Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავცინოთ, აუცილებლად დავცინოთ!


”ისინი საჯარო ტრანსპორტით არ სარგებლობენ და უარეს შემთხვევაში ამრეზითაც უყურებენ მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. "მარშრუტკაში" ჩართულ "არ დაიდარდოს" დასცინიან და მძღოლების საყვარელ მომღერლებზე წარბებს ამრეზით წევენ ” - წერს ქალბატონი ანა დოლიძე ”ლიბერალის” ბლოგში... არ შევუდგები იმის გამოძიებას, თავად როდის ისარგებლა უკანასკნელად ქალბატონმა ანამ ”მარშრუტკით”. არაა ჩემი საქმე! აი, მარშრუტკაში ჩართული ”არ დაიდარდოს” დაცვას კი აუცილებლად გამოვეხმაურები, რადგან ამ პასაჟში კარგად გამოჩნდა, რაოდენ აღრეულია ფასეულობები დღევანდელ ქართულ სინამდვილეში. პასაჟმა ”არ დაიდარდოზე” მოულოდნელად გააერთიანა თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესის იდეოლოგია იმ ადამიანების პოზიციასთან, რომელთაც მე თანამოაზრეებად მივიჩნევ და დიდი იმედი მაქვს, რომ ”წამოცდენა” მაინც ყოველთვის არ ასახავს მათ ფასეულობებს და მისწრაფებებს.

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მოგეხსენებათ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ”თეორიული ბაზა” მოამზადეს იმისათვის, რომ წამყვან ქართულ ტელეარხებზე დაეხურათ ”მოედნები”, სადაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემების განხილვა გახდებოდა შესაძლებელი. სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს დისკუსიები აღარაა აქტუალური, ხალხი დაიღალა და გართობა უნდა. ეს რაღაც უსახო ერთობა, რასაც ხშირად ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც ”ხალხს” უწოდებს ხოლმე, როგორც სხვა დროს, ამჯერადაც საკუთარი მიზნისთვის გამოიყენეს. სოციოლოგიური გამოკვლევაც ჩაატარეს, დადეს შედეგები... აღმოჩნდა, რომ ხალხს გართობა უნდა!

და გაგვართეს.

ამის მერე, სიტყვა ”ხალხს” დაემატა კიდევ ერთი სიტყვა - ”მოსწონს”.

”ხალხს მოსწონს!” - ამბობდა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც. შესაბამისად ყველა, ვისაც ამ ახალ, მარაზმატულ ”მოედნებზე” გაეცინებოდა, გამოჰყავდათ ”ელიტისტად”, ”ხალხის მტრად”, ”ქედმაღალ სნობად” და რა ვიცი, კიდევ რად. ასე გააერთიანა მითმა, რომელსაც ჰქვია ”ხალხს მოსწონს”, ქართული საზოგადოების თითქმის ყველა ფენა. გააერთიანა და დაგვტოვა მარტო, ”ელიტისტები” და ”ცინიკოსები”. დავრჩით ასე, ობლად ”კუხნაში”... ვისხედით, ჩვენთვის ვქილიკობდით ახალ ქართულ შოუბიზნესზე (განსაკუთრებით სატელევიზიოზე) და დროდადრო ვიხსენებდით 30-იანი წლების დასაწყისის გერმანიას, სადაც ნაცისტები ებრაელებს ხშირად სწორედ ”ქედმაღალ ელიტისტებს” უწოდებდნენ და სადაც გებელსმა, ფაქტობრივად, აკრძალა მხატვრული კრიტიკა, როგორც რაღაც დამანგრეველი და ”ქედმაღალი”.

საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობამ თითქმის არაფერი იცის ფაშიზმის შესახებ. დიდი-დიდი ჰოლივუდში, მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ფილმით შეეძლოთ ფაშიზმზე მსჯელობა. სხვათა შორის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის ”ლილი მარლენზე” დაწერილ რეცენზიაში თომას ელზასერი ამტკიცებს, ფაშიზმი ევროპისთვის ჰოლივუდის ალტერნატივაც კი იყო, რადგან ევროპას არც არაფერი ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ ფაშიზმით დაემკვიდრებინა თავისი იდენტურობა და მერე გაეყიდა იგიო. საკამათო მოსაზრებაა, თუმცა ფასბინდერის ფილმის ნახვის შემდეგ, უბრალოდ, იჯერებ, რომ ნაცისტების შოუბიზნესი ”საქონელია”, რომელიც კარგად იყიდება, ამიტომ ”ძალაუფლების” როლსაც კარგად ასრულებს. ფაშიზმი ხომ არაა მხოლოდ პოლიტიკური დოქტრინა, ესაა გრანდიოზული შოუ, რომელმაც უსასრულობის განცდა უნდა შეუქმნას მაყურებელს და, რაც მთავარია, საკუთარი თავი დაავიწყოს.

70-იანი წლების მეორე ნახევარში, ”ლილი მარლენის” გადაღების წინ, დასავლეთ გერმანიაში ფართოდ გაშლილი ექსტრემისტული მოძრაობის ფონზე, ფასბინდერმა, ცოტა არ იყოს, დააბნია მემარცხენეები, როცა განაცხადა, რომ ”კაპიტალისტური ძალადობის”, მომხმარებლურ საზოგადოებაში აღმოცენებული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს არა ”გარედან”, არამედ ოჯახში, რადგან სწორედ ოჯახში, მშობლებისა და შვილების, შემდეგ კი ქმრისა და ცოლის დამოკიდებულებაში იღვიძებს ხოლმე ”მესაკუთრის” გრძნობა (”ჩემი შვილი”, ”ჩემი ცოლი”), რომელიც შემდეგ ბუნებრივად გარდაიქმნება ექსპლუატაციად და ძალადობად. ფაშისტური შოუბიზნესი ასეთი, ტრადიციული ოჯახის ფასეულებებზე იგება, ცდილობს გააღვიძოს სიმყუდროვის, სითბოს განცდა, შთააგონოს მაყურებელს, რომ, მართალია, მას უჭირს, მაგრამ მასზე მეტად უჭირს სხვას, ან მასავით სხვებსაც უჭირთ და რომ არსებობს საოცნებო სამყარო არტისტებისა, მოდელიორებისა, პოლიტიკოსებისა, მათი ცოლებისა და, ხანდახან, მათი პარიკმახერებისა, რომელსაც ვირტუალურად, მაგრამ მაინც შეგიძლია შეეხო. აქ, ფასბინდერთან, ესაა უნიჭო მომღერალი ქალი, რომელიც ”ლილი მარლენს” უმღერის ჯარისკაცებს, ამ სიმღერის მოსმენით რომ იხოცებიან ფრონტზე... ჩვენთან ესაა ახალ-ახალი შოუები, რომლებიც ხან მელოდრამის ჟანრში წყდება, რათა გული აუჩუყოს პუბლიკას, ხან კაბარე-კარნავალურ ფორმას იღებს, რათა მთლიანად დაავიწყოს თავი და ილუზიის სამყაროში ჩაძიროს.

”ასეთი გადაცემები დასავლეთშიცაა, უბრალოდ, იმათ ალტერნატივა აქვთ” - ამბობენ ხოლმე ქართველი ლიბერალები.

არა, ასეთი გადაცემები დასავლეთში არაა. ყოველ შემთხვევაში არაა მთავარ, ნაციონალურ ტელეარხებზე და, მით უმეტეს, პრაიმტაიმში. კი, სატელევიზიო სერიალებიც უხვადაა, ”გაპრიალებული შოუც” ხშირად გადის ტელევიზიით (განსაკუთრებით ”რაის” არხებზე), მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ყოფილ საბჭოთა სივრცეში თუ მკვიდრდება ასეთი ჟანრის გადაცემებში გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის ბედის ”ეგზოტიზაცია”, ფსევდოელიტიზმი, ”ავტორიტეტების” მიმართ მორჩილება... დაუმატეთ ამას პოლიტიკური კონტექსტი და აუცილებლად მიიღებთ იმას, რასაც თავად ფასბინდერი ”გლამურულ ფაშიზმს” უწოდებდა: გემოვნების, სურვილების, რეფლექსების სტანდარტიზაციის სამყაროს. და თუ ბრედბერის რომანში, ”ტელევიზიის ქვეყანაში” წიგნები აკრძალეს, რადგან დამოუკიდებელი, განსხვავებული აზრის ეშინოდათ, აქ, დღევანდელ საქართველოში აკრძალვის საჭიროება არ არსებობს - რა დროს წიგნია? ”მარშრუტკაში” შეიძლება ”არ დაიდარდოს” მოსმენა”, საღამოს კი ”ნანუკას შოუ” თუ ”პროფილი” გაგვახარებს - ვნახავთ, მაგალითად, როგორ იმოგზაურეს ეგვიპტეში ქალებმა, რომელთაგანაც, სხვათა შორის, ერთ-ერთი საკრებულოს წევრია. ჩვენ ავირჩიეთ!

რა შეიძლება დავუპირისპიროთ აგრესიულ უხამსობას? ცხადია, აკრძალვით ვერ აკრძალავ. მით უმეტეს, რომ ჩვენ, ”კუხნაში” გაჭედილებს, არც არავინ გვეკითხება. საქონელი კარგად იყიდება და ”თავისუფალი ბაზრის” (განგებ ჩავსვი ბრჭყალებში) ქართველი იდეოლოგებისთვის კარგად გაყიდული საქონელი ლამის სალოცავი კერპია. ვერც ადამიანებს დავუშლით ამ ”შოუებით” და ჟურნალ-გაზეთებით ცხოვრებას. ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, ჩამკვდარია კულტურული ცხოვრება, სადაც ტელევიზიითაც კი სუბტიტრებით უჩვენებენ ფილმებს, რათა უამრავ ადამიანს კინოს ყურების საშუალებაც კი არ ჰქონდეს (განსაკუთრებით ასაკოვნებს), ვირტუალური მოგზაურობა აქლემებზე, იმის გაგება, როგორ ვერ შეძლეს პირადი ცხოვრების აწყობა ინგამ, დოდოშკამ, ნანულიმ, ეთერმა (მაგრამ შეძლო ნანუკამ), როგორ მოერია ცრემლი მაიკოს ობოლი ბავშვის დანახვაზე - ნაცრისფერ სიცოცხლეს გადააქცევს ”მარმარილოს შოუდ”, სადაც ნელ-ნელა საერთოდ აღარ დარჩება სივრცე ფიქრისთვის, აზრისთვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებელი მიღებისთვის.

ამიტომ არ უნდა უკვირდეს ქალბატონ ანა დოლიძეს სოლიდარობის გრძნობის დეფიციტი ამ ქვეყანაში. ვის სცალია მეშახტეებისთვის, როცა ადამიანები დიდ შოუში ჩართეს.

უნდა დავცინოთ! დავცინოთ არა იმდენად ამ აგრესიული უხამსობის მაყურებელს, არც იმდენად ამ შოუს შემქმნელებს, რამდენადაც პირველ რიგში ამ მოვლენას, რომელშიც ჩათრეულები არიან ადამიანები - ისინი, ვინც თავად იღებენ მონაწილეობას ამ სიყვითლეში, ვინც ვერ ხვდება, რომ საკუთარი თავის, თუ საკუთარი საქონლის ”კარგად გაყიდვა” არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ”არას” თქმა ჰქვია... და, რაც მთავარია, დავცინოთ იმ აზრს, რომ მარაზმი, რომელმაც ქართული საზოგადოება ”ტელევიზორის ერად” ჩამოაყალიბა, მართლა მოსწონს ხალხს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG