Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სახელმწიფო მედია: კადაფის ძალები ბენღაზისთან არიან


ლიბიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მუამარ კადაფის ერთგული ძალები მიადგნენ ბენღაზის - ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე, ოპოზიციის მთავარ ბასტიონს. სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ კადაფის ძალებმა ზუეიტინაში მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალის დაბრუნება შესძლეს და ბენღაზის მიადგნენ. ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება. სახელმწიფო ტელევიზიამ ასევე განაცხადა, რომ კადაფის ძალებმა ხელში ჩაიგდეს მისრატა - ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქი - მაგრამ მეამბოხეები და ქალაქის მცხოვრებნი ამ ცნობას უარყოფენ. პარალელურად, დიპლომატიურ ფრონტზე ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის მომხრეები ამ ზომის დამტკიცებაზე გაეროს დაყოლიებას ცდილობენ. გაეროში აშშ-ის ელჩმა, სიუზან რაისმა ოთხშაბათს განაცხადა, ლიბიაში სამოქალაქო პირების დაცვისთვის შესაძლოა ფრენის აკრძალვაზე მეტის გაკეთებაც გახდეს აუცილებელიო. ცოტა ხნით ადრე აშშ ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა: „ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ - და უშიშროების საბჭოში გატარებულ მცდელობას ვხელმძღვანელობთ - რამდენიმე ზომას, რაც, ჩვენი აზრით, სამოქალაქო პირების დაცვის საქმეში ეფექტიანი იქნება. ეს მოიცავს მსჯელობას ფრენის აკრძალვის შესახებ. მაგრამ აშშ თვლის, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ნაბიჯებზე საუბრისთვისაც, რომლებიც ფრენის აკრძალვას შეიცავს და, შესაძლოა, ამაზე შორსაც მიდის“. რუსეთი და ჩინეთი - უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე ქვეყნები - ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას ყოყმანით ხვდებიან.
XS
SM
MD
LG