Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ცოდნის ციფრული ინვენტარიზაცია


თვალსაჩინოებით დავიწყოთ. მსოფლიოში არსებული ყველა კომპიუტერული მონაცემი რომ კომპაქტდისკებზე გადავწეროთ და ერთმანეთზე დავაწყოთ, ეს დასტა დედამიწიდან მთვარემდე მიაღწევდა და კიდევ მრავალი ათასი კილომეტრითაც კი მოგვიწევდა მისი გაგრძელება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჩილელი მეცნიერი და მისი ამერიკელი კოლეგა, რომლებმაც პირველად შეაფასეს კაცობრიობის დიგიტალიზებული ინფორმაციის მოცულობა. მათი ანალიზი 2007 წლის სტატისტიკას ემყარება. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას მერე ეს მონაცემები ორჯერ და უფრო მეტჯერაც კი გაიზარდა. ჟურნალი Science-ი აქვეყნებს მსოფლიო ცოდნის ამ აღწერის შედეგებს.

„ეს ამ ტიპის პირველი გამოკვლევაა, რომელშიც აღნუსხულია, როგორ ეპყრობა ადამიანი ინფორმაციას,“ ამბობს მარტინ ჰილბერტი ლოს ანჯელესის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მან სანტიაგოს ღია უნისერსიტეტის თანამშრომელთან, პრისილა ლოპესთან ერთად შეისწავლა დიგიტალური ინფორმაცია: სატელეფონო საუბრები, სატელევიზიო გადაცემები, კომპიუტერების ჰარდდისკები, DVD-ები, კომპიუტერების პროცესორები. აღმოჩნდა, რომ 2007 წელს კაცობრიობამ დაახლოებით ორი ზეტაბაიტის მოცულობის ციფრული მონაცემები დაგზავნა. ეს 21-ნულიანი რიცხვი გახლავთ. „ამ ინფორმაციისთვის დედამიწაზე ყოველ ადამიანს ყოველდღე 174 გაზეთი უნდა წაეკითხა,“ წერს ჰილბერტი. მაგრამ რეალობაში ბეჭდური მედია მხოლოდ მცირე ნაწილია კომუნიკაციის საერთო მოცულობისა. ინფორმაციის ბევრად უფრო დიდი ნაწილი მოდის ტელეგადაცემებსა და კომპიუტერულ თამაშებზე.

მეცნიერთა თქმით, ერთად აღებული ყველა კომპიუტერი წამში ექვს მილიარდჯერ მილიარდ გამოთვლით ნაბიჯზე უფრო მეტს დგამს. „ეს დაახლოებით შეესაბამება ნერვების პულსების რიცხვს, რომელთაც ადამიანის თავის ტვინი გადაამუშავებს ერთ წამში,“ გვიხსნის ჰილბერტი. მაგრამ ვინაიდან ტექნოლოგიური მეთოდებით გამოთვლილი მასალის მოცულობა ყოველ 18 თვეში ერთხელ ორმაგდება, კომპიუტერები თავის ტვინს უკვე რამდენჯერმე აღემატებიან მოცულობაში. ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, კომპიუტერების მაჩვენებელი წარმოუდგენლად ჩამორჩება ინფორმაციის იმ მოცულობას, რომელსაც ბუნება გადაამუშავებს.

გადამუშავებული ინფორმაციის ამ ინვენტარიზაციით მეცნიერებს არა მხოლოდ დიდი რიცხვების წარმოჩენა სურთ. „ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ეკონომიკა, პოლიტიკური თავისუფლება და კულტურული განვითარება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე,“ შენიშნავს ჰილბერტი. ტელეკომუნიკაციის 28 პროცენტით და შემნახველი მოცულობის 23 პროცენტით ზრდის პირობებში მეცნიერები თვალნათლად აჩვენებენ, როგორ იზრდება ეს დამოკიდებულება ინფორმაციულ საზოგადოებაში.

„ინფორმაცია დაახლოებით ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა“, ამბობს ჰილბერტი. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ზღვა მასალა მაინც მხოლოდ ერთი ციცქნა ნაწილია ინფორმაციის იმ მოცულობასთან შედარებით, რომელსაც ბუნება გადაამუშავებს. ისევ კომპაქტ დისკების მაგალითი რომ მოვიხმოთ თვალსაჩინოებისთვის, წარმოიდგინეთ, რომ დისკების ეს კოსმოსური მასშტაბების დასტა მხოლოდ ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის შესანახადაც კი არ იქნებოდა საკმარისი. საამისოდ ასჯერ უფრო დიდი მოცულობის ციფრული საცავი დაგვჭირდებოდა.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG