Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო ფოჩხუას გამოფენა


ლადო ფოჩხუას ნამუშევარი პრაღის ბიენალეზე
ლადო ფოჩხუას ნამუშევარი პრაღის ბიენალეზე
”ნამუშევრები კრემერის ქუჩიდან” - ასე ჰქვია შეერთებულ შტატებში მცხოვრები მხატვრის, ლადო ფოჩხუას პერსონალურ გამოფენას, რომელიც ამ კვირაში გაიხსნა თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში.

”მე მსურდა ანონიმური ფოტოგრაფიისთვის ახალი ცხოვრების საშუალება მიმეცა და, ამავე დროს, არცთუ შორეულ წარსულში არსებული ხელოვნების დახმარებით, მომავალი განმესაზღვრა”, - აღნიშნა ნიუ-იორკში მცხოვრებმა მხატვარმა გამოფენის გახსნის წინ. თუ რას გულისხმობს ავტორი ”ანონიმურ ფოტოებში”, ამას მოგვიანებით მივხვდი, როცა ექსპოზიცია დავათვალიერე. ”ანონიმურია” ფოტო, რომელსაც არა აქვს მხატვრულობის პრეტენზია და რომელიც მას შემდეგ არსებობს, რაც ფოტოგრაფია გამოიგონეს - ადამიანები აღბეჭდავენ თავიანთ თავს დროში ან, უბრალოდ, დროს აღბეჭდავენ. მხატვრულობის პრეტენზია ამ სურათებს არა აქვთ და, შესაძლებელია, სწორედ ეს აერთიანებთ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოში გადაღებულ სურათებს. ლადომ ყველაზე ნეიტრალური ფოტოები შეარჩია - დახატა ისე, თითქოს მხოლოდ ასლი გააკეთა და ზომაში გაზარდა (ანუ ფოტოგრაფიულობის ილუზია შეინარჩუნა) და ასე საბოლოოდ გააერთიანა დრო და სივრცე.

მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილისთვის ეს გამოფენა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. არადა, როგორც თავად გვითხრა, მხატვარს იცნობს 90-იანი წლების დასაწყისიდან - მას შემდეგ, რაც ის სოხუმიდან ჩამოვიდა, როგორც ანა ამბობს, ”შეიძლება ითქვას, ფეხით”...

”ეს არის ხელოვანი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს, და განეკუთვნება იმ ადამიანების ჯგუფს, რომელთაც შეიძლება ”მცირერიცხოვანი” ვუწოდოთ. ოღონდ ეს არ არის ”მკვდარი ცოდნა”, რომელიც დევს თავისთვის.. ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი შტრიხი არის ანარეკლი ლადოს ცხოვრებისა”, - გვითხრა ანამ.

ლადო ფოჩხუას ცხოვრების ანარეკლი - ესაა დევნილობის გამოცდილება, მერე ცხოვრება თბილისში და ნიუ-იორკში გამგზავრება. სივრცე იცვლება, თუმცა, როგორც ანა კორძაია-სამადაშვილი ამბობს, მის ნამუშევრებში რაღაც ”პირველადი დრო და სივრცე” უფრო თამაშდება ხოლმე, ვიდრე ეს ცვლილება.

განათლება, ერუდიცია... - ლადო ფოჩხუას მეგობრები, მისი თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ იშვიათია ასეთი განათლებული ადამიანი (რაშიც დარწმუნდებით მხატვრის ვებგვერდზე თუ შეხვალთ და მის მოსაზრებებს გაეცნობით), მაგრამ, ანა კორძაია-სამადაშვილის თქმით, ისიც იშვიათია, მხატვრის ნამუშევარი ასე კარგად ახასიათებდეს მის ავტორს - რაც არ უნდა დახატოს ლადომ, ის ყოველთვის თავის თავს ხატავსო.

ლადო არასდროს ყოფილა სევდიანი მხატვარი, თუმცა, როგორც ანა ამბობს, ”პატარა კვანძივით” მის ნამუშევრებში სევდა ყოველთვის შეიმჩნეოდა. თავის ახალ გამოფენაზე, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში გაიხნა, უთქვამს, ”საკმაოდ ბნელი გამოფენააო” , თუმცა, ანა კორძაია-სამადაშვილის თქმით, სევდიან განწყობას აქ მხოლოდ ის ქმნის, რომ ეს უსაზღვრო და პირველადი სივრცე დაკარგულია და მხოლოდ ხელოვნებაში თუ შეიძლება წარმოიდგინო.

შეგახსენებთ, რომ ექსპოზიცია ლიტერატურის მუზეუმში 24 ივნისამდე იქნება გახსნილი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG