Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ისრაელში არ სურთ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირების ხილვა”


ისრაელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტის გადადების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 20 მარტს ინტერნეტპორტალმა izrus-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ბაქრაძის შემდეგ, ისრაელში არც ვერა ქობალიას ხილვა სურთ და ამის მიზეზად ისრაელის მოქალაქეების, ბიზნესმენების ფუქსის და ფრენკელის დაპატიმრება რჩება. 29-31 მარტს იერუსალიმში გაიმართება ტურიზმისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა ვერა ქობალიასაც უნდა მიეღო. izrus-ის ცნობით, 19 მარტს ისრაელში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტიანმა ჟურნალისტმა ბენ კასპიტმა იერუსალიმში დაგეგმილი კონფერენციის ორგანიზატორებს მოუწოდა, ფუქსის და ფრენკელის პატიმრობის გამო ქობალიას მიღებაზე უარი ეთქვათ. ინტერნეტპორტალს ისრაელის ტურიზმის მინისტრის მრჩეველმა ამნონ ლიბერმანმა განუმარტა, რომ სამინისტრო იერუსალიმის კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი არ არის და მასზე ზეწოლა ვერ მოხდება. ამასთან, ლიბერმანმა დასძინა, რომ ისრაელის ტურიზმის მინისტრმა სტას მისეჟნიკოვმა ჯერ კიდევ გასულ კვირაში გადაწყვიტა, რომ ვერა ქობალიას არ შეხვდება. Izrus-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ იერუსალიმის კონფერენციის სტუმრების ჩამონათვალში ქობალია კვლავ დასახელებულია, თუმცა, ის ”ისრაელში არ ჩავა, რადგან ქვეყანაში არ სურთ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირების ხილვა”.
XS
SM
MD
LG