Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გჟეგოჟ სხეტინა: ”პოლონეთი გვერდით უდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც სეიმის თავმჯდომარე გჟეგოჟ სხეტინა ხელმძღვანელობს. ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, დავით ბაქრაძეს, რის შემდეგაც მათ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობები - ეს იყო ის საკითხი, რაზეც მხარეებმა შეხვედრისას განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება. როგორია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა პოლონელი მაღალჩინოსნების გადასახედიდან?

საქართველოს მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებულ ელფერს ის ფაქტი სძენს, რომ პირველი ივლისიდან პოლონეთი ექვსი თვის მანძილზე ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება - აი ეს პათოსი გასდევდა საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგს, რომელსაც საქართველოს მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პოლონეთის მხრიდან კი პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე გჟეგოჟ სხეტინა მასპინძლობდა.
ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვისურვებდით ჩვენ და ჩვენი პოლონელი მეგობრები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში...

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში კი ქვეყანას საშუალება აქვს მნიშვნელოვნად განსაზღვროს საბჭოს სამოქმედო გეგმა, რაც ევროკავშირის ფართო სტრატეგიაზე აისახება.

სწორედ საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობები იყო ის უმთავრესი საკითხი, რომელიც ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის გამოცხადებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შანსად მიიჩნევს.

”ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვისურვებდით ჩვენ და ჩვენი პოლონელი მეგობრები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, როდესაც პოლონეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქმნის გარკვეულ შესაძლებლობებს და შანსს, რომ დავაჩქაროთ ყველა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.
აღმოსავლური პარტნიორობისა და იმ ქვეყნების საკითხი, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, იქნება ძირითადი პრიორიტეტი...

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის გჟეგოჟ სხეტინას ვიზიტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ ვარშავაში დაიგეგმა. როგორც სეიმის თავმჯდომარემ ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ორივე მხარის სურვილი იყო, რომ ვიზიტი მანამ შემდგარიყო, სანამ პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას ჩაიბარებდა. პოლონეთი მუდამ იდგება საქართველოს გვერდით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, აღნიშნავს გჟეგოჟ სხეტინა. ის იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც პოლონეთისათვის ევროკავშირის თავმჯდომარეობისას განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება:

”აღმოსავლური პარტნიორობისა და იმ ქვეყნების საკითხი, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, იქნება ის ძირითადი პრიორიტეტი, რომელზეც პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს აქტიურად იმუშავებს.”

გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, საქართველოს რამდენიმედღიანი ვიზიტით სტუმრობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კშიშტოფ სტანოვსკი. ის რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ესტუმრა და, გარდა სხვადასხვა საკითხისა, იმ პერსპექტივაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეიძლება ჰქონდეს:

”აბსოლუტურად ნათელია და ეს ბევრჯერ ითქვა ჩვენი ოფიციალური პირების მიერ, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ეს მუდმივად ჟღერს, განურჩევლად პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობისა. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება და მიახლოება მათ სტრუქტურებთან საჭიროებს ხანგრძლივ და რთულ მოლაპარაკებებს და ასევე რთულ რეფორმებს. პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, თუმცა საქართველოს მხარემ უნდა გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული რეფორმები.”

კიდევ ერთი ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების არქივში ინახება, დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოში პოლონეთის ელჩთან, ურშულა დოროშევსკასთან არის ჩაწერილი. პოლონეთი სულ მალე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მის ხელში გაცილებით მეტი ბერკეტი აღმოჩნდება. რა შანსს აძლევს ეს ბერკეტები საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში? - ასე ჟღერდა კითხვა, რომელიც მას რადიო თავისუფლებამ დაუსვა.
ურშულა დოროშევსკა

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ევროკავშირის თავმჯდომარეობისათვის. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირში. თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ამ ბოლო დროს მთელი ევროპის ყურადღება მიიპყრო და ჩვენც, სავარაუდოდ, ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ რეგიონს ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს. ბრიუსელში ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხია მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ყოველთვის დავეხმარებით საქართველოს ამ მოლაპარაკებებში და, რა თქმა უნდა, მის დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან”, - ამბობს ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის ელჩი საქართველოში.
ისეთი სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში, როგორიც პოლონეთია, ვფიქრობ, ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და გაუმჯობესებაში დადებით როლს შეასრულებს...

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოსადმი განსაკუთრებული მეგობრობით გამორჩეული პოლონეთი იქნება, თუმცა ამ მიმართულებით ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე. ის იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც პოლონეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს საქართველოსთან მიმართებაში შეუძლია გადადგას.

”მას შეუძლია უფრო გაააქტიუროს საქართველოს თემა ევროკავშირის დისკუსიებსა და პოლიტიკაში, ზოგადად, და ასევე, არის რა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, შეუძლია ხელი შეუწყოს ჯანსაღი დიალოგის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისეთი სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში, როგორიც პოლონეთია, ვფიქრობ, ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და გაუმჯობესებაში დადებით როლს შეასრულებს”, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
XS
SM
MD
LG