Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სიახლეები


ევროკავშირის მინისტერიალი
ევროკავშირის მინისტერიალი
ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა ევროკავშირის ახალ სტრუქტურას - საგარეო საკითხთა სამსახურს - ბრალი დასდო, რომ ის ლონდონის დიპლომატიურ სამოქმედო სივრცეში იჭრება.

იმ ფონზე, როცა ბრიტანეთს ბრიუსელთან ისედაც უთანხმოება აქვს ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ლიდინგტონმა განაცხადა, რომ ლონდონმა თავის საელჩოებს ინსტრუქციები გაუგზავნა და მოუწოდა ფრთხილად იყვნენ, რათა ევროკავშირის დელეგაციების მხრიდან მათ კომპეტენციაში შეჭრა არ დაუშვან.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ლიდინგტონმა ევროკავშირის საგარეო მისიებს ბრალი დასდო, რომ ისინი „მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში“ თავიანთი ფუნქციების გაზრდას ესწრაფვიან და აცხადებენ, რომ უფლება აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით ილაპარაკონ.

„ჩვენ ასეთ მცდელობას ყოველთვის მძლავრად ვეწინააღმდეგებითო“, - განუცხადა მან რეპორტიორებს, თუმცა კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია.

ლიდინგტონის კრიტიკის საგანი - ევროპის საგარეო საკითხთა სამსახური, რომელსაც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ხელმძღვანელობს - ოფიციალურად წელს ამოქმედდა. ეს სამსახური ნაწილია უფრო ფართო ინიციატივისა, რომ 27-წევრიან ბლოკს მსოფლიოში ერთი წარმომადგენლობა ჰყავდეს.
ვფიქრობ, სიტუაცია რეალისტურად უნდა შეაფასონ, როცა საქმე ბიუჯეტს ეხება. მათ მიერ მოთხოვნილი 5.8 პროცენტი ცოტა არ იყოს სიგიჟეაო...

მაგრამ ლიდინგტონმა დაიჩივლა, რომ სამსახურის დიპლომატები - და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა - ცდილობენ სამსახურს უფლებები გაუფართოონ საკონსულო საქმეებთან მიმართებით, რაც, ბრიტანელი პოლიტიკოსის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული მთავრობების საქმე უნდა იყოს. „კომპეტენცია ძალიან მკაცრად უნდა განისაზღვროსო“, დასძინა მან.

თუმცა იმის მიუხედავად რომ, მისი თქმით, სამსახურის როლი უნდა „განისაზღვროს და შეიზღუდოს“, ლიდინგტონი მასში პოტენციალსაც ხედავს. კერძოდ, მისი აზრით, სამსახურს შეუძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია იტვირთოს გლობალური პარტნიორობის განვითარების პროცესებში - ჩინეთთან მიმართებით, მაგალითად. ამასთან, ლიდინგტონი თვლის, რომ ევროპის საგარეო საკითხთა სამსახურს კონფლიქტების გადაწყვეტაშიც შეუძლია როლის შესრულება - ისევე როგორც არაბულ სამყაროში ცვლილებების წახალისება.

მაგრამ ლიდინგტონმა იქვე სხვა საკითხთან მიმართებითაც გამოთქვა უკმაყოფილება - კერძოდ, კეთრინ ეშტონის მიერ წარმოდგენილ ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სამსახურის დაფინანსება მომავალ წელს თითქმის 5.8 პროცენტით უნდა გაიზარდოს და 490 მილიონ ევროს გაუტოლდეს.

„ვფიქრობ, სიტუაცია რეალისტურად უნდა შეაფასონ, როცა საქმე ბიუჯეტს ეხება. მათ მიერ მოთხოვნილი 5.8 პროცენტი ცოტა არ იყოს სიგიჟეაო“, - განაცხადა ლიდინგტონმა. ამ საკითხში ბრიტანეთს მხარს ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი ქვეყანაც უჭერს - ისინი თვლიან, რომ ცალკეულ ქვეყნებში გატარებული საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის ფონზე ხარჯები ბრიუსელმაც უნდა შეამციროს.

მაგრამ კეთრინ ეშტონი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა მის სამსახურში გადაყვანილი ხალხის ხელფასები დაიფაროს. ეშტონი დასძენს, რომ ესმის ის რთული ეკონომიკური პრობლემები, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას, და ამბობს, რომ თავის სამსახურში სხვა ხარჯების 10 პროცენტით შესამცირებელი პოლიტიკა წამოიწყო.

თუმცა ეშტონმა იქვე დასძინა, რომ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ ინიციატივებს - მათ შორის, წარმომადგენლობის გახსნას ლიბიის მეამბოხეთა ბასტიონში, ქალაქ ბენღაზიში - „ფული სჭირდება“.

კეთრინ ეშტონი არც საგარეო საკითხთა სამსახურისთვის უფლებების გაფართოების შესახებ კრიტიკას იზიარებს. „არ ვიცი, კომპეტენციაში შეჭრის კონკრეტულად რომელ ასპექტზე ლაპარაკობს [ლიდინგტონი], თუმცა დარწმუნებული ვარ, როცა იქნება, ის ამას პირადად ამიხსნისო“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა.

*****
ევროკავშირმა ბელორუსიის, ირანის, ლიბიისა და სირიის ოფიციალურ პირებს გაუმკაცრა აკრძალვები მოგზაურობაზე და გაყინა მათი აქტივები. ზომები ოფიციალურად სამშაბათს, 24 მაისს, ამოქმედდა - შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ.

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი - ახალ სიაში მოხვედრილი ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა - ევროკავშირის დოკუმენტში დახასიათებულია, როგორც პირი, რომელიც „დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიების ნებართვას გასცემს და ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს“. უფლებადამცველთა შეფასებით, უსაფრთხოების ძალების მხრიდან ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის მცდელობას ბოლო ორი თვის განმავალობაში სირიაში 850-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. სიას დაუმატეს აგრეთვე ვიცე-პრეზიდენტი ფარუხ ალ-შარი და ასადის ოჯახის სამი წევრი - მათ შორის, ბიზნესმენი, რომელიც რეჟიმის დამფინანსებლად არის მოხსენიებული.

ევროკავშირის ამ ნაბიჯს უკვე გამოეხმაურა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი, რომელიც სიაში არ არის შეყვანილი. მან ევროპას „ნეოკოლონიური“ შეთქმულების დაგეგმვაში დასდო ბრალი, რაც მიზნად სირიის დასუსტებას ისახავს, ისრაელის ინტერესების სასარგებლოდ.

ბელორუსიასთან მიმართებით შემუშავებულ ახალ სიას რაც შეეხება, ევროკავშირის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს კიდევ 13 სახელი დაემატებინათ 170 პირის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან შემდგარი სიისთვის. სიაში შეტანილ ყველა პირს გაუყინავენ აქტივებს და აუკრძალავენ ევროკავშირში შესვლას. დამატებულ სახელებს შორის ძირითადად ის მოსამართლეები და პროკურორები არიან, რომლებიც ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესებში მონაწილეობენ. სიაში მოხვდნენ სხვა პირებიც - მაგალითად, საშუალო სკოლის დირექტორი ნატალია მერკული, რომელმაც მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი კოლეგა სამსახურიდან დაითხოვა, და ვალერი ვაკულჩიკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციის ინტერნეტაქტივობის „მონიტორინგს, ფილტრაციას, მოსმენას და კონტროლს“ ახორციელებს.

ლიბიის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი სანქციები მიზანში ლიდერის, მუამარ კადაფის ავიახაზებს და ერთ სამხედრო პოლკოვნიკს იღებს. ირანის სიას კი 100 კომპანია დაემატა, რომლებზეც ევროკავშირის ემბარგო გავრცელდება - ხუთ პირს კი ევროკავშირში შესვლა აეკრძალა და მათი ქონების გაყინვის ბრძანებაც გაიცა იმის გამო, რომ თეირანი არ აკმაყოფილებს დასავლეთის მოწოდებას, შეწყვიტოს შეშფოთების გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა ბირთვულ სფეროში. სია ასევე მოიცავს ირანულ გადაზიდვის ფირმებს კვიპროსში, გერმანიაში, მალტაში, ბრიტანეთსა და ჰონგ-კონგში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG