეზე გადანაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის ოქტომბერში ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში“ ცვლილებების ნიადაგზე მიიღო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით კი, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" განახორციელებენ.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი იმ სქემას განმარტავს, რომლის მიხედვითაც თბილისის მოსახლეობას თებერვლიდან გადასახადების გადახდა მოუწევს:

”თუკი არ გადაიხდით მიმდინარე თვის წყლისა და დასუფთავების გადასახადს და მხოლოდ ელექტროენერგიის დავალიანებას გადაიხდით, ამ შემთხვევაში თქვენ განგესაზღვრებათ ხუთდღიანი ვადა იმისათვის, რომ დაფაროთ დავალიანება და ამ ხუთდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ”თელასს” უკვე ექნება ვალდებულება, რომ შეგიწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება”.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენიმე ქარხანამ პურის საცალო ფასი გაზარდა, რაც ძირითადად ფქვილის ფასის მატებითაა განპირობებული.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, მეთესლეობის დარგის განვითარებისა და წახალისების საფუძველზე, 2013-2014 წლებისთვის ქვეყანამ ხორბალზე მოთხოვნილების 35-40 პროცენტი უნდა დააკმაყოფილოს. დღეისათვის კი, უცხოეთის ბაზრებზე დამოკიდებულების გამო, პურის ფასის მატება გარდაუვლად მიაჩნია ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავას. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება, მისი შეფასებით, ერთი მხრივ, ეგვიპტის, ტუნისისა და სხვა მიმდებარე ქვეყნების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მილიონი ტონა ხორბლის შესყიდვამ განაპირობა, მეორე მხრივ კი, ჩინეთში მოსავლის გაფუჭებამ. არის სხვა გარემოებებიც, რაც ასახვას პოვებს ქართულ ბაზარზეც, სადაც, ლევან სილაგავას განმარტებით, ხორბლის დეფიციტი არ შეინიშნება.

”არის, ნამდვილად არის სამი თვის მარაგი. დღეს არის 111 000 ტონა მარაგი და გზაშია და თვის ბოლოს შემოვა კიდევ 78 000 ტონა ხორბალი. ფასზე ასახვის მიზეზი ისაა, რომ წისქვილკომბინატები ყიდულობენ ხორბალს დოლარზე და ყიდიან ლარზე, ამასთან, უკრაინაში ბოლო ერთ კვირაში 10 დღეში 40 დოლარით გაძვირდა ხორბალი, ეს ასახვას პოვებს გასაყიდ ფასზე”, - ამბობს ლევან სილაგავა.

პურის ფასის მატებით არც თავად მეწარმეები არიან კმაყოფილები. ”ჯერჯერობით ჩვენი ფასი არ გაძვირებულა და არც ვაპირებთ გაძვირებას, თუ ხორბალი არ გაძვირდა ძალიან. ამას წინათ რომ ხორბალი მოვიტანეთ, 96 თეთრი იყო, ახლა 98 თეთრად მოგვაქვს. ჯერჯერობით ვუძლებთ, ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე”, - ამბობს პურის ქარხნის ”კოლხეთი-90”-ის ხელმძღვანელი, გივი სიფრაშვილი.

საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის ოცლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ სახის ერთჯერად დახმარებას დაახლოებით ერთი მილიონი ოჯახი მიიღებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაუჩერების დარიგებით ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ცდილობენ.

სამომხმარებლო ფასების მატებას ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ანტიკრიზისული ღონისძიებებით უპირისპირდება. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, დახმარებას მიიღებს უკლებლივ ყველა ოჯახი, რომელსაც უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში 200 კილოვატი ელექტროენერგია მაინც აქვს დახარჯული. სულ ბიუჯეტიდან ამ მიზნით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ვაუჩერების გაცემა 10 თებერვალს დაიწყო თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ოცლარიან დახმარებას 16 თებერვლიდან მიიღებენ. ამასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის თქმით, აუცილებელი არ არის აბონენტის მისვლა სადისტრიბუციო კომპანიაში:

„დახმარება ავტომატურად აისახება ანგარიშზე, მაგრამ თუ ვაუჩერის მფლობელი თვლის, რომ სურვილი აქვს დაეხმაროს მასზე უფრო შეჭირვებულს, მაშინ შეუძლია გადაამისამართოს ეს ვაუჩერი ამ წლის 1 ივნისამდე, ჩაწეროს სპეციალურ ქვითარში დასაჩუქრებული აბონენტის გვარი, სახელი და ნომერი“.

ხალხის ერთ ნაწილს ხელისუფლების საჩუქარი გაუხარდა, უფრო დიდი ნაწილისათვის კი ოცლარიანი დახმარება, როგორც იტყვიან, ზღვაში წვეთია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG