Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
ევროპის კავშირს ბოლო ხანებში არამხოლოდ უბრალოდ რეაგირება უწევს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამბოხებათა მიმართ. ბლოკმა ისიც უნდა გადაწყვიტოს, რა პოლიტიკა წარმართოს იმ სახელმწიფოებში, რომლებმაც არეულობის ეტაპი გაიარეს და სამომავლო ორიენტაცია აქვთ გასარკვევი. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხებზე იმსჯელეს და, სხვათა შორის, სამხრეთ კავკასიასაც შეეხნენ.

ამ ეტაპზე ევროპის კავშირი ლიბიის შესახებ განცხადებებსა და მოწოდებებს ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც ამ თემაზე იყო, ძირითადად. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაც ევროკავშირის მეზობელია და ეს ქვეყნებიც შესაბამისი პროგრამის ნაწილს წარმოადგენენ. თუმცა 27 წევრი სახელმწიფოს დიპლომატებმა სამხრეთ კავკასიაზეც ილაპარაკეს. დღის წესრიგში იყო სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის საგანგებო წარგზავნილის თანამდებობის ბედი. ადრე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა გამოთქვა აზრი, რომ ასეთი თანამდებობა საჭირო აღარ არის არა მარტო ამ რეგიონში, არამედ აღარც ახლო აღმოსავლეთსა და მოლდავეთში. სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარგზავნილის მანდატს ვადა მარტში გაუვა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მათ რიცხვშია, ვინც ფიქრობს, რომ ამ თანამდებობის შენარჩუნება საჭიროა. რესტრუქტურიზაციის გეგმით, სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარგზავნილის პოსტი გაერთიანდება უწყებაში, რომელსაც ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური ჰქვია. როგორც ბილდტმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა ბრიუსელში, მას კეტრინ ეშტონი დაჰპირდა, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ ყურადღება არ იქნება შესუსტებული:

„ვშიშობთ, რომ გარდამავალ პერიოდში პერსონალს დავკარგავთ. მაგრამ კეტრინი დამპირდა, რაღაცნაირად ყველაფერი კარგად იქნებაო“.

ბილდტი ფიქრობს, რომ სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარგზავნილის პოსტი, „ასე იქნება თუ ისე“, შენარჩუნდება. მაგრამ მას უჭირს ზუსტი პასუხის გაცემა, რა ფორმით იქნება ის შენარჩუნებული:

„ ვმსჯელობთ იმაზე, რა სახით იქნეს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურში ეს თანამდებობა ინტეგრირებული. მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ შევთანხმდით: ამ თანამდებობის პროფილის შემცირება არ გვსურს“, თქვა ბილდტმა.

ბრიუსელში შეკრებილმა მინისტრებმა იმსჯელეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ, იმაზე, რომ ახლა ასევე მეზობელი სამხრეთელი ქვეყნების - ტუნისისა და ეგვიპტის - დასახმარებლად უფრო მეტი სახსრები უნდა გამოიყოს, ვიდრე აღმოსავლელი მეზობლებისათვის. დისკუსია გამოიწვია ესპანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, მალტისა და სლოვენიის წერილმა კეტრინ ეშტონისადმი. მასში წაიკითხავთ, რომ თითოეულ ეგვიპტელს ევროკავშირი ორ დოლარზე ნაკლებს ახარჯავს, თითოეულ მოლდაველს კი -25 დოლარს. წერილის ავტორები ფიქრობენ, რომ 2007-2013 წლებისთვის ევროპის კავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან - 12 მილიარდი ევროდან - მეტი უნდა მოხმარდეს ჩრდილოეთ აფრიკას. კარლ ბილდტი სკეპტიკურადაა განწყობილი:

„სამხრეთელი წევრი ქვეყნები მოითხოვენ, რომ ამ თანხის ორი მესამედი სამხრეთს მოხმარდეს და ერთი მესამედი - აღმოსავლეთს. ჩვენ ვთვლით, რომ ამის რეალური მექანიზმი არ მოიპოვება. ეს თანხის მიმღები ქვეყნის შეთვისების მექანიზმზეა დამოკიდებული.“

ბილდტი თვლის, რომ ასეთი დახმარება უმჯობესია მოხმარდეს ქვეყანას, სადაც მას მართებულად ითვისებენ, როგორც ამას მოლდავეთის რეფორმისტული მიმართულების მთავრობა აკეთებს, და არა მუბარაქის ეგვიპტეს, სადაც ის კერძო პირების საფულეში ხვდებოდა. ბილდტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შეეცადა გაექარწყლებინა გავრცელებული ხმები, რომ ევროკავშირი სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მღელვარების დროს ივიწყებს თავის აღმოსავლელ მეზობლებს. კვლავაც მოელიან შეშფოთებით, რომ გადაიდება აპრილისთვის დაგეგმილი აღმოსავლეთთან პარტნიორობის სამიტი, რომელიც ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო. მაგრამ შემდეგი სამიტის მიმართ, როცა პოლონეთი ჩაიბარებს ეკროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისში, ბილდტი იმედიანად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ ის წარმატებული იქნება.

ზემოთ ითქვა, რომ ბრიუსელის შეხვედრა ამბოხების ქარცეცხლში გახვეულ ქვეყნებს ეძღვნებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ კეტრინ ეშტონის ვიზიტსაც ეგვიპტეში. ეშტონს ეკუთვნის სიტყვები, რომ რეგიონი ევროპის სამეზობლოა, სადაც ბლოკს სჭირდება იყოს ეფექტიანი და ჩართული იქაურ მოვლენებში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი იმედიანად არის და თვლის, რომ რეგიონში მომხდარი ამბები ევროკავშირს ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს:

„თუ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მეტი დემოკრატიისა და მეტი სტაბილურობის დამყარებას შევძლებთ, ევროკავშირისთვის, მისი გაფართოების დაწყების დღიდან, ეს უდიდესი მიღწევა იქნება“, განაცხადა მან ორშაბათს ბრიუსელში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG