Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმპროვიზებული მულტიმედია არტი


ჯგუფმა „სტიგმატმა“, რომელიც რამდენიმე პოეტისგან შედგება, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში საკუთარი 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გამართა. ჯგუფის წევრების განცხადებით, ეს არის ფილმებში გადმოტანილი პოეზია. „სტიგმატი“ იღებს წინასწარი სცენარის გარეშე სრულ იმპროვიზაციაზე დამყარებულ ფილმებს.

ისინი თავს მულტიმედია არტისტებს უწოდებენ. ამბობენ, რომ ეს არის მთლიანად იმპროვიზებულ არტქმედებებზე დამყარებული ჯგუფი, რომელიც წინასწარი სცენარის გარეშე იღებს ფილმებს, იღებს იმით, რასაც კადრის აღწერა შეუძლია, იქნება ეს მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი თუ მცირე ზომის ვიდეოკამერა.
როგორც ჯგუფ „სტიგმატის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბუნდოვანი ამბობს, ეს არ არის, უბრალოდ, არტი. ისინი ცდილობენ საზოგადოებას გარკვეული სოციალური გზავნილები მიაწოდონ:

”ჩვენ ვართ პოეტები და ჩვენ პოეზიიდან გადავედით კინოში. დღეს მე ლექსებს აღარ ვწერ და ეს არის, ფაქტობრივად, ჩემი ლექსები, გაცოცხლებული ეკრანზე. ეს არის ჯგუფი „სტიგმატი“. სახელი „სტიგმატი“ შეირჩა იქიდან გამომდინარე... როგორც გამონაყარი, ეს არის ჩვენი გამონაყარი, ჩვენი მანიფესტირება, ეს არის ანდერგრაუნდის ტრადიციებზე დამყარებული, აბსოლუტურად სპონტანური და იმპროვიზაციული ჯგუფი. არანაირი სცენარი არ არსებობს. ჩვენ გავდივართ გადასაღებ მოედანზე და, ადგილმდებარეობიდან, ჩვენი და არტისტების განწყობიდან გამომდინარე, ჩემი და მიხეილ გისტის მცირე მითითებებით ვიღებთ ერთი ამოსუნთქვით ფილმს.“

2001 წლის 11 სექტემბერს მიხეილ გისტმა მზიურ ქალაქში ცოცხლად დაიმარხა თავი, როგორც არტისტმა, და სრულიად მოულოდნელად საღამოს ჩვენ გავიგეთ, რომ 11 სექტემბერს ცათამბჯენების დაბომბვა ხდებოდა და 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა...
სრული სპონტანურობით გადაღებულ ფილმებში „სტიგმატი“ არღვევს ყველანაირ კინო სტანდარტს, ყველანაირ მიღებულ ნორმას. არ არსებობს წინასწარ დაწერილი სცენარი, მიზანსცენა, კულმინაცია ან ფინალი. გიორგი ბუნდოვანი ამბობს, რომ ეს შეგნებულად კეთდება. მისი სიტყვებით, ისინი ამით საკუთარი ჟანრის დამკვიდრებას ცდილობენ, რასაც ფილმი-პოეზია ჰქვია... მინი არტფილმები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ვიდეოარტთან.
იმ ხუთიდან ერთ-ერთი ფილმი, სახელად „იავნანა“, ტყეშია გადაღებული. ფილმში, ავტორთა განმარტებით, 3 ქალი ცდილობს დააძინოს დიდი ბავშვი, რომელიც საკუთარი სექსუალური ენერგიის დემონსტრირებას ახდენს. ფილმში არ არის სიტყვები, მხოლოდ ქმედებაა. მოქმედი გმირები სხეულის ენით ურთიერთობენ ერთმანეთთან და მაყურებელთან.

”ამ ფილმში მთავარი არტისტი, მიხეილ გისტი, გამოყვანილია როგორც მამაკაცი, დიდი ბავშვი, რომელიც აბსოლუტურად არამართვადია და ახდენს საკუთარი სექსუალური ემოციის გამოვლინებას სხვადასხვა არტისტული მეთოდებით. ზოგადად ასე ვმოქმედებთ ჩვენ, იმ მთავარი კუნდალინის ენერგიის ტრანსფორმაციას ვახდენთ არტისტული აქტებით.”

ყველაფერი 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც საბავშვო ქალაქ „მზიურში“ პოეტები გიორგი ბუნდოვანი და მიხეილ გისტი პერფორმანსებს დგამდნენ. ერთ-ერთი პერფორმანსი 2001 წლის 1 სექტემბერს განხორციელდა.

”2001 წლის 11 სექტემბერს მიხეილ გისტმა მზიურ ქალაქში ცოცხლად დაიმარხა თავი, როგორც არტისტმა, და სრულიად მოულოდნელად საღამოს ჩვენ გავიგეთ, რომ 11 სექტემბერს ცათამბჯენების დაბომბვა ხდებოდა და 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რაღაც პარადოქსალური მოვლენა მოხდა. მაშინ მაგ დამარხვაში მეც ვიღებდი მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვემუშავა და დროთა განმავლობაში ჯგუფსაც ერთად ვკრავდით.”
ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული ადამიანების პროტესტი იმ საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ...

2005 წლიდან კი პერფორმანსების გადაღებები დაიწყო. თავიდან ფილმებს, რომელთა ხანგრძლივობა 5-დან 20 წუთია, მობილური ტელეფონით იღებდნენ, ახლა კი უკვე -ვიდეოკამერით. გიორგი ბუნდოვანი ამბობს, რომ ის უკვე ლექსებს აღარ წერს, ის სათქმელს კადრებით გადმოსცემს. ერთ-ერთ ასეთ მოკლემეტრაჟიან ფილმში მონაწილეობს პოეტი მარიკა ჟორჟოლიანი. ის ამბობს, რომ პოეზიის ენა მისი სხეულის ენამ შეცვალა:

”ეს არის ჩვენი შინაგანი ბუნების გამოხატულება. ჩვენ აქ პოეტები ვართ და ის, რისი გამოხატვაც ვერბალურად ვერ ხდებოდა, ან რისი აღქმაც ვერბალურად ვერ ხდებოდა, ის გადავიტანეთ სხეულის მოქმედებაში. ანუ ჩემი გონება გადაერთო ჩემს სხეულებრივ მოქმედებაზე.”

იმ ფილმების ნახვის შემდეგ, რომელთაც თავად ავტორები ანდერგრაუნდის საუკეთესო ტრადიციებით შექმნილს უწოდებენ, მაყურებელთა ნაწილს ასეთი შეფასება ჰქონდა:

”ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული ადამიანების პროტესტი იმ საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ. მათ ვერ შეძლეს ამ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ვერც შემოქმედებითად, ვერც პიროვნულად და აქვთ ისეთი პროტესტი, რომელიც ამ საზოგადოებისთვის ისევ გაუგებარია.”

”ვფიქრობ, რომ ისინი არიან მარგინალები, რომლებიც გარკვეული სოციალური გზავნილებით ცდილობენ საზოგადოებას გააგებინონ საკუთარი სურვილები და შეხედულებები და, ალბათ, ეს არის პროტესტი, რომელსაც ეს ადამიანები ქართული ყოფის მიმართ გამოხატავენ.”

იყვნენ ისეთებიც, რომელთაც „სტიგმატის“ მიერ გადაღებულ ფილმებს საკუთარი ლოგიკური ახსნა მოუძებნეს:

”თავიდან ფილმის ყურებას იწყებ იმ განწყობით, რომ ამ ფილმში არ არის არანაირი ლოგიკა, საერთოდ ვერ ხვდები რა უნდა მსახიობს და რის გადმოცემას ცდილობს, მაგრამ თუ შეეგუები იმ აზრს, რომ შენ აქ ესთეტიკური ტკბობისთვის კი არ მოდიხარ, არამედ ადამიანისთვის დამახასიათებელი, ალოგიკური, დაუწყობელი, ურთიერთმონაცვლე ემოციების სანახავად, მაშინ, შესაბამისად, თავად მაყურებელი ალაგებს ფილმზე საკუთარ აზრს და თავად არქმევს ფილმს საკუთარ სახელს.”

ჯგუფ „სტიგმატს“ 40-მდე ფილმი აქვს გადაღებული. მათი ნახვა დაინტერესებულ მნახველს მხოლოდ ორგანიზებულ ჩვენებებზე შეუძლია. საავტორო უფლების მიღების შემდეგ, შესაძლოა, ფილმები ინტერნეტსივრცეშიც გამოჩნდეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG