Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი სადებიუტო წიგნი


გასულ წელს რამდენიმე ძალზე საინტერესო სადებიუტო წიგნი გამოვიდა. მათ შორისაა დათო ყანჩაშვილის "სიფხიზლის გამო", მიშა ბახსოლიანის "ყველას უყვარს მარი" და ირმა არჩუაშვილის "ინო", რომლებიც გამომცემლობა "დიოგენემ" და "საარმა" დაბეჭდეს.

ბოლო ორი თვის მანძილზე დებიუტანტებზე ორჯერ-სამჯერ მომიწია წერა და დღევანდელი სიუჟეტიც ამ თემის გაგრძელებაა. მართალია, წარმოდგენილი ავტორები ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორედ ერთ სიუჟეტში უფრო საინტერესოდ უნდა გამოჩნდეს მათი ეს განსხვავებულობა.

პოეტ დათო ყანჩაშვილს აქამდე „იორიკის“ ფსევდონიმით იცნობდნენ ლიტერატურის მოყვარულები და ზოგიერთს მისი ლექსებიც ახსოვს 2007 წელს გამოცემული კოლექტიური კრებულიდან "ვარდისფერი ავტობუსი", სადაც მასთან ერთად ალექსი ჩიღვინაძის, შოთა გაგარინის, ალექსანდრე ლორთქიფანიძისა („ხვიარა“) და ლევან ცერცვაძის („კოშკა“) ლექსები იყო შესული. მართალია, ერთი ორი ლექსი ამ კრებულსაც გადმოჰყვა იმ პირველი ცდებიდან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები სწორედ ამ ბოლო 3 წლის მანძილზე დაწერა დათომ.

დათო ყანჩაშვილი ბევრს მუშაობს ენაზე. იგი, შეიძლება ითქვას, ღეჭავს ენას, ყოველ სიტყვას აბრუნებს, აუღლებს, ეძებს სინონიმებს:

"როცა ფუღუროს ჭუჭრუტანიდან
შემოდის სუნი ფოთოლცვენის
შემოდის სუნი ფოთოლგდების
და ფოთოლყრის ჩურჩულის ხმები..."

ალბათ, ამის გამოა, რომ იგი ხშირად მრავალსიტყვაობს ხოლმე, ხშირად გრძლად ამბობს სათქმელს. წერს თითქმის ყველაფერს, რაც ლექსის დაწყებიდან თავში მოუვა, შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი ამ "თავში მოსვლის", გაელვების პროცესს აკონტროლებს და არა ნაწერს. მისი კოლეგის, გიორგი კეკელიძის აზრით, დათო ყანჩაშვილი იმთავითვე - ანუ არტ-ჯგუფ "ვარდისფერ ავტობუსში" ყოფნისას - გამოირჩეოდა ნამუშევრისადმი სერიოზული მიდგომით და ხაზგასმული დახვეწილობით. "ის, რასაც დათო წერს, ასეთ ლექსს ზოგი სტერილურ ვერლიბრს უწოდებს და, როგორც წესი, მაქსიმალურად დაწმენდილია ტროპისგან, იგი ყოველდღიურობას ასახავს. თუ ვინმეს ენათესავება ამ მხრივ დათო, უპირველეს ყოვლისა, ლია სტურუას, თუმცა მის ლექსებში კარგად ჩანს ის პრობლემატიკა, რომელიც მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნის პოეტს შეეძლო დაეწერა."

მისი მეორე კოლეგა, პაატა შამუგია, ასე ახასიათებს დათო ყანჩაშვილის ხელწერას:

"დათო ყანჩაშვილის ახალ კრებულში, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა, რამდენიმე სახასიათო შტრიხს გამოვყოფდი. პირველ რიგში, ეს არის გარკვეულწილად ნოსტალგიური ვერლიბრით შესრულებული ლექსები, რომელსაც სპეციალისტები ვერბლანს უწოდებენ ხოლმე. და ამ ფორმით შესრულებული ლექსები ენათესავება 90-იანი წლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მაგალითად, ზვიად რატიანს. არის ნაცნობი ინტონაციები, ბგერასთან დამოკიდებულება, ბგერწერა, ასევე შინაარსებთან დამოკიდებულება ენათესავება ზვიად რატიანის შემოქმედებას. სხვათა შორის, სხვებთანაც შეიძლება გავავლოთ პარალელი."

პაატამ პოეტის ენასთან დამოკიდებულებაც ახსენა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით:

"გარდა ამისა, დათო ყანჩაშვილთან არის ენით თამაში. შეიძლება ითქვას, ილუზიაც კი იქმნება, რომ საქმე გვაქვს ენობრივ პოეზიასთან. თუმცა ეს უფრო ილუზიაა, ვიდრე თვითონ ენობრივი პოეზია. ვფიქრობ, დათო უფრო იოლად უდგება ამ საკითხს, ვიდრე ეს ენობრივ პოეზიას სჭირდება, თუმცა მას აქვს ბევრი უპირატესობა, თუნდაც იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი დავარცხნილი პოეტი ჩვენს თაობაში, ახალგაზრდა თაობაში, ამ სიტყვის კარგი გაგებით. საერთოდ, უარყოფითი კონოტაცია აქვს ამ ცნებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ პოეტურ, პოეტიკურ წესრიგს, რომელიც მას უდავოდ აქვს."


სულ სხვა განწყობებს ქმნის მიშა ბახსოლიანის უცნაური პროზა, რომელიც, ერთი მხრივ, ფენტეზისა და ჰორორის ირონიულ ნაზავს წარმოადგენს (მას მოფერებით ქართველ ტარანტინოსაც ეძახიან), მეორე მხრივ კი, სიურრეალიზმის პოეტურ-ღადავისტურ გადააზრებას წარმოადგენს. კიდევ ერთი, წავიკითხე თუ არა წიგნის სათაური, "ყველას უყვარს მარი", მაშინვე კორტასარის ერთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობების კრებული გამახსენდა, "ჩვენ გვიყვარს გლენდა" (კორტასარის ამავე სახელწოდების მოთხრობა ცნობილ ბრიტანელ მსახიობს, გლენდა ჯექსონს ეძღვნება). შინაარსობრივი თუ ფორმალური მსგავსებაც კი შეიძლება დავინახოთ - აქაც ისეთივე ხილვებია, თხრობის რღვევა, ფრაგმენტულობა, ფანტასტიკურობა. თუმცა ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ავტორს სუნთქვა არ ჰყოფნის, ანდა იქნებ სწორედ ამ თხრობითი ქოშინით ამბობს იგი მთავარ სათქმელს? პაატა შამუგიას მიშა ბახსოლიანი დანიილ ხარმსსაც აგონებს:

"მიშა ბახსოლიანი არის, ალბათ, ერთ-ერთი საინტერესო ახალი თაობის მწერალი, პროზაიკოსი. მწერალი პირობითად, იმიტომ რომ აქ შეიძლება ჟანრების აღრევასთან გვქონდეს საქმე. შეიძლება მისი ნაწერი პოეტური პროზაც კი იყოს. თავისი ფრაგმენტულობით და შინაარსის მოულოდნელობით და აბსურდულობით ძალიან მაგონებს ხოლმე დანიილ ხარმსის აბსურდულ და ფრაგმენტულ პროზას, რაც ჩემთვის პირადად საინტერესოც არის, უფრო კარგ საკითხავს ხდის მის ნაწერს და ვფიქრობ, რომ, ვთქვათ, ის პოსტმოდერნული შინაარსებისგან გადაღლილობა და შემდეგ უკვე ამით თამაში, ასეთ პატარა პროზაში უფრო მოსახერხებელია, თანაც ისე, რომ არ გადავიდეს პოეზიაში და ასეთ შემთხვევაში პროზის ნაცვლად ხშირად ვიღებთ ხოლმე რაღაც ვერლიბრს და ჩანახატს, ვიდრე პროზას. ამ შემთხვევაში, მიშასთან ეს საფრთხე, მე მგონი, არ დგას. იგი ხშირად იყენებს ხოლმე სკაბრეზს, არანორმატიულ ლექსიკას, მაგრამ ეს შემთხვევებიც, ვფიქრობ, კონტექსტში ზის და კონტექსტიდან არ არის ამოვარდნილი."


ჩვენი სიუჟეტის კიდევ ერთმა გმირმა, ირმა არჩუაშვილმა, თავისი პირველი მოთხრობა 20-25 წლის წინათ დაწერა, თუმცა პირველი პუბლიკაცია მხოლოდ გასულ წელს შედგა "ცხელი შოკოლადის" ლიტერატურულ დამატებაში. ცხადია, ეს ის ძველი მოთხრობა არ იყო, არამედ სულ ახალი, ცხელ გულზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაწერილი. ეს მოთხრობა, როგორც თავად ამბობს, ყოველგვარი შემზადებისა და განწყობის გარეშე დაწერა, როგორც იტყვიან, ვალდებულებასავით ჰქონდა, აწუხებდა და ერთხელაც ადგა და მოჰყვა იმ ამბავს. პირველ მოთხრობას "ბილიკი" ერქვა, მეორეს "ლალა" და წავიდა, წაეწყო ერთმანეთს მცირე თუ მოზრდილი მოთხრობები, მძიმე და მწარე ამბები, სადაც ავტორის ბავშვობაც ცოცხლდება და მისი ახლანდელი ტკივილებიც. ჯერ მხოლოდ თავისი თვალით დანახულს წერს და იმედი აქვს, რომ ოდესმე სხვისი თვალით დანახულ ცხოვრებაზეც დაწერს. წიგნსაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი სახელი დაარქვა, თავისი ბავშვობის სახელი, "ინო", იგივე ინა, ანუ ირმა არჩუაშვილი.
XS
SM
MD
LG