Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში მოისმინეს ომბუდსმენის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ


14 ივნისს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ისმენდნენ ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის დაახლოებით 400-გვერდიანი ანგარიშის მოკლე მიმოხილვას, რომელიც 2010 წელს არსებულ მდომარეობას ასახავს. ანგარიშში თავმოყრილია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებული ზოგადი ტენდენციები და ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები. 2010 წლის მოვლენების გარდა, სახალხო დამცველის ყურადღება 14 ივნისს საგანგებოდ გამახვილდა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფაქტზე. სახალხო დამცველის ანგარიშზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტთან და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ ინიცირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა პარასკევისთვის გადაიდო.

სახალხო დამცველის გამოსვლა სასჯელაღსრულების სისტემაში 2010 წელს შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო და ითქვა, რომ სწორედ ეს სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროს. თუკი არასრულწლოვან პატიმრებს ხელი მიუწვდებათ მათ რესოციალიზაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროგრამაზე, სრულწლოვან პატიმრებთან მიმართებით სისტემა ძირითადად ”იზოლაციასა და დასჯაზეა” ორიენტირებული:

”ზოგიერთ დაწესებულებაში, გადატვირთულობისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, გაუსაძლისი პირობებია და რიგ შემთხვევებში პატიმართა ამ დაწესებულებების განთავსება თავისუფლად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა.”

ამგვარ ფაქტებს საგამოძიებო ორგანო აკვალიფიცირებს არა როგორც წამების ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად ...
გადატვირთულობის პრობლემა სასჯელაღსრულების სისტემაში, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ისეთ მზარდ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მალე ყველა დაწესებულებაში იჩენს თავს. სახალხო დამცველის დასკვნით, ეს პრობლემა, დიდწილად, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით არის განპირობებული.

მართალია, 2005 წლის შემდეგ საქართველოში ზოგადად იკლო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებმა, მაგრამ ასეთი ტენდენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, 2009 წლის მსგავსად, შარშანაც განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდა დასავლეთ საქართველოში. ანგარიშში ასახულია ფაქტები, როდესაც სამართალდამცველები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ არასრულწლოვნებსაც. იმ ფაქტს, რომ დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ტენდენცია უკვე მეორედ ხვდება მის ანგარიშში, სახალხო დამცველი დაუსჯელობით ხსნის. ისევ კონკრეტული დამნაშავეების დაუსჯელობით აიხსნება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციების მხრიდან პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა და ის ფაქტი, რომ, სახალხო დამცველის თქმით, ზოგიერთ დაწესებულებაში პატიმრების ცემა ”ტრადიციადაც” კი იქცა”. სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულია გეგუთის დაწესებულებაში 2010 წლის თებერვალში მომხდარი ფაქტი, როდესაც მოშიმშილე პატიმრებს ძალით დაუპირისპირდა ადმინისტრაციის მიერ გამოძახებული სპეცრაზმი. ასევე სპეცრაზმის ძალადობრივ ჩარევაზეა საუბარი ქსნის მე-15 დაწესებულებაში 2010 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების აღწერისას.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ პროკურატურა ”ზერელედ ეკიდება” დაკავებული პირების წამებისა თუ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს. ზოგ შემთხვევაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება რამდენიმე კვირის დაგვიანებით, როცა დაზარალებულს დაზიანებები აღარ აღენიშნება:

დარღვევები უკავშირდებოდა გამოსახლების ვადებს, შეთავაზებული ალტერნატივების თაობაზე დევნილთა ინფორმირებულობას და კოტეჯების სანაცვლოდ კომპენსაციების მიღებას...
”ხშირ შემთხვევაში ამგვარ ფაქტებს საგამოძიებო ორგანო აკვალიფიცირებს არა როგორც წამების ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად. საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევებში მთავრდება საქმის შეწყვეტით ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით.”

ასევე გამოკვეთილ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო მომსახურების საკითხი. აღრიცხულია პატიმართა გარდაცვალების 142 შემთხვევა, საიდანაც დიდი წილი ტუბერკულოზით დაავადებულებზე მოდის.

სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა დევნილების პრობლემამ. კერძოდ, საუბარია 2010 წელს მიმდინარე განსახლება-გამოსახლების პროცესზე, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა აღმოაჩინა:

”დარღვევები უკავშირდებოდა გამოსახლების ვადებს, შეთავაზებული ალტერნატივების თაობაზე დევნილთა ინფორმირებულობას და კოტეჯების სანაცვლოდ კომპენსაციების მიღებას. რიგ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი ჰქონდა დევნილთა მიმართ არასათანადო მოპყრობას.”

ვიდეოჩანაწერებიდან თვალნათლივ ჩანს უკვე დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები...
სახალხო დამცველი ამბობს, რომ გადასახლებულ დევნილებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები და ამ კუთხით განსაკუთრებით გამოიყოფა, მაგალითად, ფოცხო-ეწერის პრობლემა, სადაც დევნილებს ხელი არ მიუწვდებათ ელემენტარულ სამედიცინო მომსახურებაზე.

სახალხო დამცველის 400-გვერდიან ანგარიშში ასახულია საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი კიდევ არაერთი პრობლემური საკითხი. ომბუდსმენმა საჭიროდ მიიჩნია, რომ 14 ივნისს დეპუტატებისთვის ასევე მიეწოდებინა ინფორმაცია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ფაქტთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენი არასანქცირებული აქციის დაშლის ლეგიტიმურ საფუძველზე საუბრობს, იქვე ხაზს უსვამს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა ფაქტებს:

”ვიდეოჩანაწერებიდან თვალნათლივ ჩანს უკვე დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. საუბარია კინოთეატრ რუსთაველიდან დაკავებულების გამოყვანის პროცესზე, როდესაც ხელბორკილდადებულ პირებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის თანამშრომლები. სახალხო დამცველისთვის ასევე ცნობილი გახდა დაკავებული პირების ცემის ფაქტები უკვე სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის შემდეგ. ეს ფაქტები შეეხება როგორც 26 მაისს, ასევე შემდგომ პერიოდს.”

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ, მართალია, მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება მიეცა, პარალელურად გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეუარცხყოფის მიყენების არაერთი ფაქტი. ისინი დააკავეს და დაუზიანეს ტექნიკა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და, შესაბამისად, გამოძიების დაწყების მოთხოვნა უკვე გაეგზავნა მთავარ პროკურატურას.

სახალხო დამცველის მიერ 14 ივნისს წარდგენილი ანგარიშის სიმწვავემ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში. უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ამ ანგარიშს უწოდა ”საბრალდებო დასკვნა”, გამოტანილი ცალკეული სახელმწიფო მოხელეების მისამართით. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა განემარტა სახალხო დამცველისთვის, რომ საანგარიშო პერიოდის შემდეგ ბევრი რამ უკვე გამოსწორდა ანდა გამოსწორების პროცესშია. უმრავლესობის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ გაგრძელდება მუშაობა ანგარიშში ასახულ საკითხებთან თუ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ფრაქცია „ქრისტიან- დემოკრატებმა“ უშედეგოდ წამოაყენა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. 22 ხმით 7-ის წინააღმდეგ ეს საკითხი პირველსავე კენჭისყრაზე ჩავარდა.

იმის გამო, რომ დღის ბოლოსთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზი თითქმის დაცარიელდა და აუცილებელი კვორუმი არ შედგა, კენჭისყრა ვერ მოხერხდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის ”ცნობად მიღებას” გულისხმობს. კენჭისყრა პარასკევისთვის გადაიდო. ასევე 17 ივნისს გაიმართება კენჭისყრა ხსენებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შენიშვნების პაკეტზე, რომელიც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ შეიმუშავა. ფრაქციას სახალხო დამცველის ანგარიშის ”ცნობად მიღება” არასაკმარისად მიაჩნია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG