Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მიმართ საერთაშორისო ზეწოლა მატულობს


ბრიტანეთმა დღეს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის და მის ოჯახის წევრებს დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნა - ერთი დღით ადრე კი გაერომ ერთხმად დაამტკიცა ლიბიისთვის სადამსჯელო სანქციების დაწესება. ლიბიის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება. რეზოლუცია, რომელიც გაერომ შაბათს გვიან ღამით, ერთხმად დაამტკიცა, ითვალისწინებს იარაღზე ემბარგოს - ისევე, როგორც კადაფის, მისი ოჯახის წევრების და დაახლოებული წრისთვის მოგზაურობის აკრძალვას და მათი ქონების გაყინვას. რეზოლუცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, ძალადობა გამოიძიოს და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სამოქალაქო პირების მკვლელობაში ბრალი მიუძღვის, გაასამართლოს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა, კადაფის სატელევიზიო გამოსვლაში მოუწოდა გადადგომისკენ: „ლიბიის ხალხი აუჯანყდა პოლკოვნიკ კადაფის. საქმე გვაქვს ქვეყანასთან, სადაც სამოქალაქო ომი იწყება, სადაც დემონსტრანტების მკვლელობის უსასტიკესი სცენები ხდება და სადაც მთავრობა თავის საკუთარ ხალხს ფაქტობრივად ომს უცხადებს. ამდენად, რასაკვირველია დადგა დრო როცა პოლკოვნიკი კადაფი უნდა წავიდეს. ეს ლიბიისთვის საუკეთესო გამოსავალია“- განაცხადა ჰეიგმა. კადაფის გადადგომისკენ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მოუწოდა. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა, სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა - მისი თქმით, მათი შემოღება აუცილებელია, რათა ლიბია სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომს გადაურჩეს.დღესვე, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დახმარება აღმოუჩინონ დაახლოებით 100,000 ადამიანს, რომელიც ლიბიაში ძალადობას გამოექცა. გაეროს სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ „ჰუმანიტარული კრიზისის“ ესკალაცია შეიძლება მოხდეს.
XS
SM
MD
LG