Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე


საქართველოში ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის პრობლემების განხილვა დაიწყო. სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები მოისმინეს. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დამცველებიც ესწრებოდნენ. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის განხილვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი წერეთლის ინიციატივითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ”საქართველოში აივ პრევენციის პროექტის” მხარდაჭერით გაიმართა.

არსებობს კონკრეტული სტრატეგია იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი და იქვე ამატებს, ამ ეტაპზე დადგა იმის საჭიროება, რომ კანონში ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ცვლილებები შევიდესო. არსებულ კანონმდებლობაში ნარკომომხმარებელთა მიმართ მკაცრი სადამსჯელო სანქციების ლიბერალიზაცია გამორიცხული არ არის, აცხადებს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

”ზოგი მიმართულებით კანონმდებლობა შეიძლება გახდეს უფრო ლიბერალური, ადამიანის უფლებებს მორგებული. თუმცა იქნება პუნქტები, სადაც კანონმდებლობა გამკაცრდება, მაგალითად, საჯარო მოხელეების მიმართ, გამსაღებლების მიმართ და ა.შ. კანონმდებლობაში დევს დეკრიმინალიზაციის მომენტიც. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი დღეს უნდა გადაწყდეს. ნარკოკანონმდებლობის შეცვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ზოგი მიმართულება შესაძლებელია რევოლუციურადაც კი ჩაითვალოს, მაგალითად - დეკრიმინალიზაცია. ძალიან კარგი სიახლეებია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარიმის თანხები, რაც დღევანდელი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მოხმარდეს მკურნალობასა და რეაბილიტაციას და ამის მექანიზმებიც დევს კანონპროექტში”, - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს ისეთი დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეცვლის კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით არსებულ მონაპოვარს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე ნარკოპოლიტიკისა და ადამიანის უფლებების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს და ამბობს, რომ კანონმდებლობის რეფორმა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც სათანადო მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება, ხელი მიუწვდებოდეს აღნიშნულ სერვისებზე:

”ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, თუ რამდენად არის მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი მკურნალობა და რეაბილიტაცია. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ ხორციელდება არსებული კანონმდებლობა. როდესაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს, ბუნებრივია, დავაკვირდებით იმასაც, თუ რამდენად დაიცავს ის ადამიანის უფლებებს.”

დღევანდელი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის 273-ე მუხლის მიხედვით, პიროვნება ნარკოტიკების მოხმარების პირველ ფაქტზე ადმინისტრაციულ ჯარიმას, 500 ლარს იხდის. ერთი წლის განმავლობაში იმავე შემთხვევის განმეორებისას სასჯელი 2000 ლარი ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა, განურჩევლად იმისა, ადამიანი უბრალოდ მომხმარებელია თუ წამალდამოკიდებული. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა გაეროსა და ევროკავშირის შეთანხმებებისა და მიმართულებების შესაბამისი უნდა იყოს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე და ამბობს, რომ კანონმდებლობის მიზანი არ უნდა იყოს ადამიანის დასჯა. ის ადამიანის გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს:

”დღესდღეობით საუბარია იმაზე, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე და ნარკოტიკული საშუალებების განმეორებითი მოხმარება, რომელიც განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, გადატანილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული ზომები. დაჯარიმების შემთხვევაში სამართალდამრღვევს ეძლევა წინადადება, რომ მან აღნიშნული თანხა მიმართოს საკუთარი ჯანრმთელობისათვის.... ეს მოქმედება გამორიცხავს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი მკაცრი პოლიტიკის გატარებას, რაც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან და, მათ შორის, გაეროს რეზოლუციასთან.”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ნატა ავალიანის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა ნარკოეპიდემიის მუდმივი შესწავლის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის სრულყოფა ბევრი იმ დაავადების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს, რაც ნარკომანიის თანმდევი პროცესია:

”ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებებს სჭირდება შესაბამისი საფუძველი. აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის კუთხით მნიშვნელოვანია ეპიდემიის მუდმივი შესწავლა, ანალიზი და, შესაბამისად, ყველა რეკომენდაციის მიცემა, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა და შემდეგ უკვე მისი განხორციელების გზები”, - აღნიშნავს ნატა ავალიანი.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ვარაუდობს, საგაზაფხულო სესიის მიწურულს მიღებული იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები კანონში ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე.
XS
SM
MD
LG