Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისგან შედგება „რაზმი ექვსი“ , რომელმაც ბინ ლადენი მოკლა?


ბარაკ ობამა სიტყვით მიმართავს „რაზმი ექვსის“ მებრძოლებს
ბარაკ ობამა სიტყვით მიმართავს „რაზმი ექვსის“ მებრძოლებს
6 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კენტუკის შტატში ჩაფრინდა და პირადად გადაუხადა მადლობა ამერიკის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალების ელიტური დანაყოფის, „რაზმი ექვსის“ მებრძოლებს. სწორედ ამ რაზმის წევრებმა მიიტანეს იერიში 2 მაისს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში არსებულ გასაიდუმლოებულ ობიექტზე და მოკლეს ბინ ლადენი. ფორტ კემპბელში ბარაკ ობამა შეხვდა ასევე სპეციალური დანიშნულების 160-ე საავიაციო დანაყოფს, რომელმაც პაკისტანში სპეცდანიშნულების ძალების გადასროლა და შემდეგ ევაკუაცია უზრუნველყო.
ჩვენ ვაღწევთ პროგრესს მთავარი მიზნის აღსრულებაში პაკისტანსა და ავღანეთში - დავშალოთ, დავასუსტოთ და საბოლოოოდ დავამარცხოთ „ალ ყაიდა“ ...

ბარაკ ობამას თქმით, სპეცდანიშნულების ნაწილმა ბრწყინვალედ შეასრულა დასახული ამოცანა, რომელიც, პრეზიდენტის შეფასებით, „ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო-სამხედრო ოპერაციაა შეერთებული შტატების ისტორიაში.“

„ჩვენ ვაღწევთ პროგრესს მთავარი მიზნის აღსრულებაში პაკისტანსა და ავღანეთში - დავშალოთ, დავასუსტოთ და საბოლოოოდ დავამარცხოთ „ალ ყაიდა“. ჩვენ მათ თავი მოვაჭერით და ახლა ბოლომდე გავანადგურებთ მათ.“

თავად „რაზმი ექვსი“ 1980 წელს შეიქმნა - მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა ტყვეობაში მყოფი ამერიკელი დიპლომატების სამაშველო ოპერაცია. იმხანად სამხედრო ოპერაცია პრეზიდენტ ჯიმ კარტერის ბრძანებით დაიგეგმა, მაგრამ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა, რომლებიც მაშინაც შვეულმფრენით გადაადგილდებოდნენ, მიზანს ვერ მიაღწიეს საფრენი აპარატის აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

„რაზმი ექვსის“ პირველი მეთაური იყო რიჩარდ მარჩინკო, ლეგენდარული ამერიკელი ოფიცერი, რომელმაც აბოტაბადის მისიას „უნაკლოდ ჩატარებული ოპერაცია“ უწოდა:

„როდესაც „ჩიტმა“ (შვეულმფრენი) ვარდნა დაიწყო, საქმეში სათადარიგო შვეულმფრენი ჩაერთო. ვიდრე სპეცდანიშნულების რაზმი ოსამა ბინ ლადენს ანადგურებდა, იქ მყოფმა მფრინავებმა ააფეთქეს შვეულმფრენი. არ არსებობდა დაყოვნების ანდა პაუზის შესაძლებლობა ძალების მოსაკრებად. ჩვენ ამიტომაც ვარსებობთ. ეს არის განსხვავება. რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს ოპერაცია ჩვენთვის, გეტყვით: დღეს მე ამაყი მშობელი ვარ.“

სპეცდანიშნულების ელიტური „რაზმი ექვსის“ ბიოგრაფიაში ბევრი საამაყო მომენტია. რაზმმა 1983 წელს მონაწილეობა მიიღო გრენადაში კომუნისტური გადატრიალების აღკვეთისა და იმჟამინდელი მმართველის გადარჩენის ოპერაციაში. რაზმის წევრები მონაწილეობდნენ 2009 წელს სომალელი მეკობრეების მიერ შეპყრობილი ამერიკის გემის, „მაერსკ ალაბამას“ კაპიტნის გათავისუფლების ოპერაციაში.

ელიტური სამხედრო რაზმი მონაწილეობდა ასევე ბალკანეთზე და იქაურ სამართალდამცველებს ომის დამნაშავეთა შეპყრობაში ეხმარებოდა.

ვიდრე ბინ ლადენის ადგილსამყოფელს დალაშქრავდნენ, „რაზმი ექვსი“ 2010 წელს სპეცდავალებით ავღანეთში გადაისროლეს, რათა მეამბოხეთა ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა ბრიტანეთის საქველმოქმედო მისიის წევრი ლინდა ნორგროუვი. მაგრამ ოპერაციის დროს ნორგროუვი დაიღუპა. მაშინ ამ წარუმატებელ ოპერაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზოგიერთი ინფორმაციით, ნორგროუვი თალიბებმა მოკლეს, თუმცა ოფიციალური პირები არ გამორიცხავდნენ, რომ ბრიტანელი მძევალი თავად სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ყუმბარით დაიღუპა.

სხვათა შორის, განვლილ კვირაში შეერთებულ შტატებში ბევრი ვარაუდი და მოსაზრება გამოითქმოდა იმის თაობაზე, თუ რატომ დააკისრა ამერიკის უმაღლესმა მთავარსარდალმა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის ჩატარება საზღვაო-საჰაერო ძალების „რაზმ ექვსს“ და არა მეორე ელიტურ სპეცდანიშნულების ნაწილს - „დელტას“, რომელიც, მრავალთა აზრით, უკეთესად ასრულებს საგანგებო ოპერაციებს ხმელეთზე, ვიდრე მისი კონკურენტი „რაზმი ექვსი“. ბევრი ვაშინგტონელი ექსპერტი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ გადამწყვეტი სიტყვა თქვა შეერთებული შტატების არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა მაიკ მალენმა, რომელიც თავად არის საზღვაო ძალების წარმომადგენელი.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს ნამდვილი მიზეზი, „რაზმი ექვსის“ მებრძოლებმა წარმატებით შეასრულეს დასახული ამოცანა: ბინ ლადენი გაანადგურეს, უკან უვნებლად დაბრუნდნენ, გვამი კი ზღვას მიაბარეს. და ეს ყველაფერი სულ რაღაც 40 წუთის განმავლობაში შეძლეს.“

ელიტური სპეცდანიშნულების „რაზმი ექვსის“ მებრძოლებზე ძალიან ბევრი ამერიკელი სიამაყით საუბრობს ამ დღეებში, თუმცა პარადოქსია, რომ მათი ვინაობა, რამდენიმე განდობილი მაღალჩინოსნის გარდა, არავინ იცის და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება გასაიდუმლოებული, - უთხრა გასულ კვირაში ამერიკის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო სპეცდანიშულების ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კაპიტანმა დუნკან სმიტმა, ტელეკომპანია „ეიბისის“ და იქვე დასძინა, „ეს ასეც უნდა იყოს და ეს სწორიაო.“

მართებულია ეს, პირველ ყოვლისა, რაზმის მებრძოლთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ელიტურ „რაზმ ექვსს“ ალბათ კიდევ არაერთხელ მოუწევს ამერიკის მთავრობის დავალებით სახიფათო სპეციალური ოპერაციების ჩატარება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG