Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ქურციკიძე - UNICEF-ის პროგრამის ხელმძღვანელი


27 თებერვალი, კვირა
დღიურები არასოდეს დამიწერია-მეთქი, რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. ბავშვობაში ვწერდი. ერთ დღეს კი ავდექი და დავხიე. ალბათ, იმის შიშით, ვინმეს რომ არ წაეკითხა, ან სხვა რაიმე მიზეზით. ახლა კი საჯარო დღიურს ვწერ და ეს თავადაც არ მჯერა. მოკლედ, „‘თავისუფლების’ დღიურების“ ავტორთა რიგებს რომ შევუერთდი, ეს მთლიანად მარინა ვაშაყმაძის დამსახურებაა. ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ მას და რადიო „თავისუფლებას“.

თუმცა იმას, რასაც ვწერ, დღიური ალბათ არ ეთქმის. ეს, უბრალოდ, ჩანახატი იქნება იმაზე, რასაც ვფიქრობ და რაც ამ ერთი კვირის მანძილზე მოხვდება ჩემს თვალსაწიერში. რა თქმა უნდა, ის, რაც საჯარო სივრცისთვის იქნება განკუთვნილი.

მაშ ასე, ჩემი ერთი კვირა რადიო „თავისუფლებასთან“ ერთად დაიწყო. პირველს ეს ამბავი კობას ვუთხარი. კობა ლიკლიკაძე ჩემი მეგობარია და პრაღაში, რადიო „თავისუფლების“ სათავო ოფისში მუშაობს. ის და მისი მეუღლე ლელა ძალიან მენატრებიან. ზაფხულში კი ვიყავი მათთან პრაღაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ უახლოეს ადამიანებთან სტუმრობა საკმარისი ნამდვილად არაა. თუმცა, ბედნიერი ვარ იმით, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს და კომუნიკაციის თანამედროვე მიღწევების წყალობით მათ ხშირად ვესაუბრები.

კვირადღე სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს. შემიძლია, დილას ადრე არ ავდგე - ადრე ადგომა ძალიან არ მიყვარს! ვისვენებ, ვკითხულობ ან მუსიკას ვუსმენ. თან ღამით თოვლი მოვიდა და გარეთ გასვლის გუნებაზე სულაც არ ვარ. არ მიყვარს თოვლი, განსაკუთრებით - თბილისში. მოკლედ, დღეს კითხვისთვის ვიცლი და პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში ვეფლობი.

თავისუფლების დღიურები - მაია ქურციკიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:28 0:00


28 თებერვალი, ორშაბათი
სამსახურში ჩემი ყოველი დილა ყავით იწყება. ეს ჩემი დილის რიტუალია. მერე კი ჩვეულებრივი რუტინა: ელფოსტა, წერილები, კვირის დაგეგმვა, შეხვედრები...

წინა კვირა იმდენად დატვირთული იყო, რომ თითქმის სულ გასული ვიყავი ოფისიდან და ამიტომაც ბევრი საქმე დამიგროვდა. იმეილი რომ არ არსებობდა, ნეტავ როგორ ვურთიერთობდით?! ახლა ხომ მის გარეშე არსებობა ვერც კი წარმოგვიდგენია! უცნაურია, მაგრამ გვერდით მჯდომ ჩემს კოლეგასაც ხშირად ელექტრონული მიმოწერის საშუალებით ვესაუბრები.

ია ანთაძეს ვუკავშირდები და ჩვენი ერთობლივი ინიციატივის შესახებ ვსაუბრობთ. ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი ბავშვთა საკითხების შესახებ მედიამონიტორინგია. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ქართულ მედიაში მომრავლდა სიუჟეტები, სადაც უხეშად ირღვევა ეთიკის სტანდარტები ბავშვებთან მიმართებით.

სტერეოტიპები, სენსაციური და სკანდალური კუთხით მოვლენების გაშუქება, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ვინაობის იდენტიფიცირება მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლებსაც დღეს ქართულ მედიაში ვხვდებით. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გაუმჯობესება არ არის. მაგალითად, თუ უწინ საერთოდ არ ხდებოდა სამართალდამცველების მიერ დაკავებული არასრულწლოვნის კონფიდენციალობის დაცვა, ახლა ტელევიზიები ხშირად ფარავენ ბავშვის სახეს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

და, საერთოდ, რატომ არის ჩვენს საზოგადოებაში სენსაცია და სკანდალი ნომერ პირველი მოვლენა, არ მესმის. ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე მეგობრებსა და კოლეგებთან. არავის გვაქვს იმის ილუზია, რომ ყვითელი პრესა გაქრება და არ იარსებებს. ის ყველგან არსებობს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენთან ყველაფერს სიყვითლის ელფერი დაჰკრავს და თითქმის არ არსებობს ალტერნატიული გადაცემები, სადაც იქნებოდა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზი, განხილვა, ამ თემებზე მსჯელობა და მაყურებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემოდა.

თუმცა, კვლავ ბავშვებს დავუბრუნდეთ. გასულ კვირას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან ერთად გორსა და სიღნაღში ორი შეხვედრა გვქონდა მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ. შეხვედრებში ადგილობრივი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობნენ. საინტერესო იყო - ბევრი შეკითხვა დაგვისვეს და აქტიური დისკუსიაც გაიმართა. აშკარაა, რომ რეგიონული ჟურნალისტების მხრიდან ბავშვთა საკითხების გაშუქების სპეციფიკის მიმართ ინტერესი არსებობს და ეს ძალიან მახარებს. ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და ბავშვთა უფლებები ხშირად ხომ სწორედ მათი არცოდნის გამო ირღვევა და ეს გამოსწორებადია. მთავარია გვქონდეს სურვილი, უფრო მეტი შევიტყოთ მათს შესახებ.

1 მარტი, სამშაბათი
უკვე გაზაფხულია. ამინდს მაინცდამაინც არ ეტყობა, მაგრამ ზამთარი რომ უკან დარჩა, ფაქტია. ყოველი გაზაფხული ახალი იმედებითა და სასიამოვნო ამბების მოლოდინით მავსებს. მგონია, რომ რაღაც კარგი მოხდება. ვნახოთ...

სამსახურში მივდივარ და ქუჩას ფეხით მივუყვები. თუმცა, თბილისის ქუჩებში ფეხით სიარული ცალკე ამბავია, და ხშირად არცთუ სასიამოვნო. სულ თავდახრილმა უნდა იარო, რომ ან ორმოში არ ჩავარდე ან ვიღაცის ნაფურთხს არ დაადგა ფეხი. ამ დროს კი შეიძლება დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა წამოგეწიოს და თან გაბრაზებული მძღოლი აქეთ აგიყვირდეს, გზას რატომ არ მითმობო. ჰო, კიდევ შეიძლება ნაგავიც გადმოაგდოს მანქანიდან. ესეც თბილისის რეალობაა.

მოკლედ, არაერთი მავნე ჩვევა და საქციელი გვაქვს, რომლებიც უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ. ამისათვის კი კარგად გააზრებული და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენთან კომუნიკაციის ცნება მხოლოდ მედიასთან ურთიერთობით შემოიფარგლება. არადა ეს ხომ მთელი მეცნიერებაა და ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრისა და ქმედების შესწავლას, კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას, ადამიანის ქცევისა და დამოკიდებულების შეცვლას. აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას კომუნიკაციის სერიოზული სკოლა, რადგანაც სოციალური ტრანსფორმაცია სწორედაც რომ გვჭირდება.

სამსახურში, როგორც იქნა, მივაღწიე. ახალი პროექტის კომუნიკაციის სტრატეგიაზე ვფიქრობ. ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის შესახებ. რეფორმის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა და ამ პროცესში უნისეფიც აქტიურად მონაწილეობდა. თუ სულ ხუთიოდე წლის წინ ბავშვთა სახლებში 5000 ბავშვი იყო, ახლა მათი რიცხვი 1200-მდე შემცირდა და ეს ძალიან კარგია. ბავშვები ოჯახებში უნდა ცხოვრობდნენ და არა ბავშვთა სახლებში.

2 მარტი, ოთხშაბათი
ისევ წვიმს. უფრო სწორედ, წვიმიანი თოვლია. მზე თუ არაა, ცუდ გუნებაზე ვდგები.

მე და ეკა, ჩემი მეგობარი, ერთ შენობაში ვმუშაობთ და ხშირად ლანჩზე ერთად გავდივართ. თან უამრავ რამეზე ვსაუბრობთ. ეკა თითქმის ყოველდღე კუს ტბაზე დადის სავარჯიშოდ და მეც აქტიურად მეპატიჟება, მაგრამ ამ საქმეში ზარმაცი ვარ. არ ვვარჯიშობ, თხილამურებით არ ვსრიალებ. მოკლედ, ძალიან არასპორტული ვარ. ყოველკვირა ვაპირებ ვარჯიშის დაწყებას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ისევ ჩემი სიზარმაცე მჯაბნის. მირჩევნია, სადმე კომფორტულად ვიჯდე მეგობრებთან ერთად ან წიგნი ვიკითხო.

დღეს სოციალური მედიის სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე ვიყავი. სოციალური მედია კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა და უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ტრადიციულ მედიას. სოციალური მედია გულისხმობს საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, როცა ყველას შეუძლია, თავად შექმნას მედიაპროდუქტი, მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და გავლენა იქონიოს მოვლენებზე. ამიტომ ძალიან მაინტერესებს ყველაფერი, რაც მას ეხება. საინტერესო წიგნია და პრეზენტაციაც კარგი იყო, თუმცა სოციალური მედია ჯერ კიდევ ახალი ხილია ჩვენთან და არც სერიოზული სკოლა არსებობს. რეგიონალურ ოფისს ვთხოვე, აპრილში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში სოციალური მედიის სფეროში ტრენინგიც გაითვალისწინონ.

საღამოს ფეისბუკის საათი მაქვს. მომწონს, როდესაც შეგიძლია უამრავ ადამიანს ეკონტაქტო და, თანაც, ბევრი საინტერესო და ახალი რამ შეიტყო. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს და „პირწიგნაკი“ ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია.

3 მარტი, ხუთშაბათი
დღეს, როგორც იქნა, მზემ გამოანათა და მეც კარგ გუნებაზე ვარ. ჰო, მართლა, დედის დღეა. მეც მილოცავენ და ყვავილებსაც მჩუქნიან, თუმცა რატომ, არ ვიცი. ალბათ, იმ მოტივით, რომ ყველა ქალი დედაა, პოტენციურად მაინც. მოკლედ, ამ დღეს ვერ აღვიქვამ და ამიტომაც სადღესასწაულო განწყობა არ მაქვს. თუმცა, მოლოცვისთვის მადლობას ვიხდი, რასაკვირველია.

სამსახურში ვარ. ყველა ისვენებს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. დილა შეხვედრებით იწყება. ერთს მეორე მოსდევს და ალაგ-ალაგ თუ ვახერხებ კომპიუტერთან მისვლას და ელფოსტით კომუნიკაციას. თან საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობაზე ჟურნალისტების შეკითხვებს ვუპასუხებ. ჩვენთანაც მოვიდნენ და ინტერვიუც ჩაწერეს ჩემს კოლეგებთან.

მორიგი შეხვედრა. ჩემმა უცხოელმა კოლეგამ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა ერთ ოფისში მომუშავე ადამიანების განსხვავებულ ტიპაჟებზე. მოკლედ, შეუძლებელია, ერთი და იგივე ადამიანი იყოს შემოქმედებითი და სტრატეგიული ხედვის მქონე და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული და საქმის შემსრულებელი. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა კუთხითაა ძლიერი. ერთი სწორედაც რომ შემოქმედებითი ტიპაჟია და უფრო იდეების გენერირება და სტრატეგიული დაგეგმარება ეხერხება, მეორე კვლევასა და ანალიზშია ძლიერი, მესამე დეტალებზე ორიენტირებულია და საქმის აღსრულება გამოსდის კარგად. მთავარია, ამ ადამიანების ტიპაჟის სწორად განსაზღვრა, მათთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა, კარგი კოორდინირება და გუნდური მუშაობა. სამსახურში მისაღებად კანდიდატების შერჩევისას, სულ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ამ მეთოდებით.

შეხვედრის შემდეგ თანამშრომლები წავედით მეზობლად მდებარე ოფისში, რომელიც ბინაშია განთავსებული და ჩემმა კოლეგებმა არაჩვეულებრივი ღომი მოამზადეს. მე მხოლოდ დაგემოვნების ნაწილში მივიღე მონაწილეობა, რადგან სამზარეულოში ტრიალი არანაირად არ მეხერხება. არ მიყვარს ეს საქმე და ყველამ უკვე კარგა ხანია, ხელი ჩაიქნია ჩემზე - ოჯახის წევრებით დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული. არ მაწუხებენ და მეც მშვენივრად ვგრძნობ თავს დეგუსტატორის ამპლუაში.

საღამოს სკაიპში ლონდას ვესაუბრები, ჩემს მეგობარს, რომელიც ლიბიაში მუშაობდა კონსულტანტად და ახლა თბილისშია იქ მიმდინარე მოვლენების გამო. მაინტერესებს, რა ხდება და ლონდაც თავის იქაურ კოლეგებზე დაყრდნობით მიყვება ცხელ-ცხელ ამბებს. რა თქმა უნდა, ბევრ სხვა რამეზეც ვისაუბრეთ.

4 მარტი, პარასკევი
ისევ სამსახური. თანამშრომლები ერთმანეთს ვუღიმით და კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირა ახლოვდება.

დღიურის წერას განვაგრძობ და ყოველი დღის ბოლოს ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდა. საერთოდაც, უფრო მეტად უნდა ვაანალიზებდეთ ჩვენს საქციელს, იმას, თუ რა ხდება და როგორ. ეს გვეხმარება, ჩვენი თავიც უკეთ შევიცნოთ და ის მოვლენებიც უკეთ აღვიქვათ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება.

5 მარტი, შაბათი
დღეს „‘თავისუფლების’ დღიურების“ წერას ვამთავრებ. მოვლენებით დატვირთული კვირა არ იყო და მეც თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი დღიურების მწერლის როლში.

შაბათი დღე ძალიან მიყვარს. დღეს ლია ლორიას ვხვდები და ამ შეხვედრას ყოველთვის მოუთმენლად ველი. მე და ქალბატონი ლია ფრანგულად ვსაუბრობთ. მოუცლელობის გამო ფრანგულის სწავლას ცოტა დროს ვუთმობ და ამ დღეს მაინც ვცდილობ, ბევრი ვისაუბრო. თანაც მე და ქალბატონ ლიას სალაპარაკო არასდროს გველევა. ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან საუბარი ძალიან მიყვარს და ყოველ შაბათ დღეს სწორედ ქალბატონ ლიასთან ერთად ვაჯამებ ხოლმე განვლილ კვირას. ახლაც აუცილებლად მოვუყვები ჩემი ერთი კვირის ისტორიას „‘თავისუფლების’ დღიურებთან“ ერთად.
XS
SM
MD
LG