Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი 4 ივლისისთვის გადაიდო


ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერალი რატკო მლადიჩი დღეს პირველად წარდგა ჰააგაში, ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ალფონს ორიემ მლადიჩს ბრალდების ძირითადი მუხლები გააცნო. საერთაშორისო მართლმსაჯულება მლადიჩს ადანაშაულებს 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა ბოროტმოქმედებებში, მათ შორის რვა ათასი მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობაში ქალაქ სრებრენიცაში. დღევანდელ სხდომაზე მლადიჩმა განაცხადა, რომ მძიმედ არის ავად და არ წაუკითხავს საბრალდებო აქტი. მან მოსამართლეს სთხოვა, მეტი დრო მისცეს მას ბრალდების 11-ივე მუხლის გასაცნობად. მლადიჩმა დასძინა, მე მინდა ვიცოცხლო, რათა ისევ თავისუფალი ადამიანი გავხდეო. შემდეგი სხდომა მოსამართლემ 4 ივლისისთვის დანიშნა. 69 წლის მლადიჩი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას, გასულ კვირაში დააპატიმრეს სერბიაში და სამშაბათს გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს.
XS
SM
MD
LG