Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები


მასწავლებელთა რიგით მეორე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყო და 25 მარტამდე გასტანს. დარეგისტრირება - შესაბამისად კი, გამოცდებში მონაწილეობა - შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელმაც წარმატებით გაიარა მაძიებლობის ერთწლიანი პერიოდი ან აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი ყველა პედაგოგისთვის - სავალდებულო.

გასულ 2010 წელს მასწავლებელთა პირველ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო. მათგან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მონაწილეთა მხოლოდ 11-მა პროცენტმა გადალახა. როგორც თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ გვითხრა, წელს პედაგოგის სერტიფიკატისთვის, შესაბამისად კი, სახელფასო დანამატისა და პრესტიჟისთვის მისი სკოლიდან თითქმის ყველა პედაგოგი იბრძოლებს:

4 000 პედაგოგი - მოქმედი პედაგოგი - გადამზადდება უფასოდ პროფესიული განვითარების ცენტრის, ანუ სახელმწიფოს მიერ ...
”შარშან, მოგეხსენებათ თქვენ, გამოცხადდა, რომ ეს არის ნებაყოფლობითი. ამიტომ ჩვენგან ბევრს არ მიუღია მონაწილეობა. ახლა ჩვენ სასწავლო წლის დასაწყისში შევიკრიბეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ პრაქტიკულად ყველა აპირებს გასვლას ამ სერტიფიცირებაზე, იმიტომ რომ ნებაყოფლობითობა კი რჩება, მაგრამ ბრენდირების ერთ-ერთი სერიოზული პრინციპი არის ის, რამდენი სერტიფიცირებული პედაგოგი ჰყავს სკოლას. ამიტომ, სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეც, გადაწყვეტილება მიიღო თითქმის ყველამ, რომ გავიდნენ გამოცდაზე.”

მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი მოიცავს გამოცდებს პროფესიულ უნარებსა და საგნებში. ეს საგნებია ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება. სერტიფიცირება იგეგმება დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვისაც. საგამოცდო დისციპლინების რაოდენობის ზრდა ერთ-ერთი სიახლეა, რომლითაც მასწავლებელთა რიგით მეორე სასერტიფიკაციო გამოცდები განსხვავდება 2010 წლის გამოცდებისგან. კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჩვენთან საუბარში გაამახვილა ყურადღება, უკვე სერტიფიცირებული მასწავლებლების გამოცდებს შეეხება. აპრილში სერტიფიცირებული მასწავლებლები ნებაყოფლობით ჩააბარებენ გამოცდებს კომპიუტერისა და ინგლისური ენის უნარების გამოსავლენად. რაც შეეხება უშუალოდ საგამოცდო პროცესს, იქ ცვლილება პრაქტიკულად არ შეინიშნება.

”ზღვარი იგივეა მაქსიმალური ქულის. 60 პროცენტზე მეტი უნდა დააგროვოს, რომ ჩაეთვალოს გამოცდა ჩაბარებულად”, აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

პედაგოგთა სერტიფიცირებისთვის მზადების პროცესში წელსაც აქტიურად ჩაერთვება მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი.

"4 000 პედაგოგი - მოქმედი პედაგოგი - გადამზადდება უფასოდ პროფესიული განვითარების ცენტრის, ანუ სახელმწიფოს მიერ. მაგრამ რა კრიტერიუმებია ამ 4 000 პედაგოგის ამოსარჩევად, ჯერ განსაზღვრული არ არის და, როგორც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია პროფესიული განვითარების ცენტრიდან, კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც ეს 4000 პედაგოგი აირჩევა, რეალურად სკოლისთვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება რეგისტრაციის პროცესი”, გვითხრა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა დამოუკიდებელი პროფკავშირის იურისტმა თამარ ავალიანმა.

პროფკავშირი, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ პედაგოგთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ სკოლები დროულად, პედაგოგთა რეგისტრაციის დასრულებამდე იყვნენ ინფორმირებულნი. თუმცა, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა შენიშნა, განათლების პროფკავშირს ღნიშნულის თაობაზე არასწორი ინფორმაცია აქვს:

”4 000 მასწავლებელს ჩვენ ვამზადებთ - პირველი კლასის მასწავლებელს -კომპიუტერებში. მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან ყველა პირველკლასელს დაურიგდება კომპიუტერი. რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადებას სასერტიფიკაციოდ, აქ, 4000-ზე კი არა, ძალიან დიდ რიცხვზეა ლაპარაკი. ჩვენ გადავამზადებთ ყველას, ვისი საჭიროებაც იქნება.”
XS
SM
MD
LG