Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში მეამბოხეები კონტროლს აფართოებენ


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის 42-წლიან მმართველობას სულ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ზრდის ფონზე. ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიზე კონტროლი დაამყარეს. პარიზში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა, სუჰაბირ ბელჰასენმა განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა დაამყარეს კონტროლი ასევე ქალაქებზე, სირტზე, ტობრუკ მისტარაზე, ხომსზე, ტარჰუნაზე, ხენტენზე, ალ ზავიაზე და ზურაზე. იუწყებიან ტრიპოლიში ბრძოლების შესახებ, სადაც, ზოგიერით ცნობით, დემონსტრანტებს ცეცხლს უშენენ თვითმფრინავებიდან. ბრძოლაში იქ ჩართული არიან უცხოელი მეომრები. დღესვე ორი ლიბიური სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა მალტაში, სადაც მფრინავებმა თქვეს, რომ დატოვეს ქვეყანა, რადგან არ სურდათ ბენღაზიში დემონსტრანტებზე თავდასხმის ბრძანების შესრულება. გადადგა ლიბიის იუსტიციის მინისტრი, მუჰამად აბუდ ალ ჯელელილი, დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო. გადადგნენ ასევე, სხვდასხვა რანგის ლიბიელი დიპლომატები, მათ შორის გაეროში ლიბიის ელჩის მოადგილე, იბრაჰიმ ალ დაბაში, რომელმაც განაცხადა: იმაზე, რაც ლიბიაში ხდება, და მას მერე, რაც კადაფის ვაჟმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ და მთელ მსოფლიოს უნდა მივაწვდინოთ ლიბიელი ხალხის ხმაო. დღეს გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მუამარ კადაფის ესაუბრა ტელეფონით და მოთხოვა ძალის გამოყენებაზე უარის თქმა. ევროპის კავშირმა მოუწოდა ლიბიას შეწყვიტოს ძალის ყოველგვარი გამოყენება. უცნობია თვითონ კადაფის ადგილმდებარეობა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა, უთხრა ჟურნალისტებს, რომ არის ცნობა, კადაფი ვენესუელაში გაიქცა და იქ იმალებაო. ვენესუელამ და ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალიდ კაიემმა უარყვეს ცნობა.
XS
SM
MD
LG