Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა


საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუთშაბათს დილას საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, უნდა გამართულიყო "ქართული დასის" და თავისუფალი დეპუტატების მიერ ორგანიზებული შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიაექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა კი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად. რაღა თქმა უნდა, იყო საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, „ქართული დასიც“, დამოუკიდებელი დეპუტატებიც, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც და საუბარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც, თუმცა, აი, რომელი კომისიის შექმნაზე, ამ საკითხზე, როგორც ჩანს, საბოლოოდ თავად შეხვედრის ინიციატორებიც არ იყვნენ სავსებით ჩამოყალიბებულნი. აი, მაგალითად, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ზოგადად მედიაზე ზეწოლის ფაქტების საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით გამოვიდა:

”უკანასკნელი წლებია თავისუფალ მედიაზე ხორციელდება ზეწოლა. არაერთი ფაქტია ჟურნალისტების ცემის, ტელეკომპანიებსა და გაზეთების რედაქციებზე თავდასხმის”...

ჯონდი ბაღათურიას გვერდით მჯდომი, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი, დამოუკიდებელი დეპუტატი კარლო კოპალიანი კი კომისიის შექმნას 26 მაისის მოვლენების გამოსაძიებლად მოითხოვს:

კარლო კოპალიანი: ”შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც ჩაერთვებიან პროფესიონალები, ექსპერტები, იურისტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ დასკვნას იმისას, თუ რა მოხდა 26 მაისს.”

რადიო თავისუფლება: ”დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად საუბარია მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე...”

კარლო კოპალიანი: ”არა, არა, აქ საერთოდ საგამოძოებო კომისიის შექმნაზეა საუბარი. მედიაზე ზეწოლა ეს თავისთავად მოსდევს იმ სიტუაციას, რაც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი.”

შეხვედრას პირველი რესპუბლიკის დარბაზში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი თუ სხვადასხვა დარგის ექსპერტი ესწრებოდა. ერთ-ერთი მათგანი, მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, სრულიად ლოგიკურად კი მიიჩნევს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ასეთი კომისია პარლამენტში შეიქმნას.

კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი მორატორიუმის შექმნის იდეით გამოდის. ყველა სხვა საკითხმა უკანა პლანზე უნდა გადაინაცვლოს. საზოგადოებამ 26 მაისის მოვლენების გამოძიება ერთხმად უნდა მოითხოვოს, ამბობს ის:

”საქართველოს საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ, ყველა ორგანიზაციამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი, რომ ყველამ ერთხმად მოითხოვოს 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიება.”

გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე 26 მაისის ღამით მიყენებული დაზიანებების ფოტოილუსტრაციებითა და პლასტმასის იმ ე.წ. ხამუთებით შეიარაღებული მივიდა, რომლითაც მას სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებმა ხელები შეუკრეს. მან საკუთარი ვარაუდები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის დარბაზის ტრიბუნიდან გამოთქვა:

”აღნიშნული კომისია არათუ საგამოძიებო, არამედ კომისიის სახითაც კი არ შეიქმნება და თუ შეიქმნება, ამ კომისიის მიერ არაფერი არ იქნება გამოძიებული.”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლებასთან საგამოძიებო კომისიის განსხვავებულ ვარიანტზე საუბრობს. მისი აზრით, საგამოძიებო კომისიის წევრები სრულიად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ ყველა სახელმწიფო სამსახურისა და საბიუჯეტო დაფინანსებისაგან:

”კომისიის წევრები უნდა იყვნენ ნამდვილად დამოუკიდებელნი ყველა სახელმწიფო სამსახურისგან. ამ ქვეყანაში არიან ძალიან გამოცდილი, უკვე პენსიაზე გასული იურისტები, რომლებსაც შეგვიძლია ეს საქმე მივანდოთ და ისინი მას თავს სრულყოფილად გაართმევენ. უბრალოდ, პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება და მისცეს მათ მანდატი, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ეს საქმე სასამართლოში წარიმართოს”, - ამბობს ლია მუხაშავრია.

მისივე თქმით, უმჯობესია, თუკი ამ ეტაპზე შეიქმნება კონკრეტულად 26 მაისის მოვლენებზე ფოკუსირებული საგამოძიებო კომისია. და თუკი მოხერხდება გამოძიების სრულყოფილად წარმართვა, მხოლოდ მას შემდეგ იქნება გაცილებით ეფექტური უკვე სხვა ფაქტების გამოძიებაზე ზრუნვა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
XS
SM
MD
LG