Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის აქტუალური ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის გამოცემა?


პროფესორი ავთანდილ არაბული
პროფესორი ავთანდილ არაბული
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული ნახევარი საუკუნის წინ გამოიცა. ცნობილი მეცნიერის არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული მუშაობის შედეგად, განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი 1950 წელს დაიბეჭდა და შემდგომი 14 წლის განმავლობაში რვატომეულად იქცა. როგორც წესი, ქვეყნებში, რომლებიც ეპოქის შესაბამისი ტემპით ვითარდებიან, მსგავსი ლექსიკონის განახლება ყოველი 10-20 წლის შემდეგ ხდება. საქართველოს შემთხვევაში შუალედი გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის გამოცემაზე ფიქრი ენათმეცნიერების ინსტიტუტში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს. ლექსიკოლოგიის განყოფილების ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული იხსენებს, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა, რადგან უკვე არსებულ რვატომეულს უნდა შეხებოდნენ. ლექსიკონის პირველი გამოცემა ასახავს მე-19 საუკუნის და მეოცის პირველი ნახევრის მწერლების ენას. თუმცა, არა ყველა მათგანის. პროფესორ ავთანდილ არაბულის თქმით, სხვადასხვა, ძირითადად პოლიტიკური მიზეზით, რვატომეულის მიღმა დარჩნენ მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, პოლიკარპე კაკაბაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და გიორგი ლეონიძე. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი გამოცემა არც პერიოდიკის ენას ასახავს.

”ენობრივი მდგომარეობა, რომელიც განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულშია ასახული, ერთი საუკუნის წინანდელი ენობრივი მდგომარეობაა. პირველი რიგის ამოცანა ქართველოლოგიაში და საზოგადოდ, ყველა ქვეყნის ჰუმანიტარულ სფეროში, არის განმარტებითი ლექსიკონის შექმნა. ლექსიკას თავი უნდა მოეყაროს და მთლიანობაში იქნეს დანახული რა ვითარებაა სალიტერატურო ენის განვითარებაში. რა შემოდის, რა არის ძველი ლექსიკა, რა სიახლეებია, რომელი ჭარბობს და ა.შ. საგანგებოდ არის სასაუბრო ის, რომ თანამედროვე ენა ბარბარიზმებით გაივსო. ძალიან მოჭარბება ამგვარი ლექსიკური ერთეულების, რომლებიც არ დაკანონებულა და ისე არის ენაში შემოჭრილი, ხარისხობრივად უქადის საფრთხეს ჩვეულებრივ სალიტერატურო ენას. დაეტყო კიდევაც ეს ჩვენს სინამდვილეს” - უთხრა რადიო თავისუფლებას ავთანდილ არაბულმა.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების საკმაოდ დიდი ფონდი განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის გამოცემის შემდეგაც ყოველწლიურად ივსებოდა. როგორც ავთანდილ არაბული ამბობს, ფონდი მეცნიერებს კარნახობდა, რომ ასახვა კიდევ ბევრ რამეს სჭირდება. გაჩნდა დამატებით მე-9 ტომის მომზადების იდეა და სამუშაოც ჩატარდა. თუმცა, საბოლოოდ მეცნიერებისთვის ცხადი გახდა, რომ ახალი ტომი პირველი გამოცემისგან მოწყვეტილი იქნებოდა. ამიტომ, კვლავ დადგა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ახალი რედაქციის მომზადების ამოცანა. ინტენსიურად მუშაობა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 3 წლის წინ პირველი სასიგნალო ტომი გამოიცა, 2008 წელს კი, მისი 900 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის მეორე ტომი, მხოლოდ ხუთას ეგზემპლარად, გასული წლის ბოლოს გამოიცა. მესამის გამოცემას პროფესორი ავთანდილ არაბული ამ წლის ბოლოს ელის:

”პირველ ტომში არის ანი და ბანი, მეორეში მხოლოდ განი. მაგრამ, ეს ტომები იმდენად იზრდება, რომ მაგალითად, მესამე გამოვიდა 1680 გვერდი და ამხელა ტომი მოსახმარად ძალიან ძნელია. ამიტომ, მომავალი ტომები გადანაწილდება და 10 ტომი მაინც გამოვა იმ მასალის მიხედვით, რომელიც გვაქვს.”

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის განახლებაზე, რაც კოლოსალური შრომაა, ავთანდილ არაბულის ხელმძღვანელობით 10 მეცნიერი მუშაობს. პირველი რვატომეული კი, 150 ადამიანის ერთობლივი ნამუშევარია. მათ მიერ ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი ლექსიკონის პირველი ტომის ახალ რედაქციაში 4 ათასით მეტი სიტყვაა, მეორეში - თითქმის 10 ათასით. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული 70-მდე ავტორის ენას ასახავს, ახალი რედაქცია კი, თითქმის 700-ის. როგორც ავთანდილ არაბულმა განგვიმარტა:

”მარტო დამატებული ლექსიკური ერთეულები კი არ არის, არამედ ყოველი სტატია თითქმის 50 პროცენტითაა შეცვლილი. იმიტომ, რომ შემოდის ახალი ილუსტრაციები, ახალი მნიშვნელობები. განმარტებები და კვალიფიკაციები იცვლება და ა.შ. ახალი რედაქცია არ გულისხმობს იმას, რომ ძველი დატოვე და მხოლოდ ახალი შეიტანე. ეს სრულიად განახლებული რედაქციაა. ბუნებრივია, მარტო მწერლები არ არის. განმარტებითი ლექსიკონი მოიცავს ენის ფუნქციონირების ყველა სფეროს და შეუძლებელია არ აისახოს ის ტერმინოლოგია, რომელიც საერთო გამოყენებაშია. ვთქვათ, მედიცინა იქნება, ეკონომიკა, თუ პოლიტიკა.”

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქცია ათობით საინფორმაციო საშუალების ენასაც ასახავს. მათ შორისაა რადიო თავისუფლების ვებ-გვერდიდან ავტორების მიერ საილუსტრაციოდ აღებული ნიმუშებიც. როგორც პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს, განმარტებითმა ლექსიკონმა ენის არსებული მდგომარეობა უნდა ასახოს. ამასთან, ის ნორმატიული ლექსიკონიცაა. მათ, ვისაც აინტერესებთ, როგორ შეიძლება ნორმატიული იყოს, როდესაც ლექსკონი მოიცავს ყველაფერს, რაც ენაშია, ავთანდილ არაბული ამგვარად პასუხობს: ”ჩვენ ამას ვუვლით სპეციალური საკვალიფიკაციო სისტემით. იმ შემოკლებებით, იმ ტერმინებით, რომლითაც ჩვენ სახელს ვარქმევთ გარკვეულ დარღვევას. თუ ბარბარიზმია, უწერია, რომ ბარბარიზმია. თუ დიალექტიზმია, ისიც კი უწერია, რომელი დიალექტისაა. თუ არქაიზმი, ან ჟარგონიზმია, ასევე უწერია და ა.შ.”

მეცნიერები, რომლებიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალ რედაქციაზე მუშაობენ არაერთი, მათ შორის ფინანსური სირთულის წინაშე არიან. პირველი ტომის მომზადებისას 20 ათასი ლარი მხოლოდ იმ პირობით მიიღეს, რომ დანარჩენი ნაწილის მოსამზადებლად თანხას აღარ ითხოვდნენ. უკვე გამოცემული 2 ტომის მცირე ტირაჟი კი, ჯერჯერობით არ გაყიდულა.

”მე მაინც იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოც მოიხედავს და ბიზნესმენებიც დაინახავენ, რომ ამაში ქართული ენის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი რეზერვია. გლობალიზაციის პირობებში უნდა შეფასდეს ჩვენი ენობრივი მდგომარეობა, ჩვენი ენობრივი შესაძლებლობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართული ენა ისტორიითაც და შინაგანი პოტენციითაც განვითარებული ენების ფარდი, ღირსეული პარტნიორი ენაა. ამავე დროს, ხელშეწყობა იმისათვის, რომ ეს პოტენცია რეალიზდეს, ნაკლებია. სხვათა შორის, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ამ ლექსიკონით იწყება და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სფეროებში გადადის. სახელმწიფო პოლიტიკა ნამდვილად მოიკოჭლებს, თუ მეტი არა, სახელმწიფო ენის მოვლის თვალსაზრისით. ჯერჯერობით ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელ-ფეხ მოკვეთილი იმისათვის, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ ენის განვითარებაზე. ტერმინოლოგია და ნორმები არ იქმნება. ნორმების დანერგვა არ ხერხდება. ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ხანდახან ჟურნალისტები დაგვიძახებენ და ვისაც ხმას მივაწვდენთ, ვეუბნებით, რომ ასე არ შეიძლება, ან ასე შეიძლება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროფესორმა ავთანდილ არაბულმა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG