Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხეში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება დაიწყო


ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება დაიწყო. ხვნა და კულტივაცია ის სამუშაოებია, რომლებიც გლეხმა სეზონზე პირველად უნდა შეასრულოს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტს პავლე გიქოშვილს მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის ფერმერები გაზაფხულს, წინა წლებთან შედარებით, უფრო მომზადებულები ხვდებიან: ,,ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს ასრულებენ ხელით. ყველანაირი სათესლე მასალის შოვნა შეიძლება საქართველოში. სასუქი, შარშანდელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა”.

საწვავის გაძვირებასთან ერთად წელს მიწის დამუშავებისა და სათესლე მასალის ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა – ეს კი გლეხებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის და საგაზაფხულო სამუშაოებს აფერხებს. მართალია, სოფლის მოსახლეობის ნაწილმა მიწები შემოდგომით დაამუშავა, მაგრამ სათესლე მასალის გაძვირების გამო პრობლემების წინაშე ისინიც აღმოჩნდნენ. გლეხები შიშობენ, რომ თბილმა ზამთარმა შესაძლოა დაბალი მოსავლიანობა განაპირობოს. ,,ძალიან ძვირია ყველაფერი – სასუქი, საწვავი. მთავარი ის არის, რომ დათესო, რა უნდა მოიყვანო. ხალხმა ამის გამო დაყარა ყველაფერი”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში მცხოვრები ემზარ ასპანიძე.

გლეხები, მიწის დამუშავების ხელისშემშლელ ფაქტორად, სათესლე მასალაზე ღირებულების გაზრდის გარდა, საწვავის გაძვირებასაც ასახელებენ, რასაც სოფლებში არსებული სარწყავი სისტემის გაუმართაობა და სახნავ-სათესი ტექნიკის უქონლობაც ემატება. ამის გამო გლეხების უმრავლესობამ მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დატოვა.

,,ამინდის გარდა, ხელს გვიშლის გაძვირებული მასალები. ალბათ, ყველა ვერ შეძლებს მიწის დამუშავებას. რა უნდა ვქნათ, არ ვიცით, სახელმწიფო თუ არ დაეხმარა სოფლის მეურნეობას საწვავით, ტექნიკით და ა.შ. აუცილებელია გლეხისთვის სახელმწიფოს დახმარება”, – ამბობს 70 წლის გოგი სისაური.

სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამები თუ არ დაიხვეწა, გლეხების მიერ მიწის მიტოვების ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება,ფიქრობენ სამცხე-ჯავახეთში. სპეციალისტების აზრით, ყოველივე ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ქალაქის მომარაგებას შეამცირებს, რაც საბაზრო ფასებზე უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG