Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა, აქცენტებით


სახელმწიფო დეპარტამენტი
სახელმწიფო დეპარტამენტი
სავიზო რეჟიმის გამარტივება ევროკავშირის ქვეყნებთან, ცილისწამების ახალი ტალღა რუსეთიდან და რუსულ-ქართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში - ეს გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებია.

გასული სამუშაო კვირის ბოლოს ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მე-15 რაუნდი, წინა რაუნდების მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაუშვას. რუსეთის მიერ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების დაბლოკვის მიუხედავად, ქართული მხარე იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუმცა ერთი პირობით:

”თანათავმჯდომარეების პოზიციიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ ამ საკითხებზე იყოს პროგრესი, არსებობს, თუ, ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან იქნება კონსტრუქციული დამოკიდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დამოკიდებულების გაგრძელებით, რომელიც რუსეთს გააჩნია, ამ საკითხებზე პროგრესი ვერ დაფიქსირდება”, უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ.

თუმცა მაშინ, როდესაც რუსეთი არ აპირებს საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტია მისცეს და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების მხარეებად არა თბილისსა და მოსკოვს, არამედ თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს ასახელებს, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რუსეთში მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის განმავლობაში განხილვის ერთ-ერთი საკითხი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება იქნება. კერძოდ, 4 მარტს პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვსაც და თბილისსაც მკაფიოდ განუმარტა, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკის ინტერესებში შედის. თუმცა აქვე მაკფოლი დასძენს, რომ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ორმხრივი საკითხია, რაშიც ვაშინგტონი არ ერევა.

გასულ კვირაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ ერთი არასასიამოვნო კონტექსტით გახდა მსჯელობის საგანი. საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ ტორშინის ინტერვიუს, რომელიც 1 მარტს ”როსიისკაია გაზეტაში” გამოქვეყნდა. ამ ინტერვიუში ალექსანდრ ტორშინი მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად საქართველოს ხელისუფლებას ასახელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტორშინის ეს განცხადება მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კი განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია აუცილებლად უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი:

”როდესაც ასეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ციდან მოტანილი განცხადებები კეთდება საჯარო პირების მიერ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ სპეცსამსახურებზე, რომლებიც, საკუთარი მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, უფრო მეტად გაწაფულნი არიან მეზობელი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობაში, რაც, განსხვავებით ამ განცხადებისგან, დასაბუთებულად, მტკიცებულებების საფუძველზე არსებობს, რასაკვირველია, ამ განცხადების მიღმა უნდა დავინახოთ ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მიერ მიცემული ინტერვიუა.”

გასულ კვირაში მსჯელობის საგანად იქცა, თუ შეიძლება ითქვას, ორი საერთაშორისო ანგარიში, ორივე ნარკოთემაზე. გაეროს ანგარიშში მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოების გავრცელებისა და მათზე კონტროლის მექანიზმების 2010 წლის მდგომარეობაა ასახული, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კი 2011 წელს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს შეეხება. პირველ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გაერო რეკომენდაციას იძლევა, დროულად შეიქმნას დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა, მეორე ანგარიშში კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის ერთ-ერთი კორიდორია. მიმოხილვის ავტორების შეფასებით, ნარკოტრანზიტის ეფექტური გზა შესაძლოა გადიოდეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს:

”საფრთხე გაცნობიერებული იყო წლების მანძილზე. უბრალოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის ლოგიკიდან გამომდინარე, ამაზე ყოველთვის ხმამაღლა არ ამახვილებდნენ ყურადღებას. ქართული მხარე ამის შესახებ მუდმივად საუბრობს, რომ ეს არის შავი ხვრელი, რომ აქ ნარკოტრეფიკინგის საინტერესო ბაზები შეიძლება იყოს. ამაზე ხმამაღლა საუბარი რაც მეტი იქნება, რაც უფრო გავლენიანი ტრიბუნებიდან თუ ინსტიტუტებიდან, მით უფრო დაიძვრება ამ პრობლემის გადაწყვეტის პროცესი. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა კი არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის გავრცელებაში.”

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის გავრცელების საშუალებას ტერიტორიების დეოკუპაციაში ხედავს. საერთაშორისო მონიტორების შეშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჯერად იგი უკვე ნარკოტრანზიტის აღმოფხვრის მიზნით ითხოვს.

ანგარიშის ავტორები საქართველოში ნარკოტიკების შემოსვლის საფრთხეს ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაშიც ხედავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს. სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამჯერად ევროკავშირის ქვეყნებთან, გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანსუა მასულიე სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებისა და რეადმისიის ხელშეკრულების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

”პირველი ეს არის პოლიტიკური მხარე. გამოვყოფდი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რაც, მართალია, არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ გულისხმობს ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნებთან. მეორე კომპონენტი არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გამყარება, რაც თქვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ღია იქნება ევროკავშირის ბაზარი, უდიდესი ბაზარი მსოფლიოში. გამარტივებული სავიზო მიმოსვლისა და რეადმისიის ხელშეკრულებები კი გაუმარტივებს მგზავრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს მათ, ვინც კანონიერად მგზავრობს ევროკავშირის ქვეყნებში და, პირიქით, ჩვენ გვინდა ეს პროცედურა გართულდეს არალეგალურად წასვლის მსურველი მიგრანტებისთვის”, განაცხადა ფრანსუა მასულიემ 1 მარტს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმით ამ ეტაპზე რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ. მათ შორის არიან ჟურნალისტები, სტუდენტები, პენსიონერები და ბიზნესმენები. 12 კატეგორია ვიზის მოსაკრებელს საერთოდ არ გადაიხდის, დანარჩენებისთვის კი სავიზო მოსაკრებელი 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდება.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1 მარტიდან შევიდა ძალაში. გაზაფხული კი ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილში რევოლუციის წინათგრძნობას იწვევს. ხელისუფლების შეცვლასა და საპროტესტო აქციების განახლებაზე გასულ სამუშაო კვირაში ღია განცხადებებიც გაკეთდა. განსაკუთრებული სიმკვეთრით გამოირჩევიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ”ქართული პარტიის“ ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე.

ასეთ ფონზე გასულ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ოპოზიციას, ტრადიციულად, კიდევ ერთხელ შესთავაზა თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG