Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 16 მარტი 2011


იაპონიაში სტიქიით გამოწვეულმა რადიაციის საფრთხემ ქართულ გაზეთებში კიდევ უფრო გაააქტიურა ამ თვალსაზრისით საქართველოს უსაფრთხოების საკითხი. გარდა ამისა, ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ მართლაც უკავშირდება თუ არა რაიმე საფრთხე 19 მარტის დადგომას. ”ვერსია” აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”გაგიჟებულია ხალხი, ვინ აღარ მირეკავს. ხალხი ასეთ გაჭირვებაშია, შიმშილობს და ლელა კაკულიას ჭკუაზე უნდა იაროს? ამერიკაში ”ნასამ” გააკეთა განცხადება, რომ 19 მარტი ჩვეულებრივი დღე იქნება. დაწყნარდით, დამშვიდდით, არაფერი მოხდება. დედამიწის ღერძის გადახრა არაფერი განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ეს მხოლოდ მიწისძვრებისა და კლიმატური პირობების შეცვლის გამომწვევია და არ მოასწავებს დედამიწის განადგურებას. ხშირად ხდებოდა კიდეც, მაგრამ ბოლო ხანს იმაზე მეტად ასცდა დედამიწა ღერძს, ვიდრე ადრე. ამიტომაც მოხდა მრავალბალიანი მიწისძვრა იაპონიაში. ჩვენს ქვეყანაშიც კლიმატური პირობები ხშირად იცვლება. დედამიწის ეკვატორიდან 10 სანტიმეტრით გადახრა არანაირ დამანგრეველ შედეგებს არ გამოიწვევს”, - უთქვამს ჯუმბერ ლომინაძეს ”ვერსიისთვის”.

”იაპონიის ატომური ელექტროსადგური ჩვენთვის სახიფათო არაა, სომხეთის - კი” - ასეთი სათაურით ”რეზონანსში” ქვეყნდება სტატია. ”იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შედეგად, მოვლენათა ყველაზე ცუდი გზით განვითარების შემთხვევაშიც კი, საქართველოს რადიაციული ნივთიერების საფრთხე არ ემუქრება. ამ განცხადებას ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის (ყოფილი ატომური ცენტრის) ხელმძღვანელი შუქრი აბრამიძე აკეთებს”, - წერს ”რეზონანსი” და ამავე სტატიაში სომხეთში ატომური ელექტროსადგურის მდებარეობით გამოწვეულ საფრთხეზეც წაიკითხავთ. ავტორი ამ საკითხზე ”მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძის მოსაზრებებს აცნობს მკითხველს.

”ახალი თაობა” ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”19 მარტი ნამდვილად მძიმე დღეა, რადგან არის სავსემთვარეობის დღე. ეს დღე ყოველთვის მძიმე ენერგეტიკული დღეა, რადგან კოსმიური ენერგია მოჭარბებული რაოდენობით შემოდის დედამიწაზე. ამიტომ ადამიანთა რეაქციები ამ ენერგიაზე არაადეკვატურია. ჩვენ ვიცით, რომ მთვარე ზეგავლენას ახდენს სითხეებზე, ამიტომ მისი მეშვეობით ხდება რადიკალური ცვლილებები ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევაზე.”

პოლიტიკის სფეროს რაც შეეხება, ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ სოზარ სუბართან. ის აცხადებს, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უკანონოა: ”კანონიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ 2011 წლის ოქტომბერში. ოქტომბრის შემდეგ პარლამენტის უფლებამოსილება არის მიტაცებული და პარლამენტი ხდება არალეგიტიმური. წელს, 1 ნოემბერს, პარლამენტი უკვე იქნება არალეგიტიმური.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ინტერვიუ ეკონომისტ ვაჟა ბერიძესთან, სათაურით ”სინგაპურზე ოცნება ჰორიზონტს ჰგავს, ის მუდამ მიუწვდომელია!”. ”თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენი დემოკრატია სინგაპურის მიზერულ დემოკრატიაზეც კი უარესია, მაგრამ იქ სამი პრინციპი მაინც არის დაცული ურყევად: ეკონომიკური ლიბერალიზმი, კანონის უზენაესობა და საკუთრების ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება. საქართველოში არც ერთი ეს კომპონენტი არ არსებობს. სამაგიეროდ, სინგაპურს ვგავართ იმით, რომ იქაური მთავრობა 7 მთავარ სატელევიზიო არხს და 14 რადიოს აკონტროლებს. სინგაპურს დაარსებიდან ერთი პარტია - სახალხო მოქმედების პარტია -მართავს. ვფიქრობ, ეს სასიამოვნო ინფორმაციაა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მესვეურთათვის”, - ამბობს ვაჟა ბერიძე.

”24 საათი” ეხმაურება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში, პარლამენტში დაგეგმილ საგანგებო სამთავრობო კვირას და აგრეთვე წერს ე.წ. ”ფუქსის საქმის” შესახებ. ავტორის თანახმად, ქრთამის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე დასასრულს უახლოვდება და მოსამართლე, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მათ განაჩენს გამოუტანს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG